მაია ჟამუტაშვილი (დ. 30 მარტი, 1961) ― ქართველი ექიმი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი (1995).
ბიოგრაფია
1978-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. ამავე ინსტიტუტის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის კათედრის ბაზაზე გაიარა კლინიკური ორდინატურა. პროფესიული კურსები გაიარა მადრიდსა და ბარსელონაში.[4][3]
ვლადიმერ ბახუტაშვილის ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა თემაზე „ლიმფოციტების, ნატურალური კილერების და კლინიკურ-ბიოქიმიური მაჩვენებლების დინამიკის თავისებურებანი ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვთა კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატ პლაფერონ-ლ.ბ-ს ჩართვისას“.[3]
1987 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში მუშაობს.[1] 2003 წელს ჰეპატოლოგიის საკითხებში გაიარა მომზადება მოსკოვში, რუსეთში.[2] 2008 წლიდან მუშაობს ჰემატოლოგიურ კლინიკა „ჰეპაში“. 2011 წლიდან მრჩევლისა და ექიმი-ინფექციონისტის პოზიცია უკავია გერმანულ კლინიკა „ლიმბახში“.[4]
1996 წლიდან 2013 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. 2014-2017 წლებში იყო ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, 2018 წლიდან ― სრული პროფესორია. 2018 წლიდან დღემდე არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. 2021 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია.[3]
2023 წელს ევროპის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.[4]
არის არაერთი კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე და მომხსენებელი, მათ შორის: ფალკის 136-ე, 137-ე, 138-ე სიმპოზიუმი, ფალკ ღვიძლის მეთორმეტე კვირეული (ფრაიბურგი, გერმანია, 2003), აზიის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის 38-ე ყოველწლიური კონფერენცია (ჟენევა, შვეიცარია, 2003), მეცხრე საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ პათოლოგიაში (ბანგკოკი, ტაილანდი, 2004). 2018 წელს ღვიძლის კვლევის შესახებ Asian Pacific Association-ში მოხსენებით წარდგა სტამბოლში, თურქეთში.[4]
გამოქვეყნებული აქვს 54 სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმის ჯილდო მოხსენებისთვის „ახალი ტენდენციები ჰეპატოლოგიაში“.[4]
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[3]
საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრობა
- საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის საზღვარგარეთთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე
- საქართველოს ინფექციონისტთა ასოციაცია (1987)
- ევროპის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (2005)
- აზიის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (2017)[4]
სქოლიო