სარგონ აქადელი — აქადის მეფე ძვ. წ. 2369–2314 წლებში. სემიტური დინასტიის დამაარსებელი. ლეგენდის მიხედვით ხალხის დაბალი ფენიდან იყო გამოსული. მსახურობდა ქიშის მეფე ურზაბაბას კარზე. აქ მომხდარი არეულობით ისარგებლა და ქ. აქადში დამოუკიდებელი მეფე გახდა. მალე დაიპყრო ჩრდილოეთი შუამდინარეთი ქალაქ ქიშითურთ და გაილაშქრა სამხრეთ შუამდინარეთის მმართველ ლუგალზაგესის წინააღმდეგ. ძვ. წ. 2349 წელს დაამარცხა იგი და გააერთიანა მთელი შუამდინარეთი. შექმნა 5400 კაცისაგან შემდგარი მუდმივი ჯარი, რომელიც სახალხო ლაშქრის ბირთვს წარმოადგენდა. თავისი პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობოდა ეკონომიკურად მასზე დამოკიდებულ უაზნო მოხელეებსა და მსახურეულ არისტოკრატიას. სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა ტაძარიც. ფართოდ გაშალა საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები, ჩაატარა ეკონომიკური რეფორმა, შემოიღო ზომა წონის ერთიანი სისტემა, რამაც ხელი შეუწყო საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითარებას.
ლიტერატურა