„ავატარზე“ მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც კამერონმა ფილმის 80 გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის „ტიტანიკზე“ მუშაობის დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა. ნა'ვი-ს უცხოპლანეტელთა რასის სასაუბრო ენაზე მუშაობა 2005 წლის ზაფხულში დაიწყო, 2006 წლის დასაწყისიდან კი კამერონი შეუდგა სცენარისა და „ავატარის“ გამოგონილი სამყაროს დახვეწა-განვითარებას.
ფილმის ოფიციალური ბიუჯეტი $237 მილიონს შეადგენს. სხვა წყაროები იტყობინება, რომ „ავატარის“ გადაღება მიახლ. $280–310 მილიონი დაჯდა, პლიუს $150 მილიონი მარკეტინგისთვის. ფილმი გამოვიდა როგორც ტრადიციული ორ-განზომილებიანი, ისევე 3D (სამ-განზომილებიანი) ფორმატით. „ავატარი“ დიდ გარღვევად შეფასდა კინოწარმოების ტექნოლოგიებში. კამერები, რომლებითაც მას იღებდნენ, სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. კრიტიკულ და კომერციულ წარმატებას ადასტურებს მისი გამოსვლის პირველივე დღეს შემოსული 27 მილიონი დოლარი.
„ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა ლონდონში, მსოფლიო-მასშტაბით კი 16 დეკემბრიდან გავიდა. საოცრად მოკლე დროში „ავატარმა“ წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალ-შემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რა „ტიტანიკი“, რომელიც 12 წლის მანძილზე ფლობდა ამ საპატიო ტიტულს. კამერონის დაპირებისამებრ, 2020, 2021, 2024 და 2025 წლებში [6] გამოვა „ავატარის“ შემდეგი ნაწილებიც.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
2154 წელი. ჯეიკ სალი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზღვაო ძალებში მსახურობდა. ის დაჭრეს ვენესუელაში, რის გამოც ინვალიდის ეტლზე სამუდამოდ მიჯაჭვული დარჩა. მისი ტყუპისცალი ძმა, რომელიც მეცნიერია, აპირებს 4.3 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებულ პლანეტა პანდორაზე, სადაც კორპორაციები მოიპოვებენ მინერალ ანობტანიუმს, რომელიც დედამიწაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს.
ავატარები წარმოადგენენ გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნილ ჰიბრიდებს, რომლებიც შედგენილები არიან ადამიანის და პლანეტა პანდორას ძირძველი მოსახლეების, ნა'ვის დნმ-ის კომბინირებით. შესაძლოა ავატარის დისტანციურად მართვა - ოღონდ მხოლოდ ისეთი ოპერატორის მიერ, რომლისთვისაც ის იქნა შექმნილი (ან მისი გენეტეკური ტყუპისცალის მიერ).
ჯეიკის ძმა უცნაურ ვითარებაში იღუპება პანდორაზე გაფრენის წინ. ვინაიდან ახალი ავატარის შექმნა ძვირი ჯდება, ჯეიკს (რომელიც ძმის ტყუპისცალია) შესთავაზებენ პლანეტაზე ავატარის მართვას, მიუხედავად იმისა, რომ მას მეცნიერული გამოცდილება არ გააჩნია. თავდაპირველად ის თანხმდება ამაზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ შესძლებს ოპერაციისათვის ფულის დაგროვებას და კვლავ სიარულს (ჯეიკი ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული).
პანდორაზე ჯეიკის ავატარის ამოცანას წარმოადგენს ნა'ვის ტომის მხრიდან სიმპატიებისა და ნდობის გამოწვევა, სინამდვილეში კი მან უნდა დაარწმუნოს აბორიგენები, გადასახლდნენ სხვაგან, ვინაიდან ადამიანების ამოცანებში შედის მათი მთავარი საცხოვრებლის, გიგანტური ხის ქვეშ მდებარე ანობტანიუმის დიდი მარაგის დედამიწაზე გადაზიდვა. ამასთან ერთად, ჯეიკს ავალებენ სხვა სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებასაც, იმ შემთხვევისათვის, თუკი აბორიგენები გაჯიუტდებიან და საჭირო გახდება მათ მიმართ ძალის გამოყენება. ნეიტირი, ულამაზესი აბორიგენი ქალი, ერთ-ერთი ტომის წინამძღოლის შვილი, გადაარჩენს ჯეიკს და სწორედ აქედან მოყოლებული ის შედის ტომთან კონტაქტში. ჯეიკი სწავლობს მათთან ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს და ბრძოლას.
რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს ჯეიკი და ნეიტირი, მით უფრო პატივს სცემს ის ნა'ვის ჰარმონიულ სამყაროს. მალე კოლონიის მმართველობა გადაწყვიტავს, გააგდოს აბორიგენები. ამავე დროს ჯეიკი ყველაზე მეტად დაახლოებულია ნეიტირისთან. მან იცის, რომ ადამიანების შემოტევა კატასტროფის ტოლფასია. მისი თხოვნა ძალისმიერი საშუალებებით პლანეტის აღებაზე შედეგს არ გამოიღებს. მაშინ ჯეიკი აჯანყებას იწყებს.
თანამოაზრეებთან ერთად იგი იპარავს ავატარების მართვის მოწყობილობებს და გადადის ნა'ვის მხარეს. ის აერთიანებს ნა'ვის ყველა ტომს და ადამიანების წინააღმდეგ აჯანყებს. მწარე ბრძოლის დროს განადგურებულია ჯარების დიდი რაოდენობა და მოკლულია მთავარი მოწინააღმდეგე - პოლკოვნიკი კუორიჩი, რომელიც ნა'ვის განადგურებას აპირებდა. ცოცხლად დარჩენილები გაგდებულები არიან პლანეტიდან დანაგვიანებულ და ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩენილ დედამიწაზე - იმ პირობით, რომ ანობტანიუმის მოპოვება შეწყდება.
ჯეიკი რჩება აბორიგენებს შორის და საბოლოოდ წყვეტს კავშირს ადამიანურ სხეულთან, გადასახლდება რა ავატარში სიცოცხლის ხის ეივას ბიოლოგიური ენერგიის დახმარებით.
როლები და პერსონაჟები
ადამიანები
სემ უორთინგტონი — ჯეიკ სალი, საზღვაო ჯარების ყოფილი სამხედრო, რომელიც ავატარის პროგრამაში მონაწილეობს მას შემდეგ, რაც მისი ტყუპი ძმა მოკლული იქნა.
სტივენ ლენგი — პოლკოვნიკი მაილ ქუორიჩი, სამხედრო სამსახურის ერთგული, ფილმის მთავარი უარყოფითი გმირი.
სიგურნი უივერი — გრეის ოგასტინი, ასტრობიოლოგი, სალის ზედამხედველი და ნა'ვისთან მოლაპარაკებების მონაწილე. მისი ინიციატივით დაარსებული იქნა სკოლა, რომელშიც ნა'ვის ხალხს ინგლისურ ენას ასწავლიდნენ.[7]