ჟან-პოლ სარტრი (ფრანგ.Jean-Paul Sartre [ ʒã pol saχtχ]) (დ. 21 ივნისი, 1905, პარიზი, საფრანგეთი — გ. 15 აპრილი, 1980, იქვე) — ფრანგი ეგზისტენციალისტიფილოსოფოსი, დრამატურგი, ნოველისტი, პოლიტიკური აქტივისტი, ბიოგრაფი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი. მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის, ეგზისტენციალიზმის და მარქსიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. სარტრიზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს, მარტინ ჰაიდეგერმა და ედმუნდ ჰუსერლიმ. სხვადასხვა სფეროებზე: მარქსისტულ ფილოსოფიაზე, სოციოლოგიაზე და ლიტერატურულ კვლევებზე, სარტრის ნამუშევრები დღემდე დიდ გავლენას ახდენენ. სარტრი ასევე ცნობილია ავტორთან და სოციალურ თეორისტთან, სიმონა დე ბოვუარისთან მისი ხანგრძლივი ურთიერთობით. 1964 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, თუმცა მან ჯილდოზე უარი განაცხადა.
ბიოგრაფია
ჟან-პოლ-შარლ-ელიმარ სარტრი (ფრანგ.Jean-Paul Charles Aymard Sartre) დაიბადა 1905 წლის 21 ივნისსპარიზში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მამა სამხედრო პირი იყო, დედა კი — ალზასელი პროფესორების, შვაიცერების, ოჯახის შვილი. პატარა სარტრის დაბადებიდან ცოტა ხანში მამა ყვითელი ციებით გარდაიცვალა. მამის ადგილი დაიკავა მკაცრი და ავტორიტეტული ხასიათის ბაბუამ, რომელიც ზრუნავდა შვილიშვილის განათლებაზე სკოლაში შესვლამდე. 1907-დან 1917 წლამდე პატარა „პულუ“ (ასე უწოდებდნენ სარტრს ბავშვობაში) დედის მშობლებთან ცხოვრობდა, სადაც მას ანებივრებდნენ და ყველა სურვილს უსრულებდნენ. ამან ბავშვში ერთგვარი ნარცისიზმი განავითარა. შვეიცერების დიდ ბიბლიოთეკაში სარტრი ადრევე აღმოაჩენს ლიტერატურას და თანატოლებთან თამაშს კითხვას ამჯობინებს.
1917 წელს სარტრის დედა მეორედ გათხოვდა კაცზე, რომელიც ჟან-პოლს სიცოცხლის ბოლომდე სძულდა. ისინი ლა როშელში გადადიან საცხოვრებლად, სადაც სარტრი 15 წლის ასაკამდე დარჩება. 1921 წელს ბავშვი ავად გაახდა და სასწრაფოდ პარიზში გადაიყვანეს, სადაც დატოვეს კიდეც სასწავლებლად ლიცეუმში.
ლიცეუმში სარტრი გაიცნობს და დაუმეგობრდება პოლ ნიზანს. ამ პერიოდში წერს ორ პატარა მოთხრობას, რომლებშიც საზოგადოებრივი პირობითობებით გაჯერებულ ცხოვრებაზე ირონიითაა ლაპარაკი. ლიცეუმში 2 წლის სწავლის შემდეგ სარტრი და ნიზანი უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში ჩაირიცხებიან. აქ სარტრი გამოირჩევა თავისი პროვოკატორულობით, მორალური ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლით. გარდა ამისა, იგი ძალიან დიდ შრომისმოყვარეობასაც იჩენს.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პირველი 4 წლის მანძილზე სარტრი არ ინტერესდება პოლიტიკით. იგი სპონტანური ანარქისტია და არც ერთ მანიფესტაციაზე არ დადის.
1928 წელს იგი გაიცნობს სიმონა დე ბოვუარს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მისი კომპანიონი იქნება. 1929 წელს იგი ჩააბარებს ფილოსოფიაში საკნდიდატო გამოცდას და ფილოსოფიის პროფესორად ინიშნება ჰავრში, შემდეგ კი პარიზში.
1938 წელს გამოდის მისი პირველ რომანი გულისრევა, რომელიც ლიტერატურულ მოვლენად იქნება შეფასებული.
1942 წელს სარტრი თავს ანებებს მასწავლებლობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი პოლიტიკით იტერესდება. 1945 წელს აარსებს ჟურნალს les temps modernes, რომლის მთავარი მიზანი არის ბურჟუაზიული საზოგადოების ტრანსფორმირება. იგი გამოდის ალჟირის ომისა და გენერალი დე გოლის, 1968 წლიდან კი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ.
ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა 1980 წლის 15 აპრილს. 50 000 ადამიანი მიაცილებდა მის ნეშტს. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.
შემოქმედება
ფილოსოფია
სარტრის შემოქმედებაში მთავარი მისი ფილოსოფიაა. ეს არის ეგზისტენციალიზმი, რომლის მთელი აზრი სარტრთან ერთ ფრაზაშია მოქცეული: „არსებობა წინ უსწრებს არსს.“ ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემდეგ განსაზღვრავს თავის თავს. არ არსებობს არანაირი წინასწარ გასაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია. ასე რომ, სარტრის ფილოსოფია მოქმედებისკენ მიისწრაფვის. არჩევანის გაკეთებას სარტრთან ანგაჟირება ეწოდება. სანამ ამას გააკეთებს, ადამიანი მხოლოდ არსებობაა, ანუ en-soi, ხოლო როცა იწყებს მოქმედებას, ხდება pour-soi. მაგრამ ეს უკანასკნელი, ანუ თავისივე შექმნილი სამყარო საფრთხეში ვარდება, როცა იგი გარდაიქცევა სხვათა დაკვირვების ობიექტად. აქედან გამომდინარეობს სარტრის ცნობილი ფრაზა: „ჯოჯოხეთი სხვებია.“ ამდენად, ადამიანი მუდმივ საფრთხეშია, ჩაკეტილია საკუთარ თავში იმის შიშით, რომ სხვები მას გაანადგურებენ.