ჟერმენა დე ფუა

ჟერმენა დე ფუა
Germaine de Foix
არაგონის, სარდინიის, სიცილიის, ნეაპოლის, ბარსელონის, მაიორკისა და ვალენსიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 22 მარტი 1506
მმართ. დასასრული: 23 იანვარი 1516
წინამორბედი: ისაბელ კასტილიელი
მემკვიდრე: ისაბელ პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1488
დაბ. ადგილი: ფუა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 15 ოქტომბერი 1536, (48 წლის)
გარდ. ადგილი: ვალენსია, ესპანეთი
მეუღლე: 1. ფერდინანდ II, არაგონის მეფე
2. იოჰან ბრანდენბურგ–ანსბახელი
3. ფერდინანდი, კალაბრიის ჰერცოგი
შვილები: ხუანა, ჯირონას პრინცესა
ისაბელ კასტილიელი
დინასტია: ფუა
მამა: ჟან დე ფუა, ნარბონის ვიკონტი
დედა: მარი დე ორლეანი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟერმენა დე ფუა (ფრანგ. Germaine de Foix, კატ. Germana de Foix; დ. 1488, საფრანგეთი – გ. 15 ოქტომბერი 1536, ესპანეთი) — არაგონის, სარდინიის, სიცილიის, ვალენსიის, ბარსელონის, ნეაპოლისა და მაიორკის დედოფალი, როგორც ფერდინანდ II არაგონელის მეორე მეუღლე. ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ, ჟერმენა კიდევ ორჯერ გათხოვდა. ჟერმენას მამა, ჟან დე ფუა იყო ნავარის დედოფალ ელეონორა ნავარელის ვაჟი. ხოლო დედამისი, მარი დე ორლეანი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII–ის და.

ადრეული ცხოვრება, ქორწინება და დედოფლობა

ჟერმენა დაიბადა 1488 წელს, სამხრეთ საფრანგეთში. მამამისი იყო ნავარის დედოფალ ელეონორას უმცროსი ვაჟი ჟან დე ფუა, ხოლო დედამისი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII–ის და. მისი ბავშვობისა და აღზრდის შესახებ ცნობები არ არსებობს.

1504 წელს გარდაიცვალა კასტილიისა და არაგონის დედოფალი ისაბელ I კასტილიელი. კასტილიის მართვა დაიწყეს ისაბელის ქალიშვილმა – ხუანა I–მა და ხუანას ქმარმა ფილიპე ბურგუნდიელმა. თუმცა არაგონის მართვას ისაბელას ქმარი, ფერდინანდ II განაგრძობდა. იმის გამო, რომ ფერდინანდი ტახტიდან არ ჩამოეგდოთ, მან ახალი ცოლის შერთვა მოისურვა, იმ იმედით, რომ იგი მას ვაჟს გაუჩენდა. მან მოლაპარაკებები დაიწყო საფრანგეთის მეფე ლუი XII–თან. მალევე დაიდო ბლუას ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლუი თავის დის შვილს, ჟერმენა დე ფუას ცოლად რთავდა ფერდინანდ არაგონელს, სანაცვლოდ კი ფრანგები უარს იტყოდნენ ნავარის სამეფოზე. ჟერმენა ამ შეთავაზებას დასთანხმდა. გარდა იმისა, რომ ჟერმენა ლუის დის შვილი იყო, ასევე იგი ნათესავიც იყო, როგორც მისი ნახევარ–დის შვილიშვილი. ლუი ამ ხელშეკრულებით ასევე უარს ამბობდა ნეაპოლის სამეფოზე (რომელსაც ისედაც არაგონი მართავდა) და იერუსალიმის სამეფოზე (რომელიც უკვე დიდიხანია მუსლიმთა ხელში იყო). 1506 წლის 22 მარტს შედგა 54 წლის ფერდინანდისა და 18 წლის ჟერმენას ქორწინება. ხანდაზმულობის მიუხედავად, ამ ორ მეფეს შორის ამ ქორწინებამ დიდ ხნიანი ომი დაასრულა.

1506 წელს გარდაიცვალა ფერდინანდის სიძე ფილიპე ბურგუნდიელი. ქმრის გარდაცვალებამ ხუანაზე საშინლად იმოქმედა და ჭკუიდან შეირყა. აქედან გამომდინარე ოფიციალურად კასტილიას ხუანა მართავდა, თუმცა რეალურად ფერდინანდს ჰქონდა მთელი მართვის სადავეები. 1509 წლის 3 მაისს ჟერმენასა და ფერდინანდს გოგონა შეეძინათ, რომელიც მალევე დაიღუპა. მიუხედავად სიყვარულისა და უამრავი მცდელობისა მათ შვილები აღარ ჰყოლიათ. ამ შემთხვევაში ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ არაგონის ტახტიც მის შეშლილ შვილს, ხუანას დარჩებოდა. მართალია ასე შეიძლებოდა ესპანეთის გაერთიანება, თუმცა ხუანა მაინც საშიში იყო. იმ დროს არაგონისა და კასტილიის შემადგენლობაში იყო მთელი პირენეს ნახევარკუნძული, ბალეარი, კანარი, სიცილია, სარდინია, ნეაპოლი და კოლონიები ამერიკაში, რის შენარჩუნებასაც დიდი გონება სჭირდებოდა, თუმცა საბოლოოდ მთელი სამფლობელოები მაინც ხუანას დარჩა.

1509 წელს ფერდინანდმა თავისი ნაბოლარა ქალიშვილი, პრინცესა კატალინა მიათხოვა ინგლისის მეფე ჰენრი VIII–ს. ჰენრიმ კი თავისი და, პრინცესა მერი მიათხოვა ლუი XII–ს, რომელიც ქორწილიდან ერთ წელიწადში, 1515 წელს დაიღუპა.

ფერდინანდის გარდაცვალება და კარლის მმართველობა

1516 წლის 15 ოქტომბერს ფერდინანდ არაგონელი გარდაიცვალა, რის გამოც ქვრივი ჟერმენა სრულიად ჰაერში დარჩა. ტახტზე მისი ქალიშვილი, ხუანა შეშლილი ავიდა, მაგრამ რეგენტად ხუანას ვაჟი, კარლი დაინიშნა, რომელიც ქვეყანას კარგად მართავდა. ფერდინანდმა თავის ქვრივს ყოველთვიური პენსიის სახით 50 000 ფლურინი დაუტოვა და აგრეთვე კარლს დაუბარა, რომ ჟერმენა არ მიეტოვებინა.

1517 წელს კასტილიისა და არაგონის მეფე კარლი ნიდერლანდებში გადავიდა, რომელიც მემკვიდრეობით მამისგან ერგო. ჟერმენამ არაგონიდან კასტილიაში გადაინაცვლა და იქ მოეწყო სამეფო კარზე. 17 წლის მეფე კარლი, 29 წლის ბებიანაცვალს საკმაოდ თბილად ეპყრობოდა. მეტიც, მისი ჩასვლის აღსანიშნავად კარლმა ტურნირი და ბანკეტი გამართა. 1518 წლის 20 აგვისტოს ჟერმენამ ვალენსიაში ქალიშვილი გააჩინა, სახელად ისაბელი. ხალხსა და ისტორიკოსებში ფართოდ მუსირებს ის აზრი, რომ ეს ბავშვი კარლის იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჟერმენა გოგონას "ინფანტა ისაბელს" ეძახდა, რაც წოდებაც მხოლოდ მეფის ასულებს აქვთ.

1519 წელს იმის დასამტკიცებლად, რომ კარლი არაგონის ნამდვილი მეფე იყო კარლი, ჟერმენა და კარლის და ელეონორა კასტილიიდან არაგონში გადასახლდნენ. მათ არაგონში ერთი წელი დაჰყვეს, სადაც პარლამენტთან მოილაპარაკეს და ზოგიერთი საკითხი დააზუსტეს. მიუხედავად იმისა, რომ კარლი ბარსელონაში ჟერმენაზე დაქორწინებას აპირებდა, მან მალევე გადაიფიქრა და ჟერმენა ბრანდენბურგ–ანსბახის პრინც იოჰანზე დანიშნა. ამის გამო ჟერმენა გერმანიაში გაემგზავრა და იოჰანზე იქორწინა.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

1523 წელს კარლმა ჟერმენას ვალენსიის ვიცემმართველის პოსტი უბოძა, ცხადია მის ქმართან ერთად. სწორედ ამიტომ, ჟერმენა და იოჰანი საცხოვრებლად ესპანეთში დაბრუნდნენ. მმართველობის დაწყებიდან მალევე ვალენსიაში საშინელი ამბოხება დაიწყო, რომლის ჩახშობისასაც 800–ზე მეტი ამბოხებული ჩახოცეს, მათ შორის მათი ლიდერებიც. მიუხედავად ამისა მალევე ჟერმენამ ამბოხებულებთან ურთიერთობის დათბობა გადაწყვიტა. 1524 წლის დეკემბერში ჟერმენამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი ამბოხებულებისა და მათი ახლობლების დევნა წყდებოდა. თუმცა ამის მიხედვით ამბოხებულებს უზარმაზარი ჯარიმები დაეკისრათ.

აქამდე ვალენსიის სამეფოს ტერიტორიებზე კატალონიური ენა იყო გავრცელებული, თუმცა მისი ესპანურით ჩანაცვლება პირველად სწორედ ჟერმენამ დაიწყო. იგი მკაცრად მოითხოვდა ყველა ვალენსიელი წარჩინებულისგან, რომ მათ ესპანურად ესაუბრათ და ეს მათ მშობლიურ ენად ეცნოთ.

1525 წელს იოჰანი გარდაიცვალა, სულ ერთ წელიწადში კი ჟერმენა ცოლად გაჰყვა ნეაპოლის მეფე ფრედერიკო IV-ის უმცროს ვაჟს, კალაბრიის ჰერცოგ ფერდინანდ არაგონელს. ორივემ განაგრძო ვალენსიის რეგიონში ესპანურის გავრცელება, აგრეთვე მფარველობდნენ ხელოვნებასა და მუსიკას. საბოლოოდ ჟერმენამ შეძლო და ვალენსიაში სამუდამოდ ამოძირკვა ყველაფერი კატალონიური.

1536 წლის 15 ოქტომბერს ჟერმენა ვალენსიაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ სიმსუქნისაგან გამოწვეული სისხლძარღვების შეშუპებით, 48 წლის ასაკში.

ჰერალდიკა

ლიტერატურა

  • Frederic J. Baumgartner, Louis XII, (St. Martin's Press, 1996), 146.
  • Wim Blockmans. Carlos V: la utopía del imperio. Madrid: Alianza Editorial, 2000. Page 150.
  • Manuel Fernández Álvarez. Carlos V, el César y el hombre. Madrid: Espasa Editorial, 1999. Page 591.
  • Lynch, John (1964). Spain under the Habsburgs. (vol. 1). New York: Oxford University Press. p. 40.