კაჩალინმა კარიერა დაიწყო 1928 წელს საფეხბურთო კლუბ „ვოლნი ტრუდის“ შემადგენლობაში. 1933–1935 წლებში თამაშობდა ქალაქ გომელის ნაკრებსა და გომელის „დინამოში“. 1936 დან 1942 წლამდე მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.
1937 წელს მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში ბასკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[3]
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მის მიერ გაწვრთნილმა საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მელბურნში. ოთხი წლის შემდეგ კი პარიზში ვროპის თასის პირველი მფლობელი გახდა.
გავრილ კაჩალინის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ თავის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩში“ „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. გუნდის უფროსი დინამოელთათვის იმ ისტორიულ სეზონში ავთანდილ ღოღობერიძე იყო.[4]
1965 წელს გავრილ კაჩალინი კვლავ მოსკოვში გამოიძახეს და სსრ კავშირის ახალგაზრდული (1965) და ოლიმპიური (1966–1968) ნაკრებების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. თუმცა კიდევ მოუწია „დინამოს“ მწვრთნელობა 1971–1972 წლებში და გუნდმა ორივე სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[5]
1984 წლიდან 1990 წლამდე კაჩალინი ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო ტურნირის „ტყავის ბურთის“ პრეზიდენტი იყო.
სამწვრთნელო საქმიანობის გარდა, იყო ფიფას ტექნიკური კომიტეტის წევრი. არის ფეხბურთის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ მრავალი პუბლიკაციისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორი.
საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული სპორტული შედეგებიდან, ფეხბურთის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა ცოდნიდან და ფეხბურთელებისადმი მაღალპროფესიონალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის მწვრთნელად და ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სპეციალისტად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[6]
საინტერესო ფაქტები
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად გავრილ კაჩალინი საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[7][8]
მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე მდებარე №50 სახლის ფასადზე, სადაც გავრილ კაჩალინი 1957–1995 წლებში ცხოვრობდა, 2012 წლის 24 მაისს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
↑მამულაშვილი, მერაბ (18 ნოემბერი, 2021). „დიდი ბრძოლით მოპოვებული ოქრო - 18 ნოემბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა“. 1tv.ge. საზოგადოებრივი მაუწყებელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022. ციტატა: „დამატებით პირველ ტაიმში ილია დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში მოსკოველთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა. „დინამომ“ 4:1 გაიმარჯვა და სსრკ-ს ჩემპიონატის ოქროს მედლები პირველად მოიპოვა.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)