სარა ბეტ ბარელისი (ინგლ.Sara Beth Bareilles; დ. 7 დეკემბერი, 1979, ეურეკა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მას გაყიდული აქვს სამ მილიონზე მეტი ალბომი და 15 მილიონზე მეტი სინგლი შეერთებულ შტატებში. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ორი გრემი, სამი ემის ნომინაცია და ორი Tony Awards. 2012 წლის თებერვალში VH1-მა სარა ბარელისი 100 საუკეთესო ქალ მუსიკოსს შორის დაასახელა.[1]
ადრეული ცხოვრება
ბარელისი დაიბადა და გაიზარდა ეურეკაში, კალიფორნია. მას ჰყავს ორი და, სტეისი და ჯენიფერი, და ნახევარდა, მელოდი.[2][3][4] ის არის იტალიური, ინგლისური, გერმანული, პორტუგალიური და ფრანგული წარმოშობის. მისი გვარი - ბარელისი - ფრანგულია. მან იცის იტალიური და ცხოვრობდა ბოლონიაში სწავლის დროს.[5] ბარელისი კათოლიეა. ის ბავშვობაში სწავლობდა სამრევლო სკოლაში. ის მღეროდა სკოლის გუნდში, Limited Edition. ასევე ის თამაშობდა ადგილობრივი თეატრის მუსიკალურ სპექტაკლებში.[6]
2002 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბარელისი მღეროდა ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. ბარელისმა 2004 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Careful Confessions. მუსიკოსმა ალბომის გამოშვებიდან მალევე დადო კონტრაქტი ხმისჩამწერ ლეიბლთან - Epic Records.[8] მან 2007 წელს გამოუშვა რიგით მეორე ალბომი Little Voice, რომელმაც მუსიკოსს აღიარება მოუტანა. 2007 წლის ივლისში Little Voice-მა დაიკავა პირველი ადგილი iTunes-ის ჩარტში. ალბომის დებიუტი შედგა 45-ე ადგილზე ბილბორდ 200-ის ჩარტში. ალბომში შედის ჰიტ სინგლი „Love Song",[9] რომელიც გავიდა მეოთხე ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში და მოიპოვა გრემის ნომინაცია წლის სიმღერის კატეგორიაში.[10]2010 წელს Little Voice-მა მიიღო RIAA-ის პლატინის სერტიფიკატი 1 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვისთვის. ალბომი ჩარტში მე-7 ადგილზე გავიდა. ამასთანავე, „Love Song"-მა მიიღო სამმაგი პლატინის სერტიფიკატი.[11]
2010 წელს მან გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი Kaleidoscope Heart,[12] რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე გავიდა.[13]2013 წელს მან გამოუშვა თავის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი The Blessed Unrest.[14][15] მუსიკოსმა მიიღო გრემის ნომინაცია წლის ალბომის კატეგორიაში.
2015 წელს შედგა მუსიკოსის დებიუტი ბროდვეიზე, მიუზიკლში Waitress.[16] მან მიიღო ნომინაციები ტონის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური სპექტაკლისთვის და გრემის ჯილდო საუკეთესო მუსიკალური თეატრის ალბომისთვის. მუსიკოსმა 2015 წელს გამოუშვა მიუზიკლის ალბომი What's Inside: Songs from Waitress.[17]2016 წელს ბროდვეის მიუზიკლში, SpongeBob SquarePants, თამაშისთვის მან მიიღო ტონის ჯილდოს ნომინაცია. 2018 წელს მუსიკოსმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა მარიამ მაგდალინელის როლისთვის NBC-ის მუსიკალურ შოუში Jesus Christ Superstar Live in Concert. ამ როლისთვის იგი ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე, მოკლემეტრაჟიან სერიალში ან ფილმში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლის კატეგორიაში. ასევე 2018 წელს ის ჯოშ გრობანთან ერთად 72-ე Tony Awards-ის წამყვანი იყო, რისთვისაც მან მოიპოვა კიდევ ორი ემის ნომინაცია.
2020 წლის 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბარელისი ითამაშებდა Peacock-ის ახალ მუსიკალურ კომედიაში Girls5eva. 2021 წლის 6 მაისს, Girls5eva-ის პირველი სეზონის რვა ეპიზოდი გამოვიდა Peacock-ზე.[20]
პირადი ცხოვრება
სარა ბარელისი კარიერის დასაწყისში ხვდებოდა ხავიერ დანთს 2013 წლამდე.[21][22][23]2015 წლის აგვისტოში, მან გაიცნო მსახიობი ჯო ტიპეტი და მოგვიანებით მათ დაიწყეს ურთიერთობა.[24][25][26][27]2023 წელს ისინი დაინიშნნენ.
ბარელისი საკუთარ თავს „ნამდვილ ფემინისტად" თვლის და ამბობს: „არა მგონია, რომ ფემინისტობა რაიმეს სიძულვილთან იყოს დაკავშირებული. ეს არის ქალების მნივნელობის აღნიშვნა. ინტელექტუალ ქალებს უბრალო სექს-სიმბოლოებად აღიქვამენ“.[28] ბარელისი არის ლგბტქ+ საზოგადოების მხარდამჭერი, რის შესახებაც მან გამოუშვა სინგლი „Brave“.[29][30]