საშუალო სიდიდისაა, მისი სხეულის სიგრძეა 38 სმ-მდე; ფრთის შლილი 95–105 სმ; მასა 420–590 გრამი, დედალი ზომით უფრო დიდია. ფრენის დროს კარგად უჩანთ ფართო გრძელი ფრთები და საკმაოდ მოკლე კუდი. საერთო შეფერილობა ჟანგმიწოვან-მორუხო (მოყვითალომდე) ან ჟანგმიწოვან-წითურია; სხეულის ქვედა ნაწილი უფრო ღია ფერისაა; გვხვდება მელანისტი ეგზემპლარებიც.[1] ჯდომისას, ისივე როგორც ფრენისას, მხრებსა და ფრთის მფარავ ბულბულზე ემჩნევა თეთრი ზოლები. ზურგზე ბაცი და მკვეთრი ლაქები აყრია. მკერდზე გასდევს გრძივი ფართო მუქი ლაქები. თვალები დიდი ზომის და ახლო-ახლო განლაგებული, ფერად შავი. ნისკარტი ყვითელი, მოკლე და ვიწროა; იგი მაგარი წვერით მთავრდება; ზედა ნაწილში ნესტოებია განლაგებული. თავზე არ აქვს წაგრძელებული ბუმბულის კონები, ე. წ. „ყურები“. ძლიერი თითები ბასრი ბრჭყალებით ბოლოვდება.
სქესობრივ სიმწიფეს 1 წელში აღწევს. მონოგამური ფრინველია. ბუდეს ხის ფუღუროში, პირდაპირ ხეზე, სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეში ან სახლის სხვენზე იკეთებს, იშვიათად — კლდის ნაპრალში.[1] კვერცხმდებლობა მარტის ნახევრიდან აპრილის ნახევრამდე მიმდინარეობს, დებს საშუალოდ 2–4 (6-მდე) თეთრი ფერის მომრგვალებულ კვერცხს.[1]ინკუბაცია 30 დღემდე გრძელდება; ბარტყები ფრენას 35–39 დღეში იწყებენ.