ებსტორფის მსოფლიოს რუკა

ებსტორფის მსოფლიოს რუკა

ებსტორფის მსოფლიოს რუკა — შუა საუკუნეების მსოფლიოს რუკა (mappa mundi), რომელიც აღმოჩნდა გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში მდებარე ებსტორფის მონასტერში 1843 წელს. რუკა შექმნილია დაახლოებით 1234-1240 წლებში. მიეწერება გერვას ებსტორფელის სახელით ცნობილი კარტოგრაფს. ითვლება შუა საუკუნეების დასავლეთევროპული კარტოგრაფიის შედევრად. რუკის ორიგინალი ინახებოდა ჰანოვერში, სადაც ის განადგურდა II მსოფლიო ომის დროს 1943 წელს მოკავშირეთა მიერ ქალაქის დაბომბვისას. რუკის ორიგინალური ზომის ასლი დაცულია იმავე ებსტორფის მონასტერში.

რუკა შესრულებული იყო თხის ტყავისგან შექმნილ ქსოვილზე. მისი სიმაღლეა 3,58 მ, სიგანე — 3,56 მ. რუკაზე დატანილია 1200-ზე მეტი ლეგენდა და მინიატურა. რუკის ზედა კიდეში მოთავსებულია იესო ქრისტეს თავი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს — ხელები, ქვედა ბოლოში — ფეხები. ქვეყნიერება მოიაზრება მაცხოვრის ჯვარცმულ სხეულად. რუკის განლაგება ტრადიციულად მისდევს შუა საუკუნეების მსოფლიოს რუკების მოდელს. ქვეყნიერებას შემორკალავს მსოფლიო ოკეანე ცალკეული კუნძულებით. რუკის ქვედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულია ევროპა; ქვემოთ, მარჯვნივ — აფრიკა; ზედა ნახევარში — აზია.

კავკასია ებსტორფის რუკაზე

მთელ ჩრდილოეთ აზიას შემოსაზღვრავს კავკასიის მთები. წარწერის მიხედვით, კავკასიონი აღმოსავლეთში იწყება სერების (ჩინეთის) ზღვასთან და თითქმის ევროპამდე გრძელდება. კავკასიის მთაზე ცხოვრობენ ამორძალები, მასაგეტები, კოლხები და სარდები (სარმატები). კავკასიონის გადაღმა არის კასპიის ზღვა, რომელიც ჩრდილოეთის ოკეანიდან იჭრება ხმელეთში. ჩრდილოეთით სახლობენ გოგის და მაგოგის ხალხები, რომლებიც წარწერის თანახმად, კავკასიონის გადაღმა ჩაკეტა ალექსანდრე მაკედონელმა, ისინი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ჯებირებს გადმოანგრევენ ანტიქრისტეს მოსვლისას.

კავკასიონის გადაღმა მთელი სივრცე სკვითიად მოიხსენიება. იქვეა დატანილი ჰირკანია, კავკასიონს გადმოღმა კი — არარატის მთა ნოეს კიდობნით. მათ ქვემოთ მიედინება მდინარე, სავარაუდოდ, მტკვარი, რომელიც ჩადის ჩრდილოეთის ოკეანეში. აღნიშნულ მდინარესა და კავკასიის მთას შორის რუკაზე დატანილია ორი შეიარაღებული ქალის სურათი. ესენი არიან ამორძალთა დედოფლები — მარპესია და ლამპეტა. ამორძალთა დედოფლების ქვემოთ ჩანს ასევე ციხესიმაგრის აღმნიშვნელი გამოსახულება. ეს არის კასპიის კარი, ანუ დერბენდი. იქვეა ორი შეიარაღებული მეომარი. რუკაზე დატანილია აგრეთვე კოლხეთის სამეფო, კოლხების, ოქროს საწმისის, მეფე აიეტის, ქალაქ დიოსკურიის, მდინარე ფასისის გამოსახულებით. სამი ლეგენდა მოკლედ ეხება აღნიშნულ თემებს. პირველის მიხედვით ვარაუდობენ, რომ იასონის მიერ კოლხეთში მოპოვებული ოქროს საწმისი ტროის ომის დაწყების მიზეზი გახდა. მეორე ლეგენდა ახასიათებს თავად ოქროს საწმისს, რომელიც არგონავტებმა იასონის მეთაურობით მოსტაცეს მეფე აიეტს. მესამე ლეგენდაში კი ლაპარაკია ქალაქ დიოსკურიის დაარსებაზე.

ლიტერატურა

  • თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
  • თვარაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Pischke, G., Gregori, G. P. (ed.). "The Ebstorf Map: tradition and contents of a medieval picture of the world". History of Geo- and Space Sciences. 5. Copernicus Publications, 2014.
  • Miller K., Mappaemundi: Die ältesten Weltkarten, Bd. 5 – Die Ebstorfkarte, Stuttg., 1896.
  • Miller K., Die Ebstorfkarte, Stuttg. – Wien, 1903.
  • Rosien W., Die Ebstorfer Weltkarte, Hannover, 1952.