კირა გეორგიევნა მურატოვა (უკრ.Кіра Георгіївна Мура́това; ქალიშვილობის გვარი კოროტკოვა; დ. 5 ნოემბერი, 1934 — გ. 6 ივნისი, 2018[1][2]) — საბჭოთა და უკრაინელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. ცნობილია უჩვეულო სარეჟისორო სტილით. მურატოვამ კარიერის დიდი ნაწილი ოდესაში გაატარა, სადაც ფილმებს ადგილობრივ სტუდიებთან და ძირითადად ადგილობრივ მსახიობებთან ერთად იღებდა.
ბიოგრაფია
ადრეული წლები და კარიერა
კირა კოროტკოვა 1934 წლის 5 ნოემბერს, სოროკში, რუმინეთში (დღევანდელი მოლდოვა) დაიბადა. მამამისი რუსი,[3] ხოლო დედა - რუმინელი იყო.[4][5] მშობლები კომუნისტები იყვნენ და რუმინეთის კომუნისტური პარტიის რიგებშიც ირიცხებოდნენ. მამამისი, იური კოროტკოვი მეორე მსოფლიო ომის დროს მოლდოვის ანტიფაშისტურ პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩართული. რუმინეთის სამხედრო ძალებმა იგი დააკავეს და დაკითხვის შემდეგ დახვრიტეს. ომის შემდეგ კირა ბუქარესტში დედასთან ერთად ცხოვრობდა.
1959 წელს მურატოვამ მოსკოვში კინემატოგრაფიის გერასიმოვის ინსტიტუტი დაამთავრა, სარეჟისორო მიმართულებით. სწავლის დასრულების შმდეგ კოროტკოვამ ოდესაში კინოსტუდიაში რეჟისორის თანამდებობა მიიღო. მისი პირველი პროფესიონალური ფილმი 1961 წელს გადაიღო და სტუდიასთან 1978 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგად ლენინგრადში გადასახლება მოუწია. აქ მან Киностудия Ленфильм-ში დაიწყო მუშაობა და ერთი ფილმი გადაიღო, რის შემდეგაც კვლავ ოდესაში დაბრუნდა. მურატოვას ფილმები მუდმივად საბჭოთა ცენზურის ქვეშ იყო, რადგანაც იდიოსინკრატული კინოენა სოციალისტური რეალიზმის ნორმებს არ შეესაბამებოდა. კინომკვლევარი ისა ვილინგერი მურატოვას კინომატოგრაფიულ ფორმას საბჭოთა ავანგარდისტულ სტილს ადარებდა, განსაკუთრებით ეიზენშტეინის მონტაჟს.[6] მურატოვას ხშირად უკრძალავდნენ რეჟისორად მუშაობას.
1960-იან წლებში კირა ოდესის სტუდიის რეჟისორზე, ალეკსანდრ მურატოვზე დაქორწინდა და შემდეგში მასთან ერთად რამდენიმე ფილმზეც იმუშავა. წყვილს ქალიშვილი, მარიანა შეეძინა, თუმცა მალე დაშორდნენ და მურატოვა კიევში გადავიდა, სადაც დოვჟენკოს კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა. მურატოვამ ყოფილი ქმრის გვარი დაიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგში ლენინგრადელ მხატვარსა და დიზაინერზე, ევგენი გოლუბენკოზე იქორწინა.
პოსტსაბჭოთა პერიოდი
1990-იაი წლებიდან მურატოვასთვის ძალიან ნაყოფიერი პერიოდი დაიწყო. ორ-სამ წელიწადში ერთხელ იგი სრულმეტრაჟიან ფილმებს იღებდა და ხშირად ერთსა და იმავე მსახიობებთან და ჯგუფის წევრებთან მუშაობდა. მურატოვამ რენატა ლიტვინოვა და ნატალია ბუზკო მიყოლებით დაიქირავა. მისი ფილმები ჩვეულებრივ უკრაინის ან რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ნაწარმი იყო. მურატოვას ფილმები რუსულენოვანია. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი უკრაინულ ენაზე საუბრობდა, თუმცა უკრაინული კინოს უკრაინიზაციას არ ისახავდა მიზნად.[7]
2014 წელს მურატოვა მხარს უჭერდა ევრომაიდანზე გამართულ საპროტესტო გამოსვლებსა და რევოლუციას.[6]
მურატოვას ფილმების პრემიერა კანში, ბერლინში, მოსკოვში, რომში, ვენეციასა და სხვა ქალაქებში საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა. ალექსანდრე სოკუროვის შემდეგ იგი ყველაზე იდიოსინკრატულ თანამედროვე რუსულენოვან კინორეჟისორად მიიჩნევა. ნამუშევრები პოსტმოდერნულ, ეკლექტიკურ, პაროდიულ, წყვეტილ თხრობასა და ინტენსიურ ვიზუალურ და ხმის სტიმულებს შეიცავს.[6]
აღიარება და ჯილდოები
მურატოვამ აღიარება და პირველი ჯილდოები პერესტროიკის დროს მოიპოვა. 1988 წელს საფრანგეთში გამართულ ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი ნამუშევრების პირველი რეტროსპექტივა აჩვენეს. 1988 წლის კანის კინოფესტივალზე მურატოვას ფილმი „ნაცრისფერ ქვებს შორის“Un Certain Regard სექციაში აჩვენეს.[8]1990 წელს ფილმმა „სისუსტის სინდრომი“ ბერლინალეზე ჟიურის გრანპრი მოიპოვა.[9]1994 წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (შვეიცარია) მურატოვას ღირსების ლეოპარდი გადაეცა. 2000 წელს რეჟისორს ანდრეი ვარდას თავისუფლების პრემია მიენიჭა.[6]1997 წელს ფილმი „სამი ამბავი“ ბერლინის 47-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.[10]2002 წელს „ჩეხოვის მოტივები“ მოსკოვის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.[11] ფილმ „ტიუნერის“ ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე (2004) გაიმართა. 1991, 1995, 2005, 2007, 2009 და 2013 წლებში მურატოვას ფილმებმა კინოპრემია „ნიკა“ დაიმსახურა. 2005 წელს ნიუ-იორკში, ლინკოლნის ცენტრში მურატოვას რეტროსპექტივა მოეწყო. 2013 წელს მურატოვას ფილმების სრული რეტროსპექტივა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.[12]