ეკლესია დარბაზულია (7,25 X 4,8 მ), ნაგებია უხეშად გათლილი საშუალო ზომის ქვიშაქვის კვადრებით, წყობაში გამოყენებულია დიდი ქვებიც. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. ეკლესიისათვის მოგვიანებით შემოუვლიათ თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.
ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს სწორკუთხა ეკლესია (5,5 X 4,8 მ). იგი წმინდა თევდორეს სახელს ატარებს. ეს ეკლესიაც ნაგებია ქვიშაქვით, მხოლოდ უფრო მცირე ზომის ქვებით, ვიდრე ეკლესია. მინაშენი ეკლესიას უკავშირდება ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი განიერი სწორკუთხა ღიობით. მინაშენიც ღარიანი კრამიტითაა გადახურული.