ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor; Constrictor constrictor) — მახრჩობელა გველიმახრჩობელასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2-3 მ. (5,5, მეტრამდე). ზურგის მოხატულობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ არსებობს უამრავი ვარიანტი. მოძრაობისას, მზის სხივებზე მახრჩობელას კანი ელვარებს მეტალისებურად, ტალღისებურად და ცისარტყელასებრ ბზინავს. საცხოვრებელი არეალი ფართოა - დაწყებული მექსიკიდან, მთელი ტროპიკული და ეკვატორული ამერიკის გავლით, ცენტრალური არგენტინის რაიონებამდე. ამ ტერიტორიაზე მახეჩობელას 6 (10) ქვესახეობა ბინადრობს. უმეტესობა მათგანი გარეგნულად და ბიოლოგიური მონაცემებით ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ ადრე დამოუკიდებელ სახეობებად იყვნენ მიჩნეულნი.
არგენტინული მახრჩობელა (Boa constrictor occidentalis) ჩრდილო არგენტინის მშრალ სტეპებში.
ცხოვრების წესი
ჩვეულებრივი მახრჩობელას ცხოვრების წესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მაგ: ბრაზილიური ქვესახეობა (Boa constrictor constrictor) ხშირ ტყეებში ბინადრობს, კარგად დაცოცავს ხეებზე, ხშირად გვხვდება მდინარეებისა და ნაკადულების პირას, თუმცა წყალში არ ჩადის, შესაძლოა იმიტომაც, რომ ხსენებულ რაიონებში ბინადრობს და ნადირობს მწვანე ანაკონდა. საკვებს ძირითადად ხმელეთზე დაეძებს. იკვებება წვრილი ძუძუმწოვრებით, ხვლიკებითა და ფრინველებით. იმპერატორული მ. ბინადრობს როგორც ტყეებში, ისევე ბუჩქნარებში, მშრალ ადგილებში, მთების ფერდობებზე. არგენტინული მახრჩობელა კი საერთოდ არ ეკარება არც წყალს, არც ტყიან ტერიტორიებსა და უპირატესობას მშრალ, გაშლილ ლანდჩაპტებს ანიჭებს. ჩვეულებრივი მ. ხშირად გვხვდება ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს, სადაც მღრღნელებსა და ხვლიკებზე ნადირობს. ზოგიერთ რაიონში ეს გველი მოშინაურებულია და სახლში სპეციალურად ჰყავთ თაგვებისა და ვირთხების დასაჭერად.