ჩვეულებრივი კოწახური[1] (ლათ. Berberis vulgaris) — მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა. 3 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. აქვს სამად გაყოფილი ქაცვისებრი ეკლები (ნორჩ ტოტებზე ზედა ეკლები მარტოულია); თხელი, შიშველი, მწვანე ფერის ფოთლები, ფორმით – ელიფსურიდან მოგრძოლანცეტამდე, რომლებიც ფუძისკენაა შევიწროებული და კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ქვევით ჩამოკიდებული. ყვავილი ფერად ყვითელია. ნაყოფს ელიფსის ფორმა აქვს, ფერად წითელია, იშვიათად — ყვითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება ტყისპირა ადგილებში, ხეობებში, ბუჩქნარებში.[2]
ფშავში ეწოდება ეკალძმარა; ხევსურეთში — ესკალძმარა; რაჭაში — კვაწახური; მთიულეთში — კოწმახური; ჭანურად — კაწახური; მეგრულად — კორწოხული; სვანურად — გვაწხირ, გოწხირ.[1]
გალერეა
-
ყვავილებიანი ტოტი
-
ნაყოფი
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო