მუჰამედ იუნუსი (ბენგ. মুহাম্মদ ইউনুস; დ. 28 ივნისი, 1940, ჩიტაგონგი, ბრიტანეთის ინდოეთი) — ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომიკის პროფესორი. დააფუძნა და განავითარა მიკროკრედიტის კონცეფცია - მცირე სესხების გაცემა ღარიბ მეწარმეებზე, რომლებიც ტრადიციულ საბანკო სესხებზე მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. ამ პრინციპით დააფუძნა გრამინ ბანკი, მიკროდაფინანსებისა და მიკროკრედიტაციის პიონერი. 2006 წელს იუნუსი და ბანკი ერთობლივად დაჯილდოვდნენ ნობელის მშვიდობის პრემიით, ქვემოდან ეკონომიკური და სოციალური განვითარების წარმოქმნისათვის. მიღებული აქვს ასევე რამდენიმე სხვა საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მსოფლიო სასურსათო პრემია. ავტორია წიგნის „ბანკირი ღარიბთათვის“, ასევე არის გრამინის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრი.
2008 წელს მეორე ადგილზე გავიდა Foreign Policy-ის სიაში „100 გლობალური მოაზროვნე“.
ბიოგრაფია
მუჰამედ იუნუსი დაიბადა 1940 წლის 28 ივნისს მუსულმანი იუველირის ოჯახში სოფელ ბატუაში, რომელიც მდებარეობს ბენგალიაში, ჩიტაგონგის სიახლოვეს. მისი ოჯახი შედგებოდა ცხრა და-ძმისაგან, რომელთაგან იუნუსი იყო მეოთხე შვილი[21]. ადრეული ბავშვობა მუჰამედმა სოფელში გაატარა, მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჩიტაგონგში და მუჰამედი ადგილობრივი სკოლის მოსწავლე გახდა[22]. შემდეგ მან მისაღები გამოცდები ჩააბარა ჩიტაგონგის პრესტიჟულ კოლეჯის სკოალში, აღმოსავლეთ პაკისტანის 39 ათასი სტუდენტიდან აჩვენა მე-16 შედეგი[22]. ჩიტაგონგის სკოლაში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სკაუტების მოძრაობაში, მოგზაურობდა ინდოეთში, დასავლეთ პაკისტანში. კანადაში ეწვია მსოფლიო სკაუტურ აქციას[22]. სკოლის შემდეგ მუჰამედი სწავლობდა ჩიტაგონგის კოლეჯში, ხოლო 1957 წელს შევიდა დაკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.
სწავლების დასრულების შემდეგ იუნუსი, როგორც ასისტენტი მუშაობდა ისეთ ცნობილ ეკონომისტებთან, როგორიცაა ნურულ ისლამი და რაჰმან სობჰანი. 1961 წელს დაიწყო ლექციების კითხვა ჩიტაგონგის კოლეჯში, გახსნა შეფუთვების კომპანია. 1965 წელს იუნუსმა მიიღო ფულბრაიტის პროგრამის პრესტიჟული სტიპენდია, რათა სწავლა გაეგრძელებინა აშშ-ში, სადაც 1971 წელს დაასრულა ვანდერბილტის უნივერსიტეტი, ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხით. 1970-1972 წლებში იყო ტენესის შტატის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. ამის შემდეგ დაიკავა ჩიტაგონგის უნივერსიტეტის ეკონომიკური დისციპლინების პედაგოგის თანამდებობა. 1976 წლიდან მუჰამედ იუნუსი გახდა უნივერსიტეტის განვითარების პროექტის მენეჯერი.
1976 წელს მუჰამედ იუნუსი დაბრუნდა სამშობლოში — ბანგლადეშში. ერთ-ერთი გაღატაკებული სოფლის მონახულებისას მან აღმოაჩინა, რომ მისი მოსახლეობა ვერ ახერხებდა სიღარიბისგან თავის დაღწევას ადგილობრივი ფულის გამსესხებლების გამო, რადგან მათ სესხები გასცეს ისეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით და ისეთი მოკლევადიანი პერიოდით, რომ გლეხებს არ ჰქონდათ დრო, მოეხდინათ საქონლის რეალიზაცია ბაზარზე. შედეგად ისინი იძლებულები გახდნენ საქონელი თავიანთ კრედიტორებზე გაეყიდათ დაბალ ფასად. იუნუსმა გადაიხადა ღარიბი გლეხების დავალიანება და თავად დაიწყო მათზე სესხების გაცემა — მცირე რაოდენობით, მცირე პროცენტით და ყოველგვარი გირაოსა და გარანტიის გარეშე. ბევრი თლიდა, რომ იუნუსის მოქმედება კეთილშობილური ქმედება იყო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ სესხის განაკვეთი სამ პტროცენტზე ნაკლები იყო[23]. ამგვარად, მუჰამედ იუნუსმა შეიმუშავა მიკრო კრედიტის კონცეფცია და შექმნა საკუთარი Grameen Bank-ი, რომლის გენერალური დირექტორიც გახდა 1983 წელს. 1996 წელს გახდა ბანგლადეშის მთავრობის მრჩეველი. 2006 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია მის მიერვე განხორციელებული წარმატებული სოციალური და კომერციული პროექტებისათვის.
2017 წელს მუჰამედ იუნუსი იყო მსოფლიოს იმ ცნობილ და გავლენიან ადამიანებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილს, რომელშიც მოითხოვდნენ მიეღოთ შესაბამისი ზომები მიანმარში როჰინჯების რეპრესიების გამო[24].
პოლიტიკური აქტიურობა
2024 წლის ბანგლადეშის საპროტესტო აქციების ფონზე, იუნუსმა მხარი დაუჭირა სტუდენტურ მოძრაობას და დაუპირისპირდა მთავრობას, ხოლო 2024 წლის აგვისტოში, შეიხ ჰასინას გადადგომისა და ინდოეთში მისი გაქცევის შემდეგ გამოაცხადეს, რომ იუნუსი იქნებოდა დროებითი მთავრობის მეთაური.[25][26]
2024 წლის 7 აგვისტოს პრეზიდენტმა მუჰამედ შაჰაბუდინმა იუნუსი დროებითი მთავრობის გარდამავალ ლიდერად დანიშნა.[27]
კრიტიკა
მუჰამედ იუნუსის იდეები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. The Guardian-ის მიმომხილველმა მადლენ ბანტინგმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დასვა შეკითხვა, იყო თუ არა მიკრო ფინანსები „ნეოლიბერალური ზღაპარი“. მან აღმოაჩინა, რომ უმეტეს შემთხვევაში, მსესხებლების მიერ მიღებული თანხა არ იხარჯებოდაა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისთვის, არამედ იგი მიდიოდა ქორწილებზე, დაკრძალვებზე, განათლებაზე ან მკურნალობაზე[28].
AntiCSR-ი აღნიშნავდა, რომ რამდენიმე ფირმა საკუთარ თავს უწოდებს „სოციალურს“, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ იყო. ბევრი ცდილობს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მოპოვებას[29].
პირადი ცხოვრება
1967 წელს ვანდერბილტის უნივერსიტეტში სწავლის დროს, მუჰამედ იუნუსმა გაიცნო ვერა ფოროსტენკოი, რუსი ემიგრანტების შვილი ნიუ-ჯერსიდან, რომელიც უნივერსიტეტში რუსულ ლიტერატურას სწავლობდა. 1970 წელს ისინი დაქორწინდნენ. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც კი დაიბადა მონიკა (1979 წ.) წყვილი დაშორდა. ვერას არ უნდოდა შვილის გაზრდა ბანგლადეშში და დაბრუნდა ნიუ-ჯერსიში, აშშ. მონიკა გახდა ოპერის ცნობილი მომღერალი. იუნუსი მეორედაც დაქორწინდა მოგვიანებით. მისი მეუღლე გახდა მანჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი აფროზი იუნუსი. 1986 წელს წყვილს შეეძნათ შვილი დინა.
იუნუსისი ძმები ასევე დაკავებულები იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრებით. მუჰამედ იბრაგიმი დაკის უნივერსიტეტის პროფესორი და „მეცნიერებაში მასობრივი განათლების ცენტრის“ დამფუძნებელია, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია სასოფლო რაიონებში გოგონათა განათლებით. უმცროსი ძმა მუჰამედ ჯაჰანგირი ბანგლადეშში ცნობილი ტელეწამყვანი და საზოგადოებრივი მოღვაწეა.