ვიაჩესლავ გრიგორის ძე დობრინინი (რუს.Вячесла́в Григо́рьевич Добры́нин; დაბადების სახელი ვიაჩესლავ გალუსტის ძე ანტონოვი; დ. 25 იანვარი, 1946, მოსკოვი — გ. 1 ოქტომბერი, 2024, იქვე) — საბჭოთა და რუსი კომპოზიტორი, პოპ მომღერალი. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1996)[2] . საკავშირო და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი („იურმალა“, „იალტა“, „ბრატისლავა ლირა“, „ოქროს ორფეოსი“, „ზელენა გურა“).
ბიოგრაფია
ადრეული წლები
დაიბადა 1946 წლის 25 იანვარს მოსკოვში. ბავშვობაში ის ცხოვრობდა ლენინის გამზ. №23 სახლში და ხშირად ატარებდა დროს დედის ნათესავებთან სმოლენსკის ოლქში. მამა - გალუსტ ოგანესის ძე პეტროსიანი (გ. 1980) [3][4], წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან, პოდპოლკოვნიკი, სომეხი, დედა - ანა ივანეს ასული ანტონოვა, მედდა (1916-1981), რუსი, ორივე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. თავად ვიაჩესლავ დობრინინი არასოდეს ატარებდა გვარს პეტროსიანს. კომპოზიტორი არასოდეს შეხვედრია მამას [5].
ვიაჩესლავ დობრინინმა დაამთავრა მოსკოვის მე-5 საშუალო სკოლა. ის იყო სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი, რომელიც გახდა ოქტომბრის რაიონის ჩემპიონი. ის იყო „ბიტლომანი“ . სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1970 წელს (ხელოვნების ისტორიის სპეციალობა, ხელოვნებათმცოდნეობა). შემდეგ ჩააბარა [6] ასპირანტურაში.
კარიერა
დობრინინის, როგორც კომპოზიტორის დებიუტი შედგა 1970 წელს.
1972 წელს ვია „მხიარული ახალგაზრდებმა“ ჩაწერა მისი სიმღერა „დედამიწაზე სიყვარული ცხოვრობს“ ლეონიდ დერბენიოვის ლექსის მიხედვით, რომელთანაც შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა.
1975 წელს დობრინინი და დერბენიოვი გახდნენ ჰიტის „მშვიდობით“ თანაავტორები. მათი თანამშრომლობა დერბენიოვის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.
1974 წელს კომპანია „მელოდიამ“ გამოუშვა გრამფირფიტა მისი სიმღერით „მე თქვენ მიყვარხართ“.
ბავშვობაში ატარებდა დედის გვარს ანტონოვს, მაგრამ მისი საკომპოზიტორო კარიერის დასაწყისში ფსევდონიმად აიღო გვარი დობრინინი, რადგან იური ანტონოვი უკვე პოპულარული ხდებოდა სცენაზე. ორი წლის შემდეგ მან ოფიციალურად მიიღო სახელი ვიაჩესლავ გრიგორის ძე დობრინინი.
1986 წელს დაიწყო მომღერლის კარიერა.
1987 წელს მოსკოვში გაიმართა ვიაჩესლავ დობრინინის პირველი დიდი შემოქმედებითი საღამო.
1990 წელს კომპანია „მელოდიამ“ დობრინინი „ოქროს დისკით“ დააჯილდოვა გრამფირფიტებისთვის - „ლურჯი ნისლი“ („Синий туман“ სიმღერები მ. რიაბინინის, მუსიკა ვ. დობრინინის) და „ჯადოსნური ტბა“ („Колдовское озеро“ სიმღერები მ. რიაბინინის, მუსიკა ვ. დობრინინის), რომელთაგან თითოეულის ტირაჟი შვიდი მილიონი ეგზემპლარი იყო.
1990 წელს მან შექმნა ჯგუფი „Доктор Шлягер“, რომელთან ერთადაც გამომდიოდა.
2011 წლის მონაცემებით მან დაწერა ათასამდე სიმღერა, გამოუშვა 17 მუსიკალური ალბომი, 12 მინიონი და 19 კომპაქტ-დისკი და ერთადერთი შემსრულებელი გახდა რუსეთში, რომელმაც 1 დღეში 6 კონცერტი გამართა.[7]
პირადი ცხოვრება
პირველი ცოლი ირინა (დ. 1950, ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში). 15 წელი იმყოფებოდნენ ქორწინებაში.
ქალიშვილი ეკატერინა დობრინინა-მაკგაფი (დ. 1978), VGIK-ის კურსდამთავრებული, ცხოვრობს მეუღლესთან შეინ მაკგაფისთან (ტელე ოპერატორი) აშშ- ში [8][9] .
შვილიშვილი სოფია დობრინინა-მაკგაფი (დ. 2000)
შვილიშვილი ალექსანდრე დობრინინი-მაკგაფი (დ. 2007).
მეორე ცოლი (1985 წლიდან) - ირინა დობრინინა, არქიტექტორი [10]
ცხოვრობდა მოსკოვის ოლქის რუზის რაიონში მდ. ოზერნას წყალსაცავის [11][12] სანაპიროზე მდებარე აგარაკზე.
ავადმყოფობა და გარდაცვალება
2017 წლის ნოემბერში ვიაჩესლავ დობრინინმა გამოაცხადა, რომ აპირებდა მუსიკალური კარიერის დასრულებას თანამედროვე პოპ-მუსიკის უარყოფისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო.[13]
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში მან გადაიტანა იშემიური შეტევა და ორი ინსულტი (2018, 2020, 2023).[14] ინსულტის შემდეგ მან სრულად ვერ აღადგინა სამოძრაო ფუნქციები და მეტყველება. ამასთან დაკავშირებით ის პრაქტიკულად არ გამოჩენილა საჯაროდ.[15] ბოლო გამოსვლა შედგა 2024 წლის მარტში ტელეცენტრის არხზე გადაცემაში „კარგი სიმღერები“.[16]
2024 წლის ზაფხულში დობრინინის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.[17] 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მან მესამე ინსულტი გადაიტანა.[18][19]
ვიაჩესლავ დობრინინი გარდაიცვალა 2024 წლის 1 ოქტომბრის დილით, [20][21]მოსკოვის საავადმყოფოში 79 [22] წლის ასაკში. სიკვდილის წინასწარი მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა მწვავე და რესპირატორული უკმარისობა ცერებროვასკულარული შემთხვევის გამო.[23] დაკრძალეს 4 ოქტომბერს მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე.[24]
ჯილდოები და აღიარება
1991 - რსფსრ დამსახურებული არტისტი - საბჭოთა ხელოვნების სფეროში მოღვაწეობისთვის[25]
1996 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი - ხელოვნების სფეროში დიდი დამსახურებისთვის[26]
2006 - სამშობლოსათვის ღირსების ორდენი, IV ხარისხი - საშინაო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილისთვის და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისთვის[27]
2018 - მეგობრობის ორდენი - ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის[28]
1982 - მოსკოვის კომკავშირის პრემიის ლაურეატი
ეროვნული რუსული ოვაციის ჯილდოს სამგზის გამარჯვებული