ფრანგული კონგო (ფრანგ. Congo français; 1903 წლიდან შუა კონგო) — საფრანგეთის კოლონიური სამფლობელო ცენტრალურ აფრიკაში, მდინარეების კონგოსა და კუილუს აუზში. შეიქმნა 1882 წლის 30 ნოემბერს, რასაც წინ უსწრებდა 1870-იანი წლებიდან ფრანგების გააქტიურება და შეღწევა მდინარე კონგოს აუზში, რომლებმაც 1879–1882 წლების ექსპედიციის დროს (მეთაურობდა პიერ სავორიან დე ბრაზა) მაკოკოს მმართველ ელო I-თან გააფორმეს ხელშეკრულება ფაქტორიების მშენებლობისა და მდინარის მარჯვენა სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილის ფრანგული პროტექტორატის ქვეშ გადასვლის თაობაზე.[1] ფრანგული კონგოს დედაქალაქი იყო ლიბრევილი.[2] 1883 წელს ლოანგოს სამეფოს მმართველთან დადებული ხელშეკრულებით, საფრანგეთის კონტროლი დამყარდა ატლანტის ოკეანის სანაპიროს ნაწილზეც. ფრანგული კონგოს საბოლოო საზღვრები განისაზღვრა 1884–1885 წლების ბერლინის კონფერენციაზე. 1888 წელს ხელისუფლებამ გაბონი და ფრანგული კონგო ერთ კოლონიად გააერთიანეს და უწოდეს „გაბონი და ფრანგული კონგო“ (1891 წლიდან „ფრანგული კონგო“).[1] 1903 წელს ფრანგული კონგოს შემადგენლობაში დაარსდა ოთხი კოლონია,[3] რომლებიც 1906 წელს გაერთიანდნენ ორ კოლონიაში — შუა კონგო (Moyen-Congo) და გაბონი. 1910 წელს ფრანგული კონგო გარდაიქმნა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის გენერალ-საგუბერნატოროდ.[2] მდინარე კონგოს აუზის კოლონიზაციას მტკიცე წინააღმდეგობა შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან; 1910, 1913 და 1928 წლებში ადგილი ჰქონდა მათ აჯანყებებს, რომელიც ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.[1]
სქოლიო