საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავისუფალია სხვა სახელმწიფო ორგანოების ზეგავლენისგან და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად.

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - მერის/რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

სტრუქტურა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:

  1. ცესკოსა და მისი აპარატისგან;
  2. უსკოსა და მისი აპარატისგან;
  3. საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;
  4. საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.


ცესკო

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი.

ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე. სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ცესკოს აპარატი, რომელიც მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობას.

უსკო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.

საოლქო საარჩევნო კომისია

საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 76 საოლქო საარჩევნო კომისია. სსკ შედგება 17 წევრისგან. აქედან 5 წევრს 5 წლის ვადით ირჩევს ცესკო. საარჩევნო პერიოდში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ინიშნება სსკ-ის კიდევ არაუმეტეს 9 წევრი, ხოლო ცესკო ირჩევს დამატებით 3 წევრს.

საუბნო საარჩევნო კომისია

საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პერიოდში იქმნება დაახლოებით 3700 საუბნო საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს ირჩევს შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო 9 წევრი ინიშნება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით შესაბამისი პარტიების მიერ.

ადმინისტრაცია

2022 წლის ოქტომბრისთვის ცესკოს ადმინისტრაცია ასე გამოიყურება:

  • გიორგი კალანდარიშვილი — თავმჯდომარე
  • გიორგი შარაბიძე — თავმჯდომარის მოადგილე
  • გიორგი სიორიძე — თავმჯდომარის მოადგილე
  • გიორგი ჯავახიშვილი — კომისიის მდივანი
  • ანა კობახიძე — კომისიის წევრი
  • არჩილ ანასაშვილი — კომისიის წევრი
  • ია პირტახია — კომისიის წევრი
  • დავით ჯინჯოლავა — კომისიის წევრი
  • ნინო ბასილაია — კომისიის წევრი
  • დავით კირთაძე — კომისიის წევრი
  • ივანე ნორაკიძე — კომისიის წევრი
  • ლევან ჯგერენაია — კომისიის წევრი
  • მაია ზარიძე — კომისიის წევრი
  • გია ცაცაშვილი — კომისიის წევრი
  • გიორგი ჭიქაბერიძე — კომისიის წევრი
  • გიორგი ძაგანია — კომისიის წევრი
  • დიმიტრი ჯავახაძე — კომისიის წევრი


ელექტრონული არჩევნები საქართველოში

2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები საქართველოში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება, რაც ითვალისწინებს ამომრჩეველთა რეგისტრაციას, (ვერიფიკაციას),ბიულეტენების მოთავსებასა და დათვლას საარჩევნო ტექნოლოგიების (ელექტრონული აპარატების) მეშვეობით, ასევე წინასწარი შედეგების და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების გადაგზავნას ტექნოლოგიური საშუალებების (პლანშეტების) გამოყენებით. ამომრჩეველთა თითქმის 90% არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით მიიღებს. კანონის შესაბამისად, ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის, თვითმმართველი ქალაქების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების ამომრჩევლები. გარდა ამისა, ცესკოს გადაწყვეტილებით ელექტრონული აპარატები განთავსდება იმ საარჩევნო უბნებზეც, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ რადიუსშია განთავსებული და რომლის ამომრჩეველთა რაოდენობაც 300-ზე მეტია.

რაც შეეხება ამომრჩეველთა დანარჩენ 10%-ს, ისინი ხმას ტრადიციული მეთოდით მისცემენ, თუმცა საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება, გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ეს დამატებითი მექანიზმია იმისათვის, რომ დაცული იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მთავარი პრინციპები - გამჭვირვალობა და სანდოობა.

ელექტრონული არჩევნები საქართველოში - მოკლე ისტორია

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო. 2024 წლამდე საპილოტე რეჟიმში ჩატარდა 8 არჩევნები:

  •  2018 წლის 13 მაისს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3 საარჩევნო უბანზე;
  •  2019 წლის 19 მაისს წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები, 8 საარჩევნო უბანზე;
  • 2021 წლის 2 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტური თბილისში, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში, 31 საარჩევნო უბანზე;
  •  2021 წლის 30 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში, 31 საარჩევნო უბანზე;
  •  2022 წლის 2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, მე-4 საარჩევნო ოლქი, 14 საარჩევნო უბანზე;
  • 2022  წლის 1 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, 3 საარჩევნო უბანზე;
  •  2023 წლის 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში, 117 საარჩევნო უბანზე;
  •  2023 წლის 1 ოქტომბერს, გურჯაანის მერის რიგგარეშე და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, 103 საარჩევნო უბანზე.

2022 წლამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საპილოტე რეჟიმში მხოლოდ ხმის დათვლის აპარატებს იყენებდა, 2022 წლიდან კი საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებაც დაიწყო. საერთო ჯამში საპილოტე რეჟიმში  გამართულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო  121 912-მა ამომრჩეველმა. აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროექტებისას განხორციელდა ამომრჩეველთა გამოკითხვა. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით ელექტრონულმა აპარატებმა საარჩევნო პროცესი გაამარტივა და უფრო სანდო გახადა.  საარჩევნო ტექნოლოგიების პილოტირებამ, საარჩევნო ადმინისტრაციას ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით, მისცა შესაძლებლობა, ყოველი პილოტის შემდგომ განევითარებინა ბიზნეს პროცესები, მოეხდინა ტექნოლოგიების ქართულ საჭიროებებზე ადაპტირება და მოეყვანა ის სრულ თანხვედრაში საერთაშორისოდ აღიარებულ კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

აღნიშნული გამოცდილება კი, თავის მხრივ გარკვეულწილად დაედო საფუძვლად მრავალპარტიულ შეთანხმებას და შემდგომ ტექნოლოგიების ფართომასშტაბით გამოყენების  გადაწყვეტილებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2022 წლის 22 დეკემბერს მიიღო.

ელექტრონული არჩევნები საქართველოში - უპირატესობები

საარჩევნო ტექნოლოგიების პილოტირებამ და მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს პროცედურების სიმარტივეს და უფრო მეტად აზღვევს ადამიანურ შეცდომებს. ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესი უფრო კომფორტულია; გარკვეულწილად მცირდება ხმის მიცემის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაყოვნების დრო; ხმის მთვლელი აპარატები საშუალებას იძლევა ოპერატიულად დამუშავდეს მონაცემები კენჭისყრის  დღის განმავლობაში, შესაბამისად უზრუნველყოფილია საზოგადოების დროული ინფორმირება როგორც ამომრჩეველთა აქტივობის, ისე არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ.  ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და ელექტრონული აპარატების მუშაობისას კიბერჩარევის საფრთხე  მინიმუმამდეა შემცირებული.  

ელექტრონული არჩევნები საქართველოში - პროცედურა

  • ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას გადის მარკირების შემოწმების პროცედურას (მარკირების პროცედურას კვლავ ითვალისწინებს კანონი, როგორც დამატებით მექანიზმს ერთი პირის მიერ კენჭისყრის პროცესში განმეორებით მონაწილეობის მცდელობის  თავიდან ასარიდებლად);
  • შემდეგ ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას  ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს;
  • რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემებს ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს, რის შემდეგაც ეკრანზე გამოვა ამომრჩევლის ფოტოსურათი და პირადი მონაცემები, განხორციელდება მისი რეგისტრაცია (ვერიფიკაცია). შემდეგ აპარატიდან ამოიბეჭდება სპეციალური ქვითარი, რომელზე ხელის მოწერითაც ამომრჩეველი ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას;
  • ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე, დალუქულ ყუთში;
  • მარკირების პროცედურის გავლის შემდეგ ამომრჩეველს განემარტება, თუ როგორ უნდა  გამოხატოს საკუთარი ნება მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის წინ მოცემული წრის გაფერადებით, შემდეგ ამომრჩეველი  გააფერადებს საცდელ წრეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორად ნების გამოხატვის შემთხვევები. ამ პროცედურის შემდეგ ამომრჩეველს გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო კონვერტი;
  • ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში აკეთებს არჩევანს - ბიულეტენზე სრულად აფერადებს სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრეს, რის შემდეგაც ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში  არჩევანის ფარულობის უზრუნველსაყოფად;
  • სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებს ხმის მთვლელ აპარატში.

ხმის დათვლა ხორციელდება ელექტრონული აპარატების გამოყენებით. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე, მათ შორის გადასატანი საარჩევნო ყუთით მიღებული ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების შემდეგ, ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს (ქვითარს).

აპარატის მიერ ბიულეტენების დათვლისა და წინასწარი მონაცემების ამობეჭდვის შემდგომ, განსაზღვრულია ხმების (ბიულეტენების) ხელით დათვლა,  რის შემდგომაც შედგება იურიდიული ძალის მქონე შემაჯამებელი ოქმი. ხელით დათვლის მექანიზმი უზრუნველყოფს პროცესში გამჭვირვალობის და საჯაროობის მაღალ სტანდარტს. თუმცა კენჭისყრის წინასწარი შედეგები ხელით დათვლამდე გახდება ცნობილი. როგორც კი აპარატი დათვლის ხმებს და ამოიბეჭდება კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ის ხელმისაწვდომი იქნება საარჩევნო უბანზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისთვის, ხოლო უბნიდან ცესკოში ინფორმაციის გადაგზავნის შემდეგ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ცესკოს ვებგვერდზე.

განახლებულია საარჩევნო უბანზე ამობეჭდილი წინასწარი მონაცემების ცესკოში გადაგზავნის წესი - ამ მიზნით გამოყენებული იქნება პლანშეტები, რაც ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერის დასურათების, მონაცემების სკანირებისა და ცენტრალურ სერვერზე მყისიერად გადაგზავნის საშუალებას იძლევა. აღნიშნული  პირველად და წარმატებით გაიტესტა 2023 წლის 29 აპრილის არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ პლანშეტების გამოყენება განხორციელდება, როგორც მოდერნიზებულ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე.

ელექტრონული აპარატის გამოყენებით ხმის მიცემისას უზრუნველყოფილი და დაცულია ფარულობა - არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ამომრჩეველი ბიულეტენს ამოაბრუნებს და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ათავსებს ხმის მთვლელ აპარატში. შესაბამისად, შეუძლებელია, უბანზე ვინმემ შეძლოს იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ხმის მიცემა ფარულია!

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, გამჭვირვალობის და უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების მიზნით, საარჩევნო პროცესში  კვლავ რჩება ქაღალდის კვალი. აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და იძლევა აუდიტირების და გადამოწმების შესაძლებლობას.

ელექტრონული არჩევნები საქართველოში - ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა

2024 საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკი“  (Smartmatic International Holding B.V.) მოემსახურება.

კომპანია „სმარტმატიკმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეძენის მიზნით კონსოლიდირებულ ტენდერში (CON) 2023 წლის 20 ივლისს გაიმარჯვა. „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით ჩატარდა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, ასევე 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები სწორედ „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების მაღალი სანდოობით სარგებლობდა.

კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი,  არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები, გერმანია, სომხეთი და ა.შ.

ელექტრონული არჩევნები საქართველოში - აუდიტი

2023 წლის 1 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან იყო შესაბამისობაში. ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად. აუდიტორული კომპანია „Pro V&V“-ის წარმომადგენლები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის  აპარატებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, ხოლო კენჭისყრის დასრულების შემდეგ პლანშეტების საშუალებით შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნის პროცესს, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ.

აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია. კომპანია ასევე აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები 2023 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების ანალოგიური აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფით ჩატარდება, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს არჩევნების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაცია ჰქონდეთ არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი)

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი არის საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით. სწავლების ცენტრის ფუნქციებია: საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება; კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ან წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდებზე არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს.

თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს.

არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური

თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები

თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე.

საქართველოს პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

პროპორციული საარჩევნო სისტემა

პროპორციული წესით საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მანდატები ნაწილდება საქართველოს საარჩევნო კოდექსში მითითებული წესის მიხედვით. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.

ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 25-ე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ცესკო ამ ოქმებს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები

თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან, 2 თვის ვადაში. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები

საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა., ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, მორიგ არჩევნებამდე 60 დღით ადრე.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

მერის არჩევნები

თვითმმართველი ქალაქის მერის, თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. მერის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, მორიგ არჩევნებამდე 60 დღით ადრე. თვითმმართველი ქალაქის მერად, თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წელს მაინც.

მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.

რეფერენდუმი

რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება:

  • კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
  • ამნისტიის ან შეწყალების გამო;
  • საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
  • ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

სარეფერენდუმო საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით. რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.

პლებისციტი

პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

წინასაარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები. კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ: საარჩევნო კომისიების წევრებს, მოსამართლეს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს, გენერალური აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს, საჯარო მოსამსახურეს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელოვნებო დაწესებულებებისა, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა) თანამშრომლებს, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლებს, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებს, აღმზრდელ-პედაგოგებს, აღმზრდელებს, მასწავლებლებს, იქ დასაქმებულ სხვა პირებს, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ახორციელებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს.

არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) განახლდება მისი (მათი) დანიშვნის დღიდან.

პოლიტიკური პარტიები

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ფარგლებში. პარტია არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. პარტიის შექმნასა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი

დამკვირვებლები

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას.

ერთ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ჰყავდეს ერთდროულად 2 საერთაშორისო დამკვირვებელი. დამკვირვებელს უფლება აქვს დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. დამკვირვებელს უფლება არ აქვს ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში, გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე, აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე.

რესურსები ინტერნეტში