ძველად საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავზე წასაკვრელ ფართო ბაფთას, ძველი აღთქმის მღვდელმთავართა კიდარის მაგვარს, რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა. შედგებოდაა წინა და უკანა ნაწილისაგან. ორივე მათგანი წაწვეტებული ფორმის იყო. თავსაბურავის უკანა მხარეს უერთდებოდა ორი განიერი, კეფასა და მხრებზე დაშვებული ლენტი. დროთა განმავლობაში ბაფთამ მიიღო ქუდის ფორმა, რომელიც ზემოდან ღია იყო, წინა მხარეს კი ამოქარგული ხატებით შემკული.
მიტრის არსებობის პირველი ცნობა XI საუკუნით თარიღდება, როდესაც რომის პაპმა, ლეო IX-მ (1049-1054) მიტრა უბოძა ტრევირის მთავარეპისკოპოსს ევერარდოს, რომელიც მას რომში გაჰყვა. თავდაპირველად მიტრის ტარების უფლებით მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი სარგებლობდა, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ (1453 წ.) მიტრის ტარება საყოველთაო გახდა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში და ეპისკოპოსის შესამოსელ აუცილებელ ნაწილად იქცა.
აღმოსავლეთის ეკლესიაში სიმბოლურად ეპისკოპოსის მიტრა მეფის გვირგვინს გაუთანაბრდა, რადგან ეპისკოპოსი მღვდელმსახურების დროს წარმოადგენს ზეცათა მეუფეს — იესო ქრისტეს. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე (მათე 27, 29). აგრეთვე სუდარას, რომელიც დამარხვისას თავზე შემოახვიეს (იოან. 20, 7).
მართლმადიდებელი ეკლესიაში, მიტრის ტარების მხრივ, გამორჩეულია ალექსანდრიის ეკლესია და მისი მმართველი, რადგან მისი წოდებაა „პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა“, შესაბამისად მსახურების დროს, პატრიარქის მიტრასთან ერთად იყენებს, პაპის ტიარასაც.