თინათინ მარგალიტაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარგალიტაძე.
თინათინ მარგალიტაძე
დაბ. თარიღი 1956
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი, ანგლისტი და ლექსიკოგრაფი
მუშაობის ადგილი თსუ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
საიტი margaliti.com
სამეცნიერო სფერო ფილოლოგია, ლექსიკოგრაფია

თინათინ მარგალიტაძე (დ. 1956, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი. ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი (2006). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით (2020 წლიდან); ამავე უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი (2020 წლიდან). სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრი.[1]

ბიოგრაფია

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. 1981 წელს დაასრულა ასპირანტურა ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მრავალმნიშვნელობიანი ზედსართავი სახელების, როგორც სანომინაციო ერთეულების, სტრუქტურულ-სემანტიკური დახასიათება თანამედროვე ინგლისურ ენაში“. 1987–2020 წლებში მუშაობდა თსუ-ის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე: 1987–1993 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1993–2005 წლებში დოცენტი, 2006–2014 წლებში ასოცირებული პროფესორი, 2014–2020 წლებში პროფესორი. ამავდროულად 1995–2020 წლებში იყო თსუ-ის „ლექსიკოგრაფიის ცენტრის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2020 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით და „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი.

1985 წლიდან იყო „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ერთ-ერთი შემდგენელი და რედაქტორი, შემდეგ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი (ტ. 1–14, 1995–2012 წწ.; ონლაინვერსია 2010 წ.). „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ ერთ-ერთი შემდგენელი და რედაქტორი (2019, ონლაინვერსია 2020 წ.). „ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინლექსიკონის“, „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინლექსიკონისა“ და „ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინლექსიკონის“ რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია.

1997 წლიდან არის ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) წევრი (2012 – 2018 წლებში მმართველი საბჭოს წევრი); 2017 წლიდან აფრიკის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (AFRILEX) წევრი და ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის (EMLEX, European Master in Lexicography) ასოცირებული წევრი.

სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: ორენოვანი ლექსიკოგრაფია (ზოგადი და სპეციალიზებული), ეკვივალენტობის პრობლემა მონათესავე და არამონათესავე ენებში, პოლისემიური სიტყვების უნივერსალური მოდელები, ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორია, პარალელური კორპუსები, კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფია, მანქანური თარგმანი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო