წლის ქალი ჟურნალ Glamour-ის მიხედვით (შადა ნასერთან ერთად)
ნუჯუდ ალი (არაბ.نجود علي; დ. 1998, ხარჯი, იემენი) — ბავშვების ძალდატანებით ქორწინების წინააღმდეგ მიმრთული მოძრაობას ლიდერი იემენში. 10 წლის ასაკში დაარღვია უძველესი ტრადიცია და განქორწინდა.[1][2]2008 წლის ნოემბერში, ქალთა ამერიკულმა ჟურნალმა Glamour-მა, ნუჯუდ ალი და მისი ადვოკატი შადა ნასერი წლის ქალებად დაასახელა.[2][3] გოგონას გამბედაობა შეაქეს ისეთმა ცნობილმა ქალებმა, როგორებიც არიან ჰილარი კლინტონი და კონდოლიზა რაისი.[4]
ალის ადვოკატი, შადა ნასერი (დ. 1964) — ფემინისტი და ადამიანის უფლებათა სპეციალისტი, რომლის ჩრთულობით გოგონას საქმე ასე გახმაურდა.[3][5] ნუჯუდმა, ფრანგ ჟურნალისტ დელფინ მინუისთან ერთად დაწერა წიგნი სახელწოდებით „მე ნუჯუდი ვარ, 10 წლის და განქორწინებული“.
ბიოგრაფია
ნუჯუდ ალი ცხრა წლის იყო, როდესაც მშობლებმა საქორწინო გარიგება დადეს ფაეზ ალი თამერთან, 30 წლის კაცთან.[6] მეუღლის ნათესავების მიერ მუდმივი ცემისა და ქმრის მიერ გაუპატიურების უამრავი შემთხვევის შემდეგ, ქორწილიდან ორ თვეში, 2008 წლის 2 აპრილს, ნუჯუდი სახლიდან გაიქცა. მამამისის მეორე ცოლის რჩევით, ნუჯუდი პირდაპირ სასამართლოში გაემართა, განქორწინების მისაღებად. ნახევარდღიანი ლოდინის შემდეგ, გოგონა მოსამართლე მოჰამედ ალ-ღადამ შენიშნა და მისთვის თავშესაფრის მიცემა საკუთარ თავზე აიღო. ამასთან ერთად პატიმრობა შეუფარდა მამამისსა და ქმარს.[7]
შადა ნასერი დათანხმდა ნუჯუდის ადვიკატობაზე.[5] იემენის კანონი იმ დროისათვის კრძალავდა ქორწინებას 15 წლამდე ბავშვებზე, თუმცა, მშობლებს ჰქონდათ უფლება გაეთხოვებინათ ქალიშვილები ამ ასაკამდეც მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, რომ ბავშვებს შორის ინტიმური კავშირი დამყარდებოდა მაშინ, როდესაც ორივე მზად იქნებოდა. სასამართლოში ნასერი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქორწინების კანონი მკაცრად დაირღვა, რამეთუ ნუჯუდი ძალადობის მსხვერპლი იყო.[3] ალიმ უარყო სასამართლოს შემოთავაზება, რომ სამი-ხუთი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნებოდა ქმარს[3] და 2008 წლის 15 აპრილს[8] მიიღო განქორწინება.[3]
2008 წლის შემოდგომაზე, გოგონა სკოლას დაუბრუნდა იმ მიზნით, რომ ერთ დღეს თავადაც გახდებოდა ადვოკატი.[9] ალის მემუარები გამოქვეყნდა 2009 წელს. წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარებოდა მის სწავლას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან ნუჯუდი გაკვეთილებს რეგულარულად ვერ ესწრებოდა.[10]2009 წლის მარტში, სწორედ მაშინ, როდესაც ალი ქალთა მსოფლიო დაჯილდოების ცერემონიას უნდა დასწრებოდა ვენაში, გოგონას პასპორტთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მედია ვარაუდობდა, რომ ამ ფაქტის მიღმა ნუჯუდის ოჯახი იდგა.[11]
მემუარის ინგლისური ვერსია, 2010 წელს გამოქვეყნდა. წიგნს გამოხმაურება მოყვა New York Times-ის ჟურნალისტის, ნიკოლას კრისტოფისაგან. მან შეაქო ალი იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერება აამაღლა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ტერორიზმი, პოლიგამია, ბავშვთა ქორწინება და სხვა. აგრეთვე აღნიშნა, რომ „ნუჯუდისნაირი პატარა გოგონები, უფრო ეფექტიანი მეთოდია ტერორიზმთან საბრძოლველად, ვიდრე ნებისმიერი რაკეტა“.[12]
2013 წელს, ალიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მამამისმა აიძულა სახლიდან წასვლა და გამოცემლებისგან მიღებული ფულის უმეტესი ნაწილი თვითონ დაიტოვა. haaretz.com-ის მიხედვით, მამამისმა ასევე ასაკით გაცილებით უფროს კაცზე გარიგებით გაათხოვა ნუჯუდის უმცროსი და ჰაიფა. მანვე ნუჯუდის განათლებისთვის განკუთვნილი ფული გამოიყენა თავისთვის ორი ახალი ცოლის საყიდლად. ალის ყოფილი ქმარი, ალიმენტის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 30$-ს იხდის.
2015 წლის ივნისში, 16 წლის ნუჯუდმა არაოფიციალურად შეიცვალა სახელი. ნუჯუდი, რომელიც „დამალულს“ ნიშნავს, გადააკეთა ნოჯუმად, რაც „ცაზე ვარსკვლავებს“ ნიშნავს.[13]
Huffington Post-ის მიხედვით, ალი 2014 წელს გათხოვდა და ახლა ორი გოგონა ჰყავს. მას არ აქვს იმ დონის განათლება მიღებული, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, რადგან თვითონვე განაცხადა უარი სკოლაში სიარულზე.[14]