იურული პარკი (ინგლ. Jurassic Park) — რეჟისორ სტივენ სპილბერგის 1991 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი[3]. იგი ეფუძნება მაიკლ კრაიტონის ამავე სახელწოდების რომანს და პირველია ფილმების ამ სერიაში. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები სემ ნილი, ლორა დერნი, ჯეფ გოლდბლუმი, რიჩარდ ატენბორო, ჯოზეფ მაზელო, არიანა რიჩარდსი, სემიუელ ლეროი ჯექსონი, ბობ პეკი, მარტინ ფერერო და უეინ ნაიტი. სიუჟეტი მიმოიხილავს კოსტა რიკასთან მდებარე გამოგონილ კუნძულ ისლა ნუბლარის ამბავს, სადაც მილიარდერმა ფილანტროპმა და გენეტიკოს მეცნიერთა გუნდმა შექმნეს გასართობი პარკი კლონირებული დინოზავრებით.
კრაიტონის წიგნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე სტუდიას გადაღება უკვე დაგეგმილი ჰქონდა. სპილბერგმა, კომპანიის Universal Studios მხარდაჭერით მოიპოვა უფლებები 1990 წელს რომანის გამოქვეყნებამდე და კრაიტონი დამატებითი 500.000 დოლარის ანაზღაურებით მუშაობდა მისი სცენარის სახით ადაპტირებაზე. საბოლოო ვერსია დაწერა დევიდ კეპმა. მასში არ იქნა შეტანილი რომანში ნახსენები ძალადობის ზოგიერთი სცენა და ვრცელი შესავალი. პერსონაჟთა ნაწილი ასევე განსხვავდება. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ჰავაისა და კალიფორნიაში.
„იურული პარკი“ ითვლება ღირსშესანიშნავ ეტაპად კომპიუტერით გენერირებულ სანახაობათა სფეროში და კრიტიკოსთა უმეტესობამ მას უმაღლესი შეფასებები მიანიჭა. გამოსვლის წელს მან შემქმნელებს მსოფლიო მასშტაბით 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა და იქცა იმ დროისათის ყველაზე წარმატებულ ფილმად. ამჟამად იგი ყველა დროის შემოსავლიან ფილმთა სიაში 20-ე ადგილს იკავებს. ფინანსურად იგი Universal-ისა და სპილბერგის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი ხმის საუკეთესო მიქსისათვის, ხმის საუკეთესო მონტაჟისათვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის.
ფილმის წარმატების შემდეგ გამოვიდა კიდევ ორი შემდეგი ფილმი, „დაკარგული სამყარო: იურული პარკი“ (23 მაისი 1997) და „იურული პარკი III“ (28 ივლისი 2001). 2015 წელს გამოვიდა ფილმი „იურული სამყარო“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| რომანები | |
---|
| ფილმები | |
---|
| მუსიკა | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
| |
|