კავკასიური იორდასალამი (ლათ. Paeonia caucasica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 1 მ-ს აღწევს. აქვს ძლიერ გახევებული დატოტვილი ფესურა. ფოთოლი დაყოფილია ფართო ნაკვთებად. ყვავილი მეწამულია, ჩვეულებრივ ფართოდ გაშლილი. მტვრიანები ყვითელია, მათი ძაფები – მეწამული. ნაყოფი ფოთლურაა, მოყვითალო-მონაცრისფროდ შებუსული. თესლი წითელი ან მოწითალოა. მომწიფებული ნაყოფი დანაოჭებულია. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება ივლისში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, იზრდება მთისწინებიდან მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ტყისპირებზე, ბუჩქნარებში.
Paeonia-ს გვარის 40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში, ჩრდ. ამერიკაში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში. საქართველოში 9 სახეობაა.
გალერეა
ლიტერატურა
- დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 116.