სერბეთის საფეხბურთო სუპერლიგა (სერბ.Суперлига Србије) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა სერბული კლუბებისთვის. წარმოადგენს სერბეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ჩემპიონატი დაარსდა 2006 წელს და მასში მონაწილეობას იღებს 16 გუნდი.
სუპერლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია ბელგრადის „პარტიზანი“, რომელმაც 8-ჯერ მოიგო ტურნირი. მოქმედი ჩემპიონია ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“.
ისტორია
სერბეთის საფეხბურთო კლუბები 1992 წლამდე იუგოსლავიის ჩემპიონატში იღებდნენ მონაწილეობას, სადაც იუგოსლავიის საუკეთესო გუნდები გამოდიოდნენ. 1991 წელს სლოვენიის და ხორვატიის კლუბებმა დატოვეს ჩემპიონატი და ჩამოაყალიბეს საკუთარი ლიგის სისტემა, 1992 წელს იგივე გაიმეორეს ბოსნია და ჰერცეგოვინამ და მაკედონიამ. 1992 წლიდან 2006 წლამდე, სერბეთის და მონტენეგროს კლუბები და მონაწილეობას იღებდნენ სერბეთის და მონტენეგროს ჩემპიონატში. 2006 წელს მონტენეგრომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარი ლიგის სისტემა შეიმუშავა. ამავე წლიდან ჩამოყალიბდა სერბეთის ჩემპიონატი და დაერქვა სერბეთის სუპერლიგა.