გივი (გრიგოლ) იერემიას ძე ჟვანია (დ. 14 ნოემბერი, 1918, ქუთაისი — გ. 17 მაისი, 1979, კალკუტა, ინდოეთი) — ქართველი მეცნიერი. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურიდიული მეცნიერებების დოქტორი (1969), პროფესორი (1972), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979). სკკპ წევრი 1945 წლიდან. 1941 წელს დაამთავრა თსუს ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1941-1942 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1946 წელს დაამთავრა უმაღლესი დიპლომატიური სკოლა მოსკოვში, 1946 წლიდან მუშაობდა გაეროში (აშშ), 1951 წლიდან თსუ-ში კითხულობდა საერთაშორისო სამართლის და სხვა კურსებს, 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომოკის და სამართლის ინსტიტუტში სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის განყოფილების გამგე იყო. მისი ნაშრომები ეხება საერთაშორისო სამართალში მოსახლეობისა და ტერიტორიის, ნეიტრალიტეტისა და სხვა საკითხებს. იგი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის (1963) ერთ-ერთი შემდგენელია. არჩეული იყო საერთაშორისო სამართლის ასოციაციისა და კოსმოსური სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრად. დაჯილდოებულია მეორე ხარისხის სამამულო ომის ორდენითა და მედლებით.
გარდაიცვალა 1979 წლის 17 მაისს, ინდოეთში. დაკრძალულია თბილისში.
ლიტერატურა