თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა (ყოფილი საქართველოს საჰაერო ძალები, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები) — საქართველოს თავდაცვის ძალების საჰაერო ძალა. 1992 წელს შეიქმნა, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილი. 2016 წელს, თავდაცვის ძალების რეფორმის შემდეგ გარდაიქმნა თავდაცვის ძალების სარდლობად.[2]
ისტორია
სამხედრო-საჰაერო ძალების ჩამოყალიბება დაიწყო 1991-1992 წწ საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად. 1992 წლის 1 იანვარს შეიქმნა სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო. 1992 წელს მიღებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ კანონი, რომელმაც განსაზღვრა საჰაერო ძალების როლი რესპუბლიკის თავდაცვაში. 1995 წლის 27 აპრილს სსძ-ს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა, ამ დროისთვის საჰაერო ძალებში უკვე ირიცხებოდა 1,000 კაცი. 1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ახალი კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“, რომელმაც ხელახლა განსაზღვრა სამხედრო-საჰაერო ძალების ადგილი სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზებაში.[3] 2001 წლის საკანონმდებლო ცვლილებით სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა[4], ხოლო 2010 წელს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც შეიარაღებული ძალების შემადგენლი სახეობა გაუქმდა[5] და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადების სახით[6]. გაუქმებამდე მის შემადგენლობაში იყო 1,813 სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი, 22-მდე სამხედრო თვითმფრინავი (სუ-25КМ/УБ, L-39, იაკ-52), 11 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი (მი-24, მი-8, UH-1H, მი-2) და 380 საჰაერო თავდაცვითი რაკეტა კლასი „მიწა-ჰაერი“.
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი 1992-2010 წწ, რომლის დანიშნულებაც იყო საქართველოს სამხედრო ძალების სხვა სახეობებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. სამხედრო-საჰაერო ძალებში გაუქმებამდე ირიცხებოდა 1 813 პერსონალი და მის განკარგულებაში იყო სხვადასხვა ტიპი სამხედრო-საჰაერო ტექნიკა. სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ და შემდგომ საქართველოს 1997 წელის 31 ოქტომბრის კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“. ამჟამად, საქართველოს სსძ, მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პერსონალით, გარდაქმნილია სახმელეთო ჯარების საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადებად.
თვითმფრინავის ინვენტარი
აღჭურვილობა
- თვითმფრინავები
- ვერტმფრენები
საჰაერო თავდაცვა
გალერეა
-
მი-24 მოიერიშე ვერტმფრენი
-
-
-
-
-
მი-8Т სატრანსპორტო ვერტმფრენი
-
-
საქართველოს სუ-25KM
ბრძოლები
სამხედრო-საჰაერო ძალები აქტიურად მონაწილეობდა, როგორც 1992-1993 წწ აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში, ისე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში.
აფხაზეთის ომში 1992 წლის 28 სექტემბრიდან 1993 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს ძალებმა 280-მდე საბრძოლო გაფრენა შეასრულეს. ქართულ მოიერიშეებს მართავდნენ პილოტები: სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე, ვალერი ნაყოფია, სლავა ჯაბუა, დაქა ყიზილაშვილი, რეზო ნარუშვილი, თამაზ ნადირაშვილი, კახა თვაური, ალან ლაკოევი, ზვიად ბექაური, ვოვა შებეტოვი, ლადო ავლოხაშვილი, მალხაზ ტაბატაძე, გოჩა შინგაზდილოვი, დავით გუგულაშვილი, ვლადიმერ ბალაევი, იგორ ბედუსენკო და ზურაბ იარაჯული. საბრძოლოს მოქმედებების დროს საქართველომ ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი და ათზე მეტი შვეულმფრენი დაკარგა. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე 1993 წლის 23 სექტემბერს დაიღუპა სოხუმთან ბრძოლების დროს.[7]
მისიები და მიზნები
თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ამოცანები:
- საქართველოს საჰაერო სივრცის მართვა და კონტროლი;
- სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვა;
- სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა;
- ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური მხარდაჭერა;
- სამედიცინო ევაკუაცია;
- სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება და რეკოგნოსცირება.
პროფესიული დღე
პირველი სამხედრო გაფრენა 1992 წლის 19 სექტემბერს შესრულდა სუ–25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით და ეს დღე 1995 წელს ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ევროპის ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალები |
---|
| | |
|