გოის სახელმწიფო მუზეუმი (ინგლ.Goa State Museum), ასევე ცნობილი, როგორც სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმი პანაჯში — მუზეუმი პანაჯში, გოა, ინდოეთი. ის დაარსდა 1977 წელს და მოიცავს ისეთ განყოფილებებს, როგორებიცაა უძველესი ისტორია და არქეოლოგია, ხელოვნება და შემოქმედებითობა, გეოლოგია. 2008 წლისთვის მუზეუმში 8 000-მდე არტეფაქტი იყო განთავსებული. მათ შორის: ქანდაკებები, ხელნაწერები, იშვიათი მონეტები და ანთროპოლოგიური ნივთები. ამჟამად მუზეუმი მდებარეობს ადილ შაჰის სასახლეში, პანაჯში.[1]
მუზეუმი ძველად მდებარეობდა EDC კომპლექსში, პატოში, პანაჯის უბანში. ეს ძველი ნაგებობა ახალი მუზეუმის ასაშენებლად დაანგრიეს, გოის სახელმწიფო მუზეუმი კი ადილ შაჰის სასახლეში გადაიტანეს.[2][3][4][5]
ისტორია
გოის სახელმწიფო მუზეუმი შეიქმნა როგორც არქეოლოგიური მუზეუმი გოის არქივების დეპარტამენტების გაერთიანებით 1973 წელს. ნაქირავებ შენობაში მუზეუმი ოფიციალურიად 1977 წლის სექტემბერს გაიხსნა. ახალი სამუზეუმო კომპლექსის აშენების შემდეგ, 1996 წლის 18 ივნისსინდოეთის პრეზიდენტმა, შანკარ დაიალ შარმა მუზეუმი ფორმალურად გახსნა.[6][7] მუზეუმის გამოფენები მნახველს აწვდის ინფორმაციას გოას უძველესი ისტორიული და კულტურული ტრადიციების შესახებ.[8][9]
გალერეები
გოის სახელმწიფო მუზეუმში 14 გალერეა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისაგან თემატურობით განსხვავდებიან. გალერეებს შორისაა: ქანდაკებების, ქრისტიანული ხელოვნების, ბეჭდვის ისტორიის, ბანერჯის ხელოვნების, რელიგიური გამოხატვის, კულტურული ანთროპოლოგიის, თანამედროვე ხელოვნების, ნუმიზმატიკის, გოის თავისუფლებისთვის ბრძოლის, მენეზეს ბრაგანსას, ავეჯის, გოის ეროვნული მემკვიდრეობის, რესურსებისა და განვითარებისა და გეოლოგიის გალერეები.[7] მუზეუმში განთავსებულია 8 000-მდე არტეფაქტი, რომლებიც ინდოეთის ყველა რეგიონს წარმოადგენენ. მუზეუმში განთავსებული 645 ნივთი მენეზეს ბრაგანსასა და კალას აკადემიებიდან დროებით არის წამოღებული.[6]
ბანერჯის ხელოვნების გალერეაში განთავსებული ექსპონატების ნაწილი მუზეუმს საჩუქრად ბარენჯიმ, გოის ყოფილმა გუბერნატორმა გადასცა. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ გალერეას მისი სახელი. გამოფენილ ექსპონატებს შორისაა ინდის ცივილიზაციისტერაკოტას სიძველეები, ჯანაპადას გერბები, განდჰარას ქანდაკებები, სამხრეთ ინდოეთის ბრინჯაოს ნაკეთობები, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხის ნაკეთობები. მუზეუმში ასევე არის ჯაიპურის სკოლის, მარვარის სკოლისა და მევარის სკოლის რაჯასტანის მინიატურები. ბანერჯის ხელოვნების ცენტრშია განთავსებული მოგოლთა ნახატები, ნატდვარა და პატაჩიტრები ორისადან, ასევე თანამედროვე ხელოვნების ნახატები.[6]
თანამედროვე ხელოვნების გალერეაში განთავსებული ექსპონატები მოიცავს პროვედორიას ლოტოს მანქანებს,[8] რომლებიც ლისაბონშია დამზადებული. მაქანებს თან ახლავს ათასობით პატარა, ხის ბურთი. ამ მოწყობილობის საშუალებით ინდოეთში ლოტო პირველად 1947 წელს ითამაშეს. მუზეუმის ამ განყოფილებაშია განთავსებული მინიატურები, რომლებიც ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებშია დამზადებული.[10] გალერეაში მდებარეობს ისეთი მოქანდაკეებისა და მხატვრების ნამუშევრები, როგორებიცაა: ჩიმულკარი, სოუზა, რაზა, ჰუსაინი, არა და მრავალი სხვა. ეს ნამუშევრები მუზეუმში დროებითაა განთავსებული და მენეზეს ბრაგანსასა და კალას აკადემიებიდანაა ნათხოვარი. თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოფენილია დროშა, რომელიც ნიდერლანდებზეპოტუგალიის გამარჯვებას აღნიშნავს.[6]
მენზეს ბრაგანსას გალერეა მოიცავს ინდური ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებს,[10] ასევე გოის პორტუგალიელი მმართველებისა და გუბერნატორების პორტრეტებს.[6]
მეცნიერება
ვირაგლი ან გმირის ქვები, რომელიც მეფე ბირავარმას პერიოდს უკავშირდება, კულტურული ანთროპოლოგიის გალერეაშია განთავსებული. ეს ქვები აღწერს საზღვაო ბრძოლას გოპალაპატანამისა და ჰონავარის მმართველებს შორის. ქვები მეტყველებს იმ მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომელთა საშუალებითაც გემების აშენება იყო შესაძლებელი.[11] ექსპონატები ასევე მოიცავს უძველეს ჭურჭელს, მრავალი სახის თამაშს, შაქრის ლერწმის დასამუშავებელ მოწყობილობებს, ამწესა და სოფლის მეურნეობის ხელსაწყოებს, ასევე სხვადასხვა ნივთების თიხის მოდელებს.[6]
რესურსებისა და განვითარების გალერეაში გოის სოფლებიდან წამოღებული კულტურული ექსპონატებია გამოფენილი.[10]
რელიგიური გამოხატვის გალერეაში მდებარეობს ვიშნუს ქანდაკება, რომელიც გუპტას იმპერიის პერიოდით თარიღდება. ამ გალერეაში მდებარე ექსპონატები გამოხატავენ გოის მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ ისტორიას. აქ ინახება ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები, რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი, რელიგიური ხელნაწერები, ასევე რელიგიური რიტუალისა და ფესტივალების ამსახველი ფოტოსურათები.[6]