პელელიუს შტატი (ინგლ.Peleliu) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულბაბელდაობის სამხრეთ-დასავლეთით. შტატის ფართობია 13 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 484 ადამიანს,[1][2] რაც ქვეყანაში მესამე მაჩვენებელია. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია კლოულკლაბედი. შტატის შემადგენლობაში ყველაზე დიდ პელელიუს კუნძულთან ერთად შედის რამდენიმე მომცრო კუნძული. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე მიმდინარეობდა ცნობილი ბრძოლა პელელიუსთვის.
გეოგრაფია
შტატის ყველაზე უფრო დიდი კუნძული პელელიუ მდებარეობს დაახლოებით 10 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ანგაურიდან და 40 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით კუნძულ კორორიდან. შტატის ფართობია 13 კმ². 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 484 ადამიანს, რაც ქვეყანაში მესამე მაჩვენებელია. შტატის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს შტატის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ კლოულკლაბედში, რომელიც შტატის ადმინისტრაციული ცენტრია. შტატში ადმინისტრაციული ცენტრის ჩათვლით სულ 4 სოფელია.
ისტორია
პირველი ევროპელი სტუმარი კორორის, ბაბელდაობის და პელელიუს კუნძულებზე იყო რუი ლოპეს დე ვილიალობოსისესპანური ექსპედიცია 1543 წლის იანვრის ბოლოს. ეს სამი კუნძული ექსპედიციამ რუკაზე დაიტანა, როგორც Los Arrecifes (ესპანურად — რიფები).[3] 1710 წლის ნოემბერში და დეკემბერში ეს სამი კუნძული პატარა აფრიანი გემ Santísima Trinidad-ით ხელახლა მოინახულა და გამოიკვლია ესპანურმა მისიონერულმა ექსპედიციამ სერჟანტ-მაიორ ფრანსისკო პადილიას ხელმძღვანელობით. ორი წლის შემდეგ კუნძულები დეტალურად შეისწავლა ესპანურმა ექსპედიციამ საზღვაო ოფიცერ ბერნარდო დე ეგოის მეთაურობით.[4] 1899 წელს ესპანეთ-ამერიკის ომშიესპანეთის დამარცხების შემდეგ მან პალაუ მიჰყიდა (პელელიუს ჩათვლით) გერმანიას, ხოლო 1914 წელს პალაუს კუნძულების მართვა გადავიდა იაპონიის ხელში.
მეორე მსოფლიო ომის დროს, პელელიუსთვის ბრძოლაში მოხდა დიდი დაპირისპირება ერთის მხრივ აშშ-ს საზღვაო-ფეხოსან ჯარებს და აშშ-ს ჯარებსა და მეორეს მხრივ იაპონიის საიმპერიო ჯარებს შორის. ბრძოლები კუნძულისათვის საკმაოდ სამკვდრო-საციცოცხლო აღმოჩნდა, რადგან ამ დროისთვის იაპონელმა სამხედროებმა კუნძული გადააქციეს მძლავრ გამაგრებულ ზონად, თავისი კლდეებით და გამოქვაბულებით, რამაც ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ბრძოლებში დაიღუპა 2000-ზე მეტი ამერიკელი და 10 000 იაპონელი ჯარისკაცი, მაგრამ ყველას გასაკვირად, ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობაში მსხვერპლი ფაქტობრივად არ ყოფილა, რადგანაც მოხდა მათი ევაკუაცია საბრძოლო მოქმედებების ადგილიდან პალაუს სხვა კუნძულებზე.
იმ ეპოქის ბევრი სამხედრო ნაგებობების ნანგრევები, როგორიცაა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, დღესაც ხელუხლებელია, ხოლო ბრძოლების დროს ჩაძირული გემები დღესაც სჩანს წყლის ქვეშ სანაპიროს მახლობლად. კუნძულზე დგას ძეგლები, როგორც დაღუპული ამერიკელი, ისევე დაღუპული იაპონელი ჯარისკაცების პატივსაცემად. პალაუს არქიპელაგში ამერიკელმა სამხედროებმა მოახერხეს მხოლოდ პელელიუს და ანგაურის კუნძულების ოკუპაცია. დედაქალაქი კორორი იაპონელთა ხელში დარჩა მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე.
პელელიუს კუნძული 1947 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მოექცა წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის შემადგენლობაში აშშ-ის მმართველობის ქვეშ. 1994 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა პალაუს დამოუკიდებლობა და პელელიუ გახდა შტატი ახალ ქვეყანაში. 2014 წლის აგვისტოში, პელელიუში შედგა წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის 45-ე სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის 15 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა.[5]