ედიტ მოდ ოლივიე (დ. 31 დეკემბერი, 1872 – გ. 10 მაისი, 1948) — ინგლისელი მწერალი, ასევე ცნობილი როგორც უილტშირის სახლის დიასახლისი, სადაც იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები, მხატვრები და კომპოზიტორები.[1]
ოჯახი და ბავშვობის წლები
ედიტ ოლივიე დაიბადა უილტონში, ჰუგენოტების ოჯახში. მისი მამა, დაკრეს ოლივიე, უილტონის კანონიკოსი გახლდათ, ხოლო დედა — ეპისკოპოსის ქალიშვილი. ედიტი ათი შვილიდან ერთ-ერთი იყო. სახლში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, ოლივიე 1895 წელს შევიდა ოქსფორდის სენტ-ჰიუს კოლეჯში, მაგრამ იქ მხოლოდ ოთხი სემესტრი გაატარა, მაგრამ ასთმის გამო იძულებული გახდა უნივერსიტეტი მიეტოვებინა.[2]
ედიტის ბაბუა მამის მხრიდან იყო ჰენრი სტივენ ოლივიე, რომლის შვილთაშვილი გახლდათ ცნობილი ინგლისელი მსახიობი ლორენს ოლივიე.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა
ედიტ ოლივიეს ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებდა მისი მამა (1919 წელს გარდაცვალებამდე ), რომელიც იყო ავტოკრატი და კონსერვატორი. ედიტი იყო ანგლიკანური ეკლესიის მრევლი და მსახურობდა ქალთა ეპარქიის საბჭოში. ასევე ჩართული იყო კონსერვატიული პარტიისა და ქალთა ინსტიტუტის საქმიანობაში. 1916 წელს, უილტშირის სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის ბრძანებით, ედიტ ოლივიემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქალთა სასოფლო-სამეურნეო არმიის უილტშირის ფილიალის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც მას 1920 წელს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.
1934 წელს იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გაიმარჯვა უილტონის საკრებულოს არჩევნებში და 1938 წლიდან 1941 წლამდე მუშაობდა ქალაქის მერის თანამდებობაზე. როგორც მერი, იგი პასუხისმგებელი იყო ლონდონიდან ევაკუირებული ბავშვიანი დედების განთავსებაზე. ვილტონში განლაგებული იყო სამხრეთის სარდლობა და ოლივიეს სახლის ყველა საძინებელში სტუმრები იყვნენ დაბინავებულები. ეს პერიოდი აღწერილია წიგნში "Night Thoughts of a Country Lady", რომლის იუმორისტული ილუსტრაციები ეკუთვნის ედიტის ახლო მეგობრის, მხატვარ რექს უისლერს. მეორე მსოფლიო ომის დროს ედიტ ოლივიე ასევე პასუხისმგებელი წმინდა იოანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მუშაობაზე.[3]
სამწერლო მოღვაწეობა
1923 წელს დის, მილდრედის გარდაცვალების შემდეგ, ედიტ ოლივიე უფრო მეტად ჩაერთო სოციალურ ცხოვრებაში და ახალი ნაცნობები შეიძინა. ამ დროის განმავლობაში მან ღრმა მეგობრობა დაამყარა რექს უისლერთან. მისი სახლი გახდა ხელოვანთა და სოციალური ელიტის შეხვედრის ადგილი, რომელშიც შედიოდნენ სესილ ბიტონი, ზიგფრიდ სასუნი, უილიამ უოლტონი და ოსბერტ სიტველი.
1927 წელს ოლივიემ გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი The Love Child. მას მოჰყვა ახალი რომანები, ბიოგრაფიები, მათ შორის ალექსანდრე კრუდენის ბიოგრაფია და ავტობიოგრაფიული წიგნი Without Knowing Mr Walkley.[4] უოკლი გახლდათ The Times-ის თეატრის კრიტიკოსი, ხოლო ედიტ ოლივიე ოცნებობდა გამხდარიყო თეატრის მსახიობი და არა მწერალი.[5]
გარდაცვალება
ედიტ ოლივიემ გადაიტანა სამი ინსულტი, გარდაიცვალა 1948 წელს. დაკრძალეს უილტონის ეკლესიის ეზოში.
შრომები
რომანები
The Love Child (1927)
As Far As Jane’s Grandmother’s (1928)
The Triumphant Footman (1930)
Dwarf’s Blood (1930)
The Seraphim Room (1932)
არამხატვრული ნაწარმობები
The Eccentric Life of Alexander Cruden (1934)
Mary Magdalene (1934)
Country Moods and Tenses (1941)
Four Victorian Ladies of Wiltshire (1945)
Wiltshire (опубликовано посмертно в 1951)
ავტობიოგრაფიული ნარკვევები და დღიურები
Without Knowing Mr Walkley (1938)
Night Thoughts of a Country Landlady (1945)
დღიურები 1894 წლის 11 მარტიდან 1948 წლის 22 აპრილამდე.
ლიტერატურა
Hugh and Mirabel Cecil. In Search of Rex Whistler. His Life and His Work. — Frances Lincoln, 2012.
Penelope Middelboe. Edith Olivier from her Journals 1924-48. — Weidenfeld & Nicolson, 1989 (with a preface by Laurence Whistler).
Anna Thomasson. A Curious Friendship — The Story of a Bluestocking and a Bright Young Thing. — Macmillan, 2015.
Laurence Whistler. The Laughter and the Urn. The Life of Rex Whistler. — Weidenfeld & Nicolson, 1985.