ალანის მორისეტი დაიბადა ოტავაში (ონტარიო, კანადა) წარმოშობით უნგრელი მასწავლებლის — ჯორჯია მერი ენ ფოიერსტაინის და ფრანკო-კანადელი სკოლის დირექტორის — ალან რიჩარდ მორისეტის ოჯახში.[6] ალანისს ორი ძმა ჰყავს: ტყუპისცალი — უეიდი და უფროსი — ჩედი. ექვსი წლის ასაკში, ალანისმა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო და საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით გადაწყვიტა.[7] 1984 წელს, მორისეტმა თავისი პირველი სიმღერა — „Fate Stay with Me“ დაწერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკ-მომღერალს — ლინდზი მორგანს გაუგზავნა. მორგანმა მორისეტი თავის პროტეჟედ აქცია,[7] ხოლო „Fate Stay with Me“ ერთობლივი ძალებით მოძიებული ლეიბლის საშუალებით, მცირეტირაჟიან სინგლად გამოიცა, რომელმაც რამდენიმეჯერ რადიოშიც გაიჟღერა.[7]
ნიუ-იორკში მოსასმენად ჩასულმა მორისეტმა არჩევანი „სტარ სერჩზე“, ამერიკაში პოპულარულ ნიჭიერი ადამიანების კონკურსზე, შეაჩერა, სადაც ალანის ნადინის — თავისი პირველი და შუა სახელებით — წარდგა. მოგვიანებით, შოუში მონაწილეობის მისაღებად, მორისეტი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზს. 1988 წელს, მორისეტმა „ემ-სი-ეი პაბლიშინგთან“ დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მას თავის ერთ-ერთ დობილ დამოუკიდებელ ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმებაში დაეხმარა.[8] უფროს კლასებში ალანისი ოტავაში იმაკულატას საშუალო სკოლაში და გლების აკადემიურ ინსტიტუტში სწავლობდა.
მუსიკალური კარიერა
1990—1993: Alanis და Now Is the Time
1991 წელს „ემ-სი-ეი რეკორდსმა“ მორისეტის სადებიუტო ალბომი — Alanis გამოუშვა, რომელიც მხოლოდ კანადის მასშტაბით გამოიცა. ალმბომში შესული ყველა სიმღერა ალანისმა თავის პროდიუსერთან — ლესლი ჰოუის თანაავტორობით დაწერა. ალბომის გამოსვლისას, მორისეტს უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი თავის სასცენო სახელზე და მსმენელის წინაშე, უბრალოდ, ალანისის სახელით წარდგა. საცეკვაო პოპის მუსიკალურ ჟანრში გადაწყვეტილმა ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა,[9] ხოლო პირველი სინგლი — „Too Hot“ ჟურნალ „არ-პი-ემის“ სინგლების ჰიტ-აღლუმში საუკეთესო ოცეულში მოექცა; შემდგომი სინგლები — „Walk Away“ და „Feel Your Love“ კი საუკეთესო ორმოცეულში მოხვდა. მორისეტის მზარდმა პოპულარულობამ, არჩეულმა მუსიკალურმა სტილმა და გარეგნობამ, განსაკუთრებით კი თმის ვარცხნილობამ, მას კანადის დები გიბსონის სახელი მოუხვეჭა;[7] ხშირი იყო ტიფანისთან მსგავსებაც. იმავე პერიოდში ალანისი რეპერ ვანილა აისის კონცერტებს ხსნიდა.[10] 1992 წელს მორისეტი ჯუნოს ჯილდოზე სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი: წლის ყველაზე იმედისმომცემი ვოკალისტი ქალი (რომელიც მან მოიგო), წლის სინგლი და საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი (ბოლო ორ ნომინაციაზე სიმღერა „Too Hot“ იყო წარდგენილი).[11]
1992 წელს, მომღერალმა თავისი მეორე ალბომი Now Is the Time გამოუშვა. ბალადებით შთაგონებული ეს ჩანაწერი, Alanis-თან შედარებით, პოპისთვის დამახასიათებელი სიკაშკაშით ნაკლებად გამოირჩეოდა და უფრო დამაფიქრებელი ტექსტებით იყო დატვირთული.[7] ამ ალბომში შესული სიმღერებიც მორისეტმა თავის პროდიუსერებთან, ლესლი ჰოუისთან და სერჟ კოტთან ერთად დაწერა. ალბომის შესახებ მორისეტი ამბობდა: „ხალხს, რაც უნდა, ის თქვას, თუ უნდათ, ტიფანის შემადარონ… მაგრამ მე განსხვავებულად ვუყურებ ამ ყველაფერს… შენს მომდევნო ალბომს ხალხის მოწონება გარანტირებული აქვს, თუკი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იქნება.“[10] წინამორბედი Alanis-ის მსგავსად, Now Is the Time-იც მხოლოდ კანადაში გამოვიდა და საუკეთესო ორმოცეულში შესულ სამ სინგლს შეიცავდა: „An Emotion Away“-ს, adult contemporary სტილის მსმენელზე გათვლილ ხანმოკლე ჰიტს — „No Apologies“-ს და „(Change Is) Never a Waste of Time“-ს. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი პირველი ალბომის გაყიდვების ნახევარზე ოდნავ მეტი გაიყიდა, კომერციული თვალსაზრისით, Now Is the Time ჩავარდა.[7][12] რადგანაც „ემ-სი-ეი კანადასთან“ კონტრაქტი მხოლოდ ორი ალბომის ჩაწერას ითვალისწინებდა, მორისეტი ყოველგვარი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გარეშე დარჩა.
1993—1995: ლოს-ანჯელესში გადასვლა
1993 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მორისეტი ოტავადან ტორონტოში გადავიდა,[7] სადაც პირველად დაიწყო მარტო ცხოვრება და პარალელურად სიმღერის ტექსტების რამდენიმე ავტორს შეხვდა, თუმცა ეს მცელობები უშედეგო აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ნეშვილში მგზავრობასაც არანაირი შედეგი არ გამოუღია. თანამშრომლის პოვნის იმედით შეპყრობილი მორისეტი დროდადრო ლოს-ანჯელესში მოგზაურობდა, სადაც ძალიან ბევრ მუსიკოსთან მუშაობა დაიწყო.
ამავე პერიოდში, მან პროდიუსერი და სიმღერის ტექსტების ავტორი — გლენ ბალარდი გაიცნო, რომელთან შეხვედრის შემდეგ, 10 წუთშივე შემოქმედებით ცდებს შეუდგა.[7] მორისეტის თქმით, ბალარდი მისი პირველი თანამშრომელი იყო, რომელმაც მას საკუთარი ემოციების გამოხატვისკენ უბიძგა. წყვილმა ერთად დაწერა და მოგვიანებით მორისეტის მესამე ალბომი — „Jagged Little Pill“ გამოუშვა. 1995 წლის გაზაფხულზე კი „მავერიკ რეკორდსთან“ გააფორმეს კონტრაქტი.
1995—1998: Jagged Little Pill
„მავერიკ რეკორდსმა“ Jagged Little Pill საერთაშორისო მასშტაბით 1995 წელს გამოუშვა. ლეიბლის ჩანაფიქრით, ალბომი მხოლოდ გეგმით გათვალისწინებული ტირაჟით უნდა გაყიდულიყო, თუმცა მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა, როდესაც გავლენიანი ლოს-ანჯელესური რადიოსადგურის — „კეი-არ-ოუ-კიუს“დიჯეიმ ალბომის პირველი სინგლის — „You Oughta Know“-ს ეთერში გაშვება დაიწყო.[8] მკვეთრი, პირდაპირი ტექსტის წყალობით,[7] სიმღერამ მალევე მიიქცია ყურადღება, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს„ემ-ტი-ვის“ და „მაჩმიუზიკის“ ტელეარხებზე უკვე ხშირად ატრიალებდნენ.
ამ კომპოზიციაში პირველად ჩნდება მორისეტის შორსმჭვრეტელი, ნიუ-ეიჯური გურუ, რომელიც მღერის იმის შესახებ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადამიანს მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის.
„You Oughta Know“-ის წარმატების შემდეგ, ალმბომის სხვა ჰიტ-სინგლებმა ალბომი Jagged Little Pill ჰიტ-აღლუმების სათავეში მოაქციეს. „All I Really Want“-მა და „Hand In My Pocket“-მა პირველი სინგლის წარმატება გაიზიარეს, ხოლო აშშ-ში გამოშვებული მეოთხე სინგლი — „Ironic“ მორისეტის უდიდეს ჰიტად იქცა. მეხუთე და მეექვსე სინგლებმა — „You Learn“-მა და „Head over Feet“-მა, Jagged Little Pill-ს „ბილბორდ 200“-ის ალბომების ჰიტ აღლუმში ადგილი საუკეთესო ოცეულში ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნეს. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე დაყრდნობით, აშშ-ში გაყიდული თოთხმეტმილიონიანი ტირაჟის წყალობით, Jagged Little Pill ქალი მომღერლის საერთაშორისო მასშტაბით გამოსულ საუკეთესო სადებიუტო ალბომად ითვლება. ამასთანავე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ალბომი, ფაქტობრივად, მორისეტისთვის მესამე იყო, დანარჩენ მსოფლიოში ალბომის ოცდაათი მილიონი გაყიდული ეგზემპლარის წყალობით, Jagged Little Pill-მა ქალი მომღერლის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი გახდა.[3][4] ამავე პერიოდში, მორისეტის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კანადაში, სადაც ალბომმა თორმეტგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა,[9] ხოლო სინგლებმა — „Hand In My Pocket“, „Ironic“, „You Learn“ და „Head over Feet“-მა „არ-პი-ემის“ ჰიტ-აღლუმის სათავეში მოქცევა შეძლეს. გარდა კანადისა, ალბომი ბესტსელერი გახდა ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.[13][14]
ტურნეს მსვლელობისას, მორისეტს მუსიკის ინდუსტრიამ იმედები გაუცრუა და განაცხადა, რომ მუდმივმა მგზავრობამ, ხანმოკლე და ზედაპირულმა ურთიერთობებმა და ნარკოტიკებით სავსე წვეულებებმა დაღალა და კარიერის მიტოვება გადაწყვიტა. ბალანსის მისაღწევად მომღერალი იენგარისეული იოგით დაკავდა და ბოლო შოუ-კონცერტის შემდეგ, რომელიც 1996 წლის დეკემბერში გაიმართა, იგი დედასთან, ორ დეიდასთან და ორ მეგობარ გოგოსთან ერთად ინდოეთში გაემგზავრა.[22]
1998—2001: Supposed Former Infatuation Junkie და Alanis Unplugged
არაოფიციალურად, ლეიბლი ალბომის პირველი გამოშვების მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავდა.[24] თუმცა, „ბილბორდ 200“-ში პირველ ადგილზე მოხვედრილი ალბომი პირველ კვირაში 469 000-იანი ტირაჟით გაიყიდა, რაც იმ დროისთვის ქალი მომღერლისთვის პირველი კვირის გაყიდვების რეკორდი იყო.[25] ალბომ Supposed Former Infatuation Junkie-ს სიმღერების სიტყვებით დახუნძლულმა, პირადულმა ტექსტებმა ბევრ თაყვანისმცემელში იმედგაცრუება გამოიწვია და მას შემდეგ, რაც იგი წინამორბედ Jagged Little Pill-თან შედარებით მცირე ტირაჟით გაიყიდა, ალმობს ხშირად „მეორე ალბომის სტანდარტული შეცდომის“ აშკარა მაგალითს უწოდებდნენ.[7][26] მიუხედავად ამისა, ჩანაწერმა დადებითი შეფასება დაიმსახურა, მათ შორის ოთხი ვარსკვლავი ჟურნალ „როლინგ სტოუნისგან“.[27] კანადაში ალბომმა ჯუნოს ჯილდო საუკეთესო ალბომისთვის და ოთხგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა.[9][28] სიმღერა „Thank U“, ალბომის ერთადერთი საერთაშორისო მასშტაბის ჰიტ-სინგლი, ნომინირებული იყო 2000 წლის გრემის ჯილდოზექალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულების კატეგორიაში, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ, რომელშიც მორისეტის შიშველი სხეული იყო აღბეჭდილი, ზომიერი პოლემიკა გამოიწვია.[24][29] თავად მორისეტი რეჟისორის ამპლუაში წარდგა თავისი ორი მუსიკალური ვიდეოსთვის — სიმღერებისთვის „Unsent“ და „So Pure“, რომლებიდანაც პირველმა მაჩმიუზიკის ვიდეო დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ხოლო მეორემ ჯუნოს ჯილდო წლის ვიდეოსთვის დაიმსახურა.[28][30] სიმღერა „So Pure“-ზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოში მსახიობი დეშ მაიჰოკი მონაწილეობს, რომელთანაც მორისეტს იმ დროს პირადული ურთიერთობა ჰქონდა.[24]
იმავე პერიოდში, მორისეტმა თავისი ვოკალი ჯონათან ელიასის პროექტის The Prayer Cycle-ის ორი სიმღერისთვის — „Mercy“ და „Innocence“-სთვის ჩაწერა, რომლებიც 1999 წელს გამოიცა. იმავე წელს, მორისეტმა თავისი ცოცხალი აკუსტიკური ალბომი Alanis Unplugged გამოუშვა, რომელიც სატელევიზიო გადაცემა MTV Unplugged-ზე მორისეტის გამოსვლისას ჩაიწერა. მასში შევიდა სიმღერები მომღერლის წინა ორი ალბომიდან და დამატებით ოთხი ახალი სიმღერა, რომელთა შორის იყო „King of Pain“ (ჯგუფ „The Police“-ის სიმღერის მორისეტისეული ვერსია) და „No Pressure over Cappuccino“, რომელიც მორისეტმა თავის მთავარ გიტარისტთან, ნიკ ლეშლისთან ერთად დაწერა. პარალელურად, ალბომ Supposed Former Infatuation Junkie-დან სინგლის სახით გამოსული სიმღერა „That I Would Be Good“ აშშ-ის hot adult contemporary რადიოსადგურებზე მცირე ჰიტად იქცა. 1999 წელსვე, მორისეტმა თავისი სიმღერის „Are You Still Mad“-ის საკონცერტო ვერსია ჩაწერა, რომელიც საქველმოქმედო ალბომში Live in the X Lounge II შევიდა. ფესტივალ „ვუდსტოკ '99“-ზე „So Pure“-ის ცოცხალი ინტერპრეტაციისთვის 2001 წლის გრემის დაჯილდოევებაზე მორისეტი ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულების კატეგორიაში იყო წარდგენილი.[31]
2001—2003: Under Rug Swept და Feast On Scraps
2001 წელს, სტეფანი მაკ-კეისთან ერთად მორისეტმა სიმღერა „Excess“ ჩაწერა, რომელიც ტრიკის ალბომში Blowback შევიდა. 2002 წლის თებერვალში კი თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, Under Rug Swept, გამოუშვა, სადაც თავისი კარიერის მანძილზე პირველად, ალბომის დამოუკიდებელი ავტორიც და პროდიუსერიც იყო. ალმბომის ჩაწერის დროს, გამოყენებულ ინსტრუმენტთა უმეტესობაზე მორისეტის ბენდი უკრავდა, რომელიც ჯოელ შირერის, ნიკ ლეშლის, კრის ჩანისა და გარი ნოვაკისგან შედგებოდა, თუმცა თავისი წვლილი ერიკ ეივერიმ, დინ დელიომ, ფლიმ და მეშელ ნდიჯიოჩელომაც შეიტანეს. ალბომის ჩაწერის შემდეგ, მორისეტმა მალევე სრულიად ახალი ბენდი აიყვანა, რომელიც ჯეისონ ორმესგან, ზაკ რეისგან, დევიდ ლევიტასგან და ბლერ სინტასგან შედგებოდა და მას შემდეგ უცვლელი შემადგენლობით, მორისეტთან ერთად განაგრძობს მუშაობას.
Under Rug Swept-ის დებიუტი „ბილბორდ 200“-ში პირველ პოზიციაზე შედგა. კანადაში ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა, ხოლო აშშ-ში მისი 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.[9][32] მასში შევიდა ჰიტ-სინგლი „Hands Clean“, რომელიც კანადის სინგლების ჰიტ-აღლუმის სათავეებში მოექცა და რადიოეთერში მნიშვნელოვანი სიხშირით გადიოდა. სიმღერების „Hands Clean“-ის და „So Unsexy“-ის ჩაწერაში გაღებული წვლილისთვის მორისეტმა ჯუნოს ჯილდო წლის პროდიუსერისთვის დაიმსახურა.[33] ალბომიდან გამოიცა აგრეთვე მეორე სინგლი „Precious Illusions“, რომელსაც კანადის და აშშ-ის რადიოსადგურების გარდა, მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არსად მიუღწევია.
მოგვიანებით, 2002 წელს, მორისეტმა ე. წ. „კომბინირებული პაკეტი“, Feast on Scraps, გამოუშვა, რომელშიც მისი რეჟისურით გადაღებული ცოცხალი კონცერტისა და კულისებსმიღმა დოკუმენტური მასალის ამსახველი DVD შევიდა; ასევე, მასში შედიოდა კომპაქტ-დისკი, რომელიც Under Rug Swept-ის ჩაწერის პერიოდიდან მანამდე გამოუქვეყნებელ რვა სიმღერას შეიცავდა. პაკეტი, რომელსაც წინ სინგლი „Simple Together“ უსწრებდა, აშშ-ში დაახლოებით 70 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და ჯუნოს ჯილდოზე წლის მუსიკალური DVD-სთვის იყო ნომინირებული.[32][34]
2004—2005: So-Called Chaos, Jagged Little Pill Acoustic და The Collection
2004 წლის ჯუნოს დაჯილდოებაზე მორისეტი წამყვანის ამპლუაში წარდგა, სადაც იგი სააბაზანო ხალათში იყო გამოწყობილი, რომელიც მოგვიანებით გაიხადა, რათა ხორცისფერი ტრიკოტაჟი გამოეჩინა. ეს ჟესტი ერთგვარი პასუხი იყო აშშ-ში დამკვიდრებულ ცენზურის პერიოდზე, რომელიც სუპერ ბოულ XXXVIII-ის შესვენების შოუს დროს, ჯანეტ ჯექსონის მკერდის გამოჩენის ინციდენტმა გამოიწვია.[35] 2004 წლის მაისში, მორისეტმა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი, So-Called Chaos, გამოუშვა. ამჯერადაც სიმღერების ტექსტების ავტორი თავად მორისეტი იყო, ხოლო პროდიუსერებად ტიმ თორნი და პოპ მუსიკის პროდიუსერი — ჯონ შენკსი მოიშველია. „ბილბორდ 200“-ის ჰიტ-აღლუმში ალბომის დებიუტი მეხუთე პოზიციაზე შედგა და არაერთგვაროვანი კრიტიკული მიმოხილვები დაიმსახურა. საბოლოო ჯამში, იგი მორისეტის მიერ აშშ-ში ყველაზე ნაკლებად გაყიდვად ალბომად იქცა.[32] მთავარმა სინგლმა — „Everything“უფროსთა საუკეთესო 40-ეულის სტილის აშშ-ის რადიოსადგურებზე დიდ წარმატებას მიაღწია და სხვაგანაც, კერძოდ კანადაში, ზომიერი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა აშშ-ის ბილბორდის ცხელი 100-ეულის საუკეთესო 40 სიმღერაში ვერ მოხვდა. იმ გარემოების გამო, რომ სიმღერის ტექსტის პირველი ხაზი შეიცავდა სიტყვას „asshole“ (ვულგ. დებილი ან ნებისმიერი სხვა უუნარო ადამიანი), აშშ-ის რადიოსადგურებმა უარი თქვეს მის ეთერში გაშვებაზე, რამაც სიმღერის სინგლის ვერსიაში ამ სიტყვის „nightmare“-ით (ღამის კოშმარი) ჩანაცვლება გამოიწვია.[35] ალბომის დანარჩენ ორ სინგლს „Out Is Through“-სა და „Eight Easy Steps“-ს „Everything“-თან შედარებით, კომერციული თვალსაზრისით, ნაკლები წარმატება ხვდათ წილად, თუმცა საცეკვაო რემიქსი სიმღერაზე „Eight Easy Steps“ აშშ-ს საკლუბო ჰიტი გახდა.
პირველ სინგლს ალბომიდან So Called Chaos, რომელშიც მორისეტი უფრო დამშვიდებული და საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკულია, შედარებით მოკრძალებული პოპულარობა ხვდა წილად.
„Hand in My Pocket“ ეს სიმღერა ალბომ Jagged Little Pill Acoustic-იდან პირველი სინგლი იყო აშშ-ში და მასზე გადაღებული ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2005 წლის ივლისში.
ზაფხულის ტურნეში აშშ-ის გარშემო მორისეტი თავის დიდი ხნის მეგობრებთან და თანამემამულე კანადელებთან — ჯგუფ „ბეანეიკიდ ლეიდისთან“ ერთად გაემგზავრა, რომლის დროსაც არაკომერციულ გარემოს დაცვის ორგანიზაცია „რევერბთან“ ერთად თანამშრომლობდნენ.[36]
Jagged Little Pill-ის გამოსვლიდან ათი წლისთავის აღსანიშნავად, 2005 წლის ივნისში მორისეტმა ამ ალბომის სტუდიური აკუსტიკური ვერსია — Jagged Little Pill Acoustic გამოუშვა. ალბომი გაყიდვაში ექსკლუზიურად „სტარბაქსის“ საცალო გაყიდვის კონცეფციის — „ჰია მიუზიკის“ საშუალებით გავიდა, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში, ჩანაწერის მხოლოდ ამ ქსელის კაფეების მეშვეობის გავრცელებას ითვალისწინებდა. ალბომის შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ „მავერიკ რეკორდსსა“ და „ეიჩ-ემ-ვი სამხრეთ ამერიკას“ შორის დაპირისპირება გამოიწვია, რომელმაც „სტარბაქსის“ ექსკლუზიური გაყიდვის პერიოდში, მორისეტის სხვა ალბომები გაყიდვიდან მოხსნა.[37][38] აშშ-ში Jagged Little Pill Acoustic-ის დაახლოებით 300 000 ეგზემპლარი გაიყიდა,[32] ხოლო სიმღერა „Hand in My Pocket“-ზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს აშშ-ში მუსიკალური ტელეარხის — „ვი-ეიჩ-ვანის“ ეთერში ატრიალებდნენ. თანმხლებმა ტურნემ, რომელიც 2005 წლის შუა პერიოდში დაიწყო, ორ თვეს გასტანა, რომლის დროსაც მორისეტი მცირე თეატრალურ დარბაზებში გამოდიოდა. იმავე პერიოდში, მორისეტის სახელი კანადის დიდების ხეივანში შეიტანეს.[1]
2005 წლის მიწურულს კი მომღერალმა თავისი უდიდესი ჰიტების ალბომი — Alanis Morissette: The Collection გამოუშვა. ძირითადმა სინგლმა და ერთადერთმა ახალმა სიმღერამ — სილის„Crazy“-ის მორისეტისეულმა ვერსიამ გარკვეულ წინსვლას უფროსთა საუკეთესო 40-ეულში მიაღწია და საცეკვაო ჰიტი გახდა, თუმცა სხვა ჰიტ-აღლუმებში მინიმალური წარმატება ხვდა წილად, ისევე როგორც მთლიანად ალბომს. The Collection-ის შეზღუდულ გამოშვებაში შევიდა DVD, რომელიც შეიცავს დოკუმენტურ კადრებს ორი გამოუცემელი სიმღერის, „King of Intimation“-სა და „Can’t Not“-ის (სიმღერა „Can’t Not“-ის დამუშავებული ვერსია აგრეთვე შესულია ალბომში Supposed Former Infatuation Junkie), შესახებ მორისეტის 1996 წლის ტურნედან — Can't Not Tour. DVD აგრეთვე შეიცავს სინგლ „Joining You“-ზე გადაღებულ გამოუცემელ ოთხმოცდაათწამიან მუსიკალურ მუსიკალურ ვიდეოს. მოგვიანებით მორისეტმა ფილმისთვის „ნარნიის ქრონიკები: ლომი, ალქაჯი და გარდერობი“ სიმღერა „Wunderkind“ ჩაწერა, რომელიც ოქროს გლობუსის ჯილდოზესაუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის იყო ნომინირებული.[39]
მორისეტის მუსიკალურ კარიერაში 2006 წელი აღსანიშნავია იმით, რომ მომღერალს არც ერთი საკონცერტო გამოსვლა არ ქონია, სადაც თავისი სიმღერა შეუსრულებია. გამონაკლისია მორისეტის გამოჩენა გადაცემაში „საღამოს შოუ ჯეი ლენოსთან ერთად“, სადაც იანვარში მან სიმღერა „Wunderkind“ შეასრულა.
2007 წლის 1 აპრილს მორისეტმა გამოუშვა ირონიული პაროდია ჯგუფ „The Black Eyed Peas-ის“ სიმღერა „My Humps“-ზე, რომელიც მან წყნარი, სევდიანი ხმით ჩაწერა, აკომპანემენტს კი მხოლოდ ფორტეპიანო უწევდა. თანმხლები მუსიკალური ვიდეო, რომლის ინტერნეტში ჩვენებასაც „YouTube“ უზრუნველყოფდა და რომელშიც მორისეტი მამაკაცების ჯგუფთან ერთად გამომწვევად ცეკვავდა და ურტყამდა მათ, ვინც მისი „ქალური ბორცვების“ შეხებას ცდილობდა, 7 ივნისისთვის თხუთმეტმა მილიონმა ადამიანმა ნახა.[40] გარკვეული დროის განმავლობაში, სიმღერის ასახსნელად მორისეტს არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია და თეორიის დონეზე ითვლებოდა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.[41] პასუხად, The Black Eyed Peas-ის ვოკალისტმა — სტეისი (ფერგი) ფერდისონმა მორისეტს დუნდულების ფორმის ნამცხვარი გაუგზავნა, რომელსაც წერილი დაურთო, სადაც თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა.[42] თავისი ბოლო ალბომის გამოშვებისას, მომღერალმა საბოლოოდ განავრცო ვიდეოს შექმნის ისტორია და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ახალი სიმღერების ჩაწერის დროს ძალიან დაიტვირთა ემოციურად და ერთ დღესაც, გაი სიგსვორთან საუბარში გამოხატა სურვილი, რომ My Humps-ივით მარტივი სიმღერა გაეკეთებინათ და როდესაც მასზე მუშაობა დაიწყეს, სწორედ ამ დროს მიიღეს ხუმრობის გადაწყვეტილება.[40]
მორისეტის მეშვიდე სტუდიური ალბომი, Flavors of Entanglement, რომლის პროდიუსერი გაი სიგსვორთი იყო, 2008 წლის შუა ხანებში გამოვიდა. მომღერლის განცხადებით, 2008 წლის ბოლოს, იგი ჩრდილოეთ ამერიკის გარშემო ტურნეში გაემგზავრება, მანამდე კი ალბომის საერთაშორისო პოპულარიზაციას სხვადასხვა შოუსა თუ ფესტივალში და სატელევიზიო თუ რადიო გამოსვლებით აპირებს. ალბომის პირველი სინგლი „Underneath“ იყო, რომლის მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო 2007 წლის ელევეიტის კინოფესტივალზე მოხვდა, რომლის მიზანიც ისეთი მუსიკალური ვიდეოების, კომენტარების, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმების თავმოყრაა, რომლებიც დედამიწაზე კაცობრიობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებიან.[43]
მორისეტმა აგრეთვე სამეცნიერო სტატიის წერა დაიწყო ქალების პრობლემების შესახებ, რომელიც 2008 წლის მაისის მდგომარეობით, ნახევრამდე იყო დასრულებული. მასში იქნება თავები, რომლებიც სექსუალობას, სილამაზეს, ურთიერთობებს და სამუშაოს შეეხება და ნაწილობრივ იმ ახალგაზრდა ქალების ისტორიებით იყო ინსპირირებული, რომლებიც მორისეტს თავიანთი ტკივილის შესახებ რეგულარულად უყვებიან.[44]
1999 წელს, მორისეტი კვლავ დაუბრუნდა დიდ ეკრანს. მან კევინ სმითის ფილმში „დოგმა“ღმერთის როლი შეასრულა და სიმღერა „Still“ ჩაწერა. ფილმის რეჟისორმა, რომელიც იმავდროულად მორისეტის თაყვანისმცემელიც იყო, რამდენიმეჯერ სთხოვა მას, მონაწილეობა მიეღო ფილმში, თუმცა, მოუცლელობის გამო, მორისეტს ქალის მთავარი როლის შესრულებაზე უარის თქმა მოუხდა. იმ დროისთვის, როცა მორისეტის სამუშაო გრაფიკი ნაკლებად დატვირთული გახდა, მხოლოდ ღმერთის როლი იყო დარჩენილი, რომელიც დიალოგს საერთოდ არ გულისხმობდა და მორისეტს მხოლოდ ერთხელ, ისიც ფილმის ბოლოში უწევდა გამოჩენა. მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო ტელეარხ „HBO“-ს ისეთ პოპულარულ კომედიებში, როგორებიცაა „სექსი დიდ ქალაქში“ და „დაიოკე ენთუზიაზმი“, ხოლო თეატრალურ სცენას სპექტაკლში „ ვაგინას მონოლოგები“ განსახიერებული ერთ-ერთი როლით დაუბრუნდა.
2003 წლის ბოლოს, სპექტაკლში „გამართლებული“ (The Exonerated) მორისეტმა სანი ჯეიკობსის, სიკვდილით დასჯის მომლოდინე პატიმრის, როლი შეასრულა, რომელსაც ბოლოში უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ. 2006 წლის აპრილში, ემ-ტი-ვი ნიუსმა გამოაცხადა, რომ იმავე წლის მაისში მორისეტი ამ როლს ლონდონში ითამაშებდა.[47]
მორისეტის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით, იგი ფილიპ დიკის რომანის „ალბემუტის თავისუფალი რადიოს“ კინოეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სილვიას, ლიმფომისგან მოულოდნელად განკურნებული უბრალო ქალის როლს შეასრულებს. ალანისის თქმით, იგი დიკის წიგნების „დიდი თაყვანისმცემელი“ იყო, რომელთაც „პოეტური და მხატვრულად მდიდარი“ უწოდა.
მოზარდობის ასაკში, თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე, მორისეტი ანორექსიითა და ბულიმიით იყო დაავადებული, რაც მისი პირველი ალბომის ჩაწერის პერიოდში, ხელმძღვანელობის ზეწოლამ გამოიწვია. მომღერალი იხსნენებს, რომ ერთხელ, როდესაც სტუდიაში სიმღერის ვოკალური ნაწილის გადასაკეთებლად მივიდა, პიროვნებამ, რომელმაც გამოიძახა, უთხრა, რომ მას სურდა მის წონაზე დალაპარაკებოდა, რადგან მსუქანი მომღერალი ვერ იქნებოდა წარმატებული. მორისეტი სტაფილოს, შავი ყავის და მელბას ტოსტების დიეტაზე გადავიდა, რამაც მისი სხეულის წონის თხუთმეტი-ოცი ფუნტით (დაახ. 7-9 კგ-ით) კლება გამოიწვია. შედეგად, იგი თერაპიას შეუდგა, რომელსაც მორისეტმა ასე დაახასიათა: „[ჩემი ტვინის] გამოპროგრამების დიდი პროცესი. ვცდილობ მახსოვდეს, რომ როგორი ტანიც არ უნდა მქონდეს, იგი მაინც მშვენიერია თავისი ბუნებრივობით“.[49]
2004 წლის შუა ხანებისთვის, მორისეტი რელიგიური ორგანიზაციის — საყოველთაო სიცოცხლის ეკლესიისღვთისმსახური გახდა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი სასყიდელის გარეშე, ნაწილობრივ მყისიერი ზიარების საშუალებას აძლევენ.[50][51] ივნისში კი მორისეტმა ფართო საზოგადოებას მისი და თანამემამულე მსახიობის — რაიან რეინოლდსის დანიშვნის შესახებ აუწყა.[52] იმავე პერიოდში, ალანისმა ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გაზეთს „დეილი მირორს“, რომელშიც იგი თავის ჰომოსექსუალურ გამოცდილებებზე, თოთხმეტი წლის ასაკში ოცდაცხრა წლის მამაკაცთან ინტიმურ ურთიერთობებზე საუბრობდა და მოკლედ შეეხო ნარკოტიკებისადმი მისი დამოკიდებულების საკითხს. სტატიაში მან აღნიშნა: „ჩემი დამღუპველი ჩვევა სამუშაო და საჭმელი იყო. ზოგჯერ ვეწეოდი „პლანს“, თუმცა ალბათ იმდენად მიყვარს ყველაფრის კონტროლი, რომ ნარკომანია ჩემთვის უცხოა“.[53]
2005 წლის თებერვალში, მორისეტი ამერიკის შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქე გახდა, თუმცა თავისი კანადური მოქალაქეობაც შეინარჩუნა. მორისეტი თავის თავს კანადური წარმოშობის ამერიკელს უწოდებს.[5]
ჟურნალ „როლინგ სტოუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მორისეტმა გაამხილა, რომ 2006 წელს საკუთარ წიგნზე მუშაობას აპირებს. თავის წიგნზე მან ასეთი რამ თქვა: „ეს იქნება მთელი ის სიბრძნე, რაც ჩემი ოცდათერთმეტწლიანი ცხოვრების განმავლობაში დავაგროვე (…) ბევრი რამ დაიწერება ურთიერთობებზე, პოპულარობაზე, მოგზაურობაზე, სხეულის აგებულების საკითხებზე, სულზე — ყველაფერი ეს მწვავე იუმორით იქნება გაჯერებული, რადგან ამის გარეშე არ შემიძლია“.[39]
2005 წლის ივნისში ჟურნალმა „პიპლმა“ საზოგადოებას აუწყა, რომ მორისეტი თავის საქმროს — რაიან რეინოლდსს დაშორდა, თუმცა არცერთმა მხარემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.[54] მომავალ თვეს ცნობილი გახდა, რომ ისინი ისევ ერთად არიან.[55] „კონტაკტ მიუზიკმა“ კი დაამატა, რომ დაშორების თემა უბრალო „ჭორი“ იყო[56] და გაჩნდა სურათი, სადაც წყვილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში ხელჩაკიდებული დადიოდა.[57] თუმცა, 2007 წლის თებერვალში, მორისეტის და რეინოლდსის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ წყვილმა თავიანთი დანიშვნის გაუქმების ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.[58]
2008 წლის ივნისში, როდესაც მორისეტს მის ახალ ალბომში შესული რამდენიმე გულწრფელი სიმღერის შესახებ ჰკითხეს, უპასუხა: „ცხოვრებაში ძალიან ბევრი ჩავარდნა მქონდა. მთლად ფსკერზეც კი დავშვებულვარ. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მალევე ვახერხებდი წამოდგომას. ეს ნამუშევარი ჩემი აღორძინების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია“.[59]