პარიზისა და (ამერიკის) კოლამბიის უნივერსიტეტებში იურისპრუდენციის სწავლის დასრულების შემდეგ იგი პარიზში (1951 წლიდან) დაუშვეს ვექილად. 1965 წელს მან დააფუძნა სადვოკატო საზოგადოება თავის რამდენიმე მეგობართან და პარტნიორთან ერთად, სადაც 1981 წლამდე მუშაობს. 1966 წელს რობერ ბადენტერი პროფესორი გახდა და ასწავლის დიჟონში, ბესანსონსში, ამიანსა და სორბონში . 1994 წლიდან არის ემერიტირებული.
1972 წლის ივნისში რობერ ბადენტერი მარცხს განიცდის სასამართლოს წინაშე და საკუთარი კლიენტის როჟერ ბონტემის სიკვდილის დასჯის მოწმე ხდება. როჟერ ბონტემს მის
თანამზრახველ კლოდ ბუფესთან ერთად ბრალად დასდეს ორი მძევლის მკვლელობა ციხიდან გაქცევის მცდელობის მიზნით, მიუხედავად იმ მტკიცებულებისა, რომ ბონტემს მკვლელობა არ ჩაუდენია. რობერ ბადენტერი იწყებს გამოსვლას მკვეთრი კრიტიკით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ამიერიდან ის იცავს ხშირად იმ ბრალდებულებს, რომელთაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, რის გამოც მას ჟურნალისტებმა მეტსახელად „ბატონი აბოლიციაც“ (გაუქმება) შეარქვეს.
1977 წლის ივნისში საზოგადოებრივი ზეწოლის მიუხედავად მან სასამრთლოს წინაშე შთამბეჭდავი გამოსვლით იმას მიაღწია, რომ ბავშვის მკვლელ პატრიკ ანრის სიკვდილით დასჯის ნაცვლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
სიკვდილით დასჯის გაუქმება
1981 წელს საარჩევნო კამპანიის დროს ფრანსუა მიტერანმა პირობა დადო, რომ სიკვდილით დასჯას გააუქმებდა. მიტერანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რობერ ბადენტერი, რომელიც მას ორივე საარჩევნო კამპანიაში (1974 და 1981 წლებში) ეხმარებოდა, იუსტიციის მინისტრად დანიშნა. 1981 წლის 18 სექტემბერს იგი სიტყვით გამოვიდა ეროვნული კრების წინაშე და ხმათა ¾–ის მეტობით სიკვდილით დასჯის გაუქმებას მიაღწია. ამ გამოსვლაში მან გამოთქვა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი (საფრანგეთის) უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას:
„„Utiliser contre les terroristes la peine de mort, c'est, pour une démocratie, faire sienne les valeurs de ces derniers.“ „დემოკრატია, რომელიც ტერორისტებს სიკვდილის დასჯით უსწორდება, ითვისებს ამ უკანასკნელთა ფასეულობებს.““
რობერ ბადენტერი1981 წლის 23 ივლისიდან 1986 წლის 18 თებერვლამდე იუსტიციის მინისტრია.
მისი მინისტრობის დროს გაუქმდა ე.წ. "Cour de sûreté de l'État", ერთგვარი საგანგებო სასამართლო „სახელმწიფოსთვის საშიშ“ სისხლის დამნაშავეთათვის.
მან განახორციელა, ან ხელი შეუწყო სხვა იმ რეფორმათა განხორციელებას, რომლებიც იუსტიციის სფეროში კანონის წინაშე თანაბარუფლებიანობასა და სამოქალაქო თავისუფლებებს განამტკიცებდნენ. 1986 წლის მარტში ფრანსუა მიტერანმა იგი დაასახელა საკონსტიტუციო საბჭოს (Conseil constitutionnel) პრეზიდენტად, რომლის მოვალეობასაც იგი 1995 წლის მარტამდე ასრულებდა.
1995 წლის 24 სექტემბრიდან რობერ ბადენტერი ოტ დე სენის დეპარტამენტის სენატორია, სადაც იგი 2004 წელს ხელახლა აირჩიეს.