ფასბინდერმა სკოლა 16 წლის ასაკში დატოვა და მიუნხენის იმპროვიზაციულ თეატრში ჩაერთო. ეს იყო ავანგარდული სივრცე მისი სამწერლო, სამსახიობო და სარეჟისორო კარიერისთვის. როცა 1968 წელს კომპანია პოლიციამ დახურა, ფასბინდერმა „ანტი-თეატრი“ დააფუძნა, რომელიც პროდუსირებდა როგორც ორიგინალ ნაშრომებს, ასევე კლასიკური ლიტერატურის უჩვეულო სპექტაკლ-ადაპტაციებს. ბევრ მსახიობი, რომლებიც მასთან ამ კომპანიებში მუშაობისას თანამშრომლობდნენ, ჩნდება მის შემდგომ ფილმებში.
20 წლის ასაკში მან თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღო. ასევე შეავსო განაცხადი ბერლინის კინოსკოლაში ჩასაბარებლად, თუმცა ვერ მოხვდა, რადგან მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა.[2]
კინო-კარიერა
რაინერ ვერნერ ფასბინდერმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 1969 წელს, ფრანც უოლშის ფსევდონიმით გადაიღო. ამ სახელს იგი 1971 წლამდე იყენებდა. თავისი კარიერის განმავლობაში მან შექმნა 40 ფილმი და უამრავი სპექტაკლი და პიესა.
მისი ფილმებში, რომლებიც საშუალო კლასის ღირებულებებისა და მანერების მიმართ კრიტიკულობით გამოირჩევა, შედის Katzelmacher (1969; ბავარიული სლენგი „უცხოელი მუშასთვის“), მუშათა კლასის წარმომადგენელ ბერძენზე, რომელიც გერმანულ ბურჟუაზიას ანცვიფრებს; „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“ (1969), ადამიანურ ურთიერთობებსა და ძალაუფლების გადანაწილებაზე და სხვ.
ფასბინდერს უყვარდა ამერიკული კინო და მისი თანმიმდევრული, მარტივი ნარატიული სტილი; დიდი გავლენა ჰქონდა გერმანელი რეჟისორის, დაგლას სირკის მელოდრამებს. [3]
1969-1976 წლები ფასბინდერის კარიერის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. ამ დროს იგი ფილმებთან და სპექტაკლებთან ერთად თამაშობდა სხვა რეჟისორების ფილმებშიც, მათ შორის არის ვოლკერ შლონდორფის ადაპტაცია ბრეხტის რომანისა BAAL.
1976 წლისთვის ფასბინდერს საერთაშორისო პუბლიკა იცნობდა. სხვადასხვა კინოფესტივალებზე აღებულმა ჯილდოებმა, პარიზში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში მოწყობილმა პრემიერებმა და რეტროსპექტივებმა, პირველმა კრიტიკულმა წერილმა მისი ფილმების შესახებ, ფასბინდერს სახელი მსოფლიო კინომოყვარულებს შორის გაუთქვა.
ფასბინდერი ინტერვიუში ამბობს: „მე მეჩვენება, რომ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ, ბედნიერებისა და თავისუფლების კი არა, ჩაგვრის, შიშისა და დანაშაულის ფორმა აქვს“.[4]
მისი ერთდროულად ვარსკვლავური და არაჯანსაღი ცხოვრების წესის, მისი ღიად გამომჟღავნებული ბისექსუალობის, სკანდალებისა წყალობით, ფასბინდერი მუდმივად ჩნდებოდა სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში; წერდა პროვოკაციულ ინტერვიუებს, ხოლო მისი ნამუშევრები კრიტიკოსებისგან სხვადასხვანაირ შეფასებებს იღებდნენ, მოსაზრებები ხშირად იყოფოდა.[5]
გარდაცვალება
ფასბინდერის ბოლო ფილმის, „ქერელის“ (1982) გადაღებებისას, იგი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა.
ფასბინდერი კოკაინისა და ბარბიტურატის დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.