ქართული წყაროების მიხედვით, ჩრდილო კავკასიელი ტომებისა და სხვა უცხოელთგან შემდგარი სამხედრო რაზმების დახმარებით ჩააქრო ქართლის ერისთავთა აჯანყება. საურმაგს მიეწერება აგრეთვე ჩრდილო კავკასიიდანკავკასიელ ტომთა მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სელევკიდების სამეფოსთან. „ქართლის ცხოვრება“ საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის — აინინასა და დანინას კულტის დამკვიდრებას და მცხეთის გზაზე მათი კერპების აღმართვას.[2]
„და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა, და მან შექმნნა ორნი კერპნი: აინინა და დანანა, და აჰმართნა გზასა ზედა მცხეთისასა.[3]“
საურმაგს მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ქუჯის შვილს მიათხოვა, მეორე — სპარსეთის მეფის ნებროთის შვილს — მირვანოსს, რომელიც თავისი ცოლის ნათესავი იყო. მირვანოსი იშვილა და საურმაგის სიკვდილის შემდეგ სწორედ იგი გამეფდა. მირვანოსს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მირიან პირველადაც მოიხსენიებს, ზოგიც — მირვანად.[4]
საურმაგის მეფობის დროს, 189 წლის მახლობლად, ასურეთის მეფის ანტიოქოს დიდის ორმა სარდალმა – არტაშესმა და ზარიადრმა, რომლებიც წარმომავლობით სომხები იყვნენ, სომხეთს თავისუფლება მოუპოვეს. მაგრამ, რადგან იმ დროს სომხეთის ტერიტორია პატარა იყო, რამდენიმე პროვინცია მეზობელ სახელმწიფოებს ჩამოგლიჯეს. სხვათა შორის, საქართველომ ამ დროს დაკარგა ზოგიერთი ადგილი არაქსისა და ჭოროხის ხეობაში.[5]
გ, მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილი სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I; მისივე ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3;
ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, „მოამბე“, 1905, №XI.