ანა მარია მარტინოცი (იტალ.Anna Maria Martinozzi, ფრანგ.Anne Marie Martinozzi; დ. 1637 — გ. 4 თებერვალი, 1672) — ნახევრად ფრანგი და ნახევრად იტალიელი არისტოკრატი. კარდინალი მაზარინის ძმის შვილიშვილი. კონტის პრინცესა 1654-66 წლებში როგორც არმან I-ის მეუღლე და კონტის ორი პრინცის დედა. დედოფალ ანა ავსტრიელის სასახლის დიასახლისი 1657-66 წლებში.
ბიოგრაფია
მარია ანა მარტინოცი დაიბადა 1637 წელს რომში, პაპის სამფლობელოში. იგი იყო იტალიელი დიდგვაროვნის, ჯუზეპე მარტინოცისა და მისი მეუღლის, საფრანგეთში დიდი გავლენის მქონე კარდინალი მაზარინის ძმის შვილის, ლაურა მარგერიტა მაზარინის ქალიშვილი. კარდინალი მაზარინს თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდა მეფე ლუი XIV-ის დედა, დედა-დედოფალი და რეგენტი ანა ავსტრიელი და ამას გარდა იგი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრიც იყო. მარია ანას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავდა, სახელად ლაურა, რომელიც შემდგომში მოდენას ჰერცოგინია გახდა.
მარია ანა მალევე კარდინალ მაზარინთან გაიგზავნა საფრანგეთის სამეფო კარზე აღსაზრდელად, სადაც მას ზრდიდნენ მისი დეიდები: ლაურა, მარია, ოლიმპია და ჰორტენზია მანჩინები. ამ ქალბატონებს სამეფო კარზე დიდი გავლენა ჰქონდათ, მარია მანჩინი კი ლუი XIV-ის საცოლედაც კი მოიაზრებოდა.
1654 წელს მარია ანა ცოლად შერთეს მეფის ბიძაშვილს, კონტის პრინც არმან I-ს. ქორწინება 22 თებერვალს შედგა ლუვრის სასახლეში.
1668 წლის 24 მარტს მან შეასრულა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის როლი საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონის მარიონეტულ ნათლობაში.
მარია ანა გარდაიცვალა 1672 წლის 4 თებერვალს პარიზში, 34-35 წლის ასაკში.