შანხაის მეტროპოლიტენი (ჩინ 上海地铁) — ქალაქ შანხაისმეტროსისტემა; ჩინეთი. მეტროპოლიტენს დღიურად 3 მლნ ადამიანი გადაჰყავს. ახალი სადგურების გახსნის შემდეგ მგზავრთა ნაკადის საგრძნობ მატებას ელიან. შანხაი მესამე ქალაქია ჩინეთში პეკინისა და ტიანძინის შემდეგ, სადაც მეტროს მშენებლობა იქნა დაწყებული. 2006 წლის მდგომარეობით კი, ყველაზე გრძელი სალიანდაგო მონაკვეთი სწორედ შანხაიშია. დღესდღეობით ხსენებული მეტროპოლიტენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, სწრაფმზარდი და სწრაფგანვითარებადი მეტროა მოქმედი 8 ხაზით, მშენებარე ახალი 5 ხაზით და უკვე არსებული ხაზების დასაგრძელებლად მშენებარე უბნებით. წინასწარი გეგმების მიხედვით, 2025 წლისთვის შანხაიში მეტროს 11 ხაზი და 10 მსუბუქი მეტროს ხაზი იქნება. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი ხაზი უკვე 2010 წელს, გამოფენისთვის უნდა გაიხსნას "ექსპო 2010"-ის ფარგლებში.
ზოგადი ინფორმაცია
შანხაის მეტრო თანამედროვე, იაფი და სწრაფი ტრანსპორტია. სადგურებზე სისუფთავეა. პლაზმური პანელები მომავალი ორი მატარებლის მოსვლის დროს ასახავენ. მიწისქვეშა ხაზებზე მოძრავი მატარებლების ვაგონებში განთავსებულ თხევადკრისტალურ მონიტორებზე მომდევნო სადგურის რეკლამა და დასახელებაა ნაჩვენები. მიწისზედა სადგურებზე კი შუქდიოდურ ტაბლოებზე ჩანს მომდევნო სადგურის შესახებ ინფორმაცია. ასევე, სადგურებში ისმის მომდევნო სადგურების სახელწოდებები ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ასევე სადგურთან ახლომდებარე მაღაზიებისა და ღირსშესანიშნაობების თაობაზე გაკეთებული ინფორმაცია მხოლოდ ჩინურ ენაზე.
მეტრო აღჭურვილია ინვალიდთა გადასაყვანად.
სისტემის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს გადაჭედილობა პიკის საათებში (განსაკუთრებით 1 და 2 ხაზზე) და არასრული დაფარვა საქალაქო ტერიტორიისა, რაც ბოლო პერიოდებში ახალი ხაზებისა და სადგურების სწრაფი მშენებლობით საბოლოოდ გვარდება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გადასაჯდომ სადგურებზე გადასასვლელები მეტისმეტად გრძელია.
შანხაის მეტროპოლიტენში მგზავრობის საფასურის გადახდა მანძილის მიხედვით წარმოებს. 2005 წლის 15 სექტემბერს საფასურის გაზრდის შემდეგ 3 კმ-ის გავლა 3 იუანი ღირდა, 46 კმ-ისა 8 იუანი.
2005 წლის დამლევს შანხაის მეტროში გადახდის ერთიანი სისტემა შემოიღეს. მანამდე, მე-5 ხაზიდან გადაჯდომისას მგზავრებს გადახდა უწევდათ, რადგანაც ხაზები სხვადასხვა კომპანიებს ეკუთვნით.