ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილი; დ. 20 მაისი, 1956, ზესტაფონი, საქართველო) — მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.
ბიოგრაფია
დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, საქართველოში, ოფიცერ-არტილერისტ შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ბერტა ისააკის ასულ ბრაზინსკის ოჯახში.
მუშაობდა ჟურნალ „Иностранная литература„-ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1999-2000). მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული „იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია“.
1998 წლიდან გრიგორი ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. დაახლოებით ითარგმნება, როგორც „ავკაცი“, „ბოროტი ადამიანი“, „ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს“.
კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით.
2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.
პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.
თურქული გამბიტი[9] (ჯაშუშური დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006, ISBN 99940-42-07-6
ლევიათანი[10] (ჰერმეტული დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006 წელი, ISBN 9994-53-21-3; მეორე გამოცემა, გამომცემლობა პალიტრა L, 2010, ISBN 978-9941-413-98-8
პიკის ვალეტი[11] (ამბავი თაღლითებზე), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა ლითერასი, თბ. 2013