სოფლის მიდამოებში, მდინარეოკაცეს ხეობაში მდებარეობს ოკაცეს კანიონი, რომლის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული.
სოფელში შემორჩენილია დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევები. სასახლე დავით დადიანმა 1841 წელს რუსი არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის პროექტის მიხედვით ააშენებინა. სასახლე იყო ორსართულიანი, ციხე-სიმაგრის მსგავსი ნაგებობა. დასრულებული სახით შენობა სიგრძეში 40 მეტრს და სიგანეში 20 მეტრს შეადგენდა. პირველ სართულს სვეტები და თაღები ჰყოფდა, ხოლო მეორე სართულზე დიდებული დარბაზი, მისაღები ოთახი, სალონი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.
დავით დადიანმა მოიწვია სახელგანთქმული აგრონომი და ლანდშაფტის არქიტექტორი, ჟოზეფ ბაბინი, რომელიც აგრეთვე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას ხელმძღვანელობდა და რომელსაც გორდის სასახლის გარშემო ბაღების დაპროექტება დაევალა. სამუშაოები ბაბინიმ დაიწყო და მოგვიანებით მშენებლობაზე პასუხისმგებლობა იტალიელმა მებაღემ გაეტანო ზამბერლეტიმ გადაიბარა. 80 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას ქვის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელშიც სამი დაცული ჭიშკარი იყო დატანებული. ამ კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა.