ტაიტაი (ოფიციალურად ტაიტაის მუნიციპალიტეტი; ფილ:Bayan ng Taytay) ― პირველი კლასის ურბანული მუნიციპალიტეტირისალისპროვინციაში, ფილიპინებში. იგი ასევე ცნობილია როგორც ფილიპინების სამოსის დედაქალაქი.
ეროვნული დედაქალაქის რეგიონთან კონურბაციაში ტაიტაის ჩრდილოეთიდან კაინტა ესაზღვრება, დასავლეთიდან ― პასიგი და ტაგიგი, აღმოსავლეთიდან ― ანტიპოლო და სამხრეთიდან ― ანგონო. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და პოლიტიკურად ქალაქადააა კვალიფიცირებული, ტაიტაის ქალაქად გარდაქმნის გეგმები გადადებულია მუნიციპალიტეტში სოციალური და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებამდე.[3]
2022 წლის აუდიტის კომისიის (COA) ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ტაიტაი ფილიპინების მეშვიდე უმდიდრესი მუნიციპალიტეტია. ტაიტაის აქტივები ჯამში 3.67 მილიარდ ფილიპინურ პესოს შეადგენს.[4]
2023 წელს ეროვნული კონკურენტუნარიანობის საბჭომ პირველი და მეორე კლასის მუნიციპალიტეტებს შორის ტაიტაი "მეორე ყველაზე კონკურენტუნარიან მუნიციპალიტეტად" დაასახელა.[5]
ეტიმოლოგია
სახელწოდება „ტაიტაი“ რამდენიმე წყაროებიდან შეიძლება მომდინარეობდეს:[6][7]
ტაგალური სიტყვები: tayutay (ხატოვანი გამოთქმა), hintay-hintay (ლოდინი) და itay-itay, ჩინელ ვაჭრებთან ურთიერთობისას წარმოიშვა, რადგანაც ტაიტაი ლაგუნა-დე-ბაის ტბისპირა დასახლება იყო.
გადმოცემის მიხედვით, ტაგალური სიტყვა tatay მამას ნიშნავს და სინონიმურია ესპანური სიტყვების: padre (მღვდელი) ან tata (ბიძა).
ერთ-ერთი ვერსიით მუნიციპალიტეტების სახელწოდება მომდინარეობს ტაგაიტაის ხეებიდან, რომლებიც უხვად იყო მის ტერიტორიაზე.
გადმოცემის მიხედვით, სიტყვა taitai (კაპამპანგანური სიტყვის tete მსგავსად) ნიშნავს ხიდს აეტებთან , რომლებიც ტაიტაისა და ანტიპოლოში დაეხეტებოდნენ.
გეოგრაფია
ტაიტაი მდებარეობს პროვინციის დასავლეთ ნაწილში. შემოსაზღვრულია კოორდინატებით: ჩრდ. განედი 14° 34’ 24"; აღმ. გრძედი 121° 07’ 48". ჩრდილო-დასავლეთიდან კაინტა ესაზღვრება, ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ანტიპოლო, აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ანგონო და სამხრეთ-დასავლეთიდან — ტაგიგი. მუნიციპალიტეტი მდებარეობს პასიგის აღმოსავლეთით და ლაგუნა-დე-ბაის ჩრდილოეთით. ფართობი 38.80 კმ²-ის ტოლია, რაც რისალის პროვინციის ხმელეთის 3.3%-ს უდრის.
ტაიტაის მართკუთხედის ფორმა აქვს. მუნიციპალიტეტის უმაღლესი სიმაღლე ზღვის დონიდან 200-255 მეტრის ფარგლებშია, დოლორესის ბარანგაის შიდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანტიპოლოს საზღვრის მახლობლად. უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან 5-20 მეტრის შუალედშია, სან-ხუანის ბარანგაისა და მუსონის სამხრეთ ნაწილში, ლაგუნა-დე-ბაის მახლობლად.
ლაგუნა-დე-ბაიდან მდინარე პასიგი გამოედინება, რომელიც ტაგიგსა და ტაიტაის გაივლის და შესართავი პასიგში აქვს.
მდებარეობა
ტაიტაი მანილიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან მუნიციპალიტეტში მოხვედრა სხვადასხვა წერტილიდანაა შესაძლებელი, მათ შორის სუმულონგის მაგისტრალიდან, ფელიქსის გამზირიდან (ყოფილი იმელდას გამზირი), მანილის აღმოსავლეთ გზიდან.
ბარანგაები
ტაიტაი პოლიტიკურად 5 ბარანგაიდ იყოფა. ყოველი ბარანგაი შედგება პუროკებისგან, ზოგიერთს კი სიტიოებიც აქვს. ტაიტაი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულია და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცოტა ბარანგაი აქვს. მეტი მოსახლეობა სან-ხუანის ბარანგაის ჰყავს. დღეისთვის მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მოქალაქეები უფრო მეტი ბარანგაის შექმნას ითხოვენ მუნიციპალიტეტის დიდი ტერიტორიის უკეთესი კოორდინაციისა და მენეჯმენტისთვის.[8] მუნიციპალიტეტის უდიდესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ბარანგაია სან-ხუანი. მუნიციპალიტეტის ცენტრი და წარმოების ცენტრიც სწორედ სან-ხუანია.
მუნიციპალიტეტს მუნიციპალური მერი და მუნიციპალური საბჭო მართავს. მუნიციპალური მერი აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს, ხოლო მუნიციპალური საბჭო ― საკანონმდებლო ხელისუფლებას. მერი, ვიცე-მერი და საბჭოს წევრები ყოველ სამ წელიწადში პირდაპირი წესით აირჩევიან მოქალაქეების მიერ. 2022 წლის 30 ივნისისთვის მუნიციპალიტეტის მერი ალიან მარტინე ს. დე ლეონია, ხოლო ვიცე-მერი ― სოფია „პია“ კაბრალი.
გერბი
მუნიციპალური გერბი შედგება ოქროსფერი წრიული თაღისგან, რომლის ზედა ნაწილში ამოტვიფრულია სიტყვები "BAYAN NG TAYTAY", ხოლო ქვედა ნაწილში ― "LALAWIGAN NG RIZAL".
ცენტრში მოთავსებული ემბლემა ქალაქს წარმოადგენს, ხოლო ფერები ფილიპინების დროშიდანაა აღებული. მარცხენა მხარეს ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი და გრილი ჩანს, რაც ტაიტაის მუშებს განასახიერებს, ხოლო მარჯვენა მხარეს საკერავი მანქანა და მაკრატელი ჩანს, რაც ტაიტაის იმ მოსახლეობას განასახიერებს, რომელიც ტანსაცმლის კერვის სფეროშია ჩართულია. იგი ასევე წარმოადგენს HaMaKa-ს (Hamba, Makina at Kabuhayan), რომელსაც ტაიტაი ყოველწლიურად აღნიშნავს.
ზედა ნაწილში მოთავსებული ხუთი ვარსკვლავი მუნიციპალიტეტის შემადგენელ ხუთ ბარანგაის განასახიერებს. ბოლოს, ქვედა ნაწილში მოთავსებული გრაგნილი წარწერით "Republika ng Pilipinas" ფილიპინების რესპუბლიკას აღნიშნავს.