გეორგ კასტრიოტი, ფართოდ ცნობილი, როგორც სკანდერბეგი (დ. 6 მაისი, 1405, დიბრა — გ. 17 იანვარი, 1468, ლეჟა) — ალბანელი მთავარი. ალბანეთის ეროვნული გმირი.
ბიოგრაფია
გეორგ კასტრიოტი ბავშვობაში მძევლად იყო ოსმალეთის სულთან მურად II-სთან. მას მიაღებინეს ისლამი და ჩარიცხეს ოსმალთა ლაშქარში. როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა, ბეის ტიტული მიიღო და ალექსანდრე მაკედონელის სახელი ისკანდერ-ბეი უწოდეს. იგი არ წყვეტდა კავშირს ალბანელ პატრიოტებთან. 1443 წელს, ბალკანეთში ოსმალური არმიის შემადგენლობაში ყოფნის დროს, მოახერხა გაქცევა თანამოაზრეებთან ერთად და სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ. ისკანდერ-ბეიმ განდევნა ოსმალური გარნიზონები ალბანეთიდან. 24 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე იგი წარმატებით იგერიებდა თურქთა შემოტევებს. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდებულთა შორის უთანხმოებამ ძლიერ დაასუსტა ალბანეთი. მიუხედავად ამისა სულთანს კიდევ 11 წელი დასჭირდა ალბანეთის დასამოჩილებლად.