1938 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1939 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტსა და გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1943-1950 წლებში მუშაობდა ბარათაშვილის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ. შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი.
პარალელურად ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ — კრიტიკული გამოკვლევის ავტორი, მათ შორისაა წიგნები: „ქართული ლიტერატურის კრიტიკის ისტორიისათვის“ (I, 1954; II, 1957), „ილია ჭავჭავაძე“ (1957), „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ნეკროპოლი“ (1961), „ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები“ (1969), „მიხეილ ზანდუკელი“ (1973), „ლევან გოთუა“ (1976), “ვაჟა-ფშაველა" (ე. ლუნდბერგთან და ე. ღოღობერიძესთან ერთად, 1977), „ქართული პუშკინიანა" (1979), „მანათობელი“ (1980) და სხვა. გამოცემული აქვს ს. დოდაშვილის, ს. აბაშიძის, ნ. ლომოურის, ე. ბოსლეველის და სხვა. აგრეთვე XIX საუკუნის ქართველი კრიტიკოსების კრებულები.
გარდაიცვალა 1995 წელს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.