ჟანა ნავარელი (ბასკ.Joana Nafarroakoa, ფრანგ.Jeanne de Navarre, ინგლ.Joanna of Navarre; დ. 1370, პამპლონა, ნავარა - გ. 10 ივნისი1437, ლონდონი, ინგლისი) — ნავარის პრინცესა. ნავარის მეფე კარლ II-ისა და დედოფალ ჟანა დე ვალუას ასული. ბრეტანის ჰერცოგინია 1386-1399 წლებში როგორც ჟან IV-ის და ინგლისის დედოფალი 1403-1414 წლებში როგორც ჰენრი IV-ის მეუღლე. 1415 წლიდან იყო თავისი გერის, ჰენრი V-ის რეგენტი.
ბიოგრაფია
იგი იყო ნავარის მეფე კარლ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ჟანა დე ვალუას ასული.
ბრეტანის ჰერცოგინია
1386 წლის 2 ოქტომბერს ჟანა მიათხოვეს ბრეტანის ჰერცოგ ჟან IV-ს. იგი მისი მესამე და ერთად-ერთი ცოლი იყო რომელთანაც შვილები შეეძინა.
1399 წლის 1 ნოემბერს ჟან IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ჟან V ავიდა. მისი ვაჟი ამ დროს მხოლოდ 11 წლის იყო, რის გამოც რეგენტად ჟანა დაინიშნა. ცოტა ხნის შემდეგ ინგლისის მეფე ჰენრი IV-მ მას ცოლობა სთხოვა. ჟანა და ჰენრი მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს და უნდა აღინიშნოს, რომ ორივეს გააჩნდა სიმპათიები ერთმანეთის მიმართ. ჟანამ თანხმობა განაცხადა, თუმცა ვინაიდან შვილებს ინგლისში ვერ წაიყვანდა, მან ჰენრის უთხრა, რომ ცოლად მანამდე ვერ გაჰყვებოდა, სანამ შვილები არ გაიზრდებოდნენ და მათ უსაფრთხოებაში არ დარწმუნდებოდა.
მან მშვენივრად იცოდა, რომ ქორწინების შემდეგ აუცილებლად ინგლისში უნდა ეცხოვრა, სადაც შვილებს ვერ წაიყვანდა. გარდა ამისა ჰენრიც და ჟანაც ქვრივები იყვნენ, რის გამოც ქორწინებაზე რომის პაპის ნებართვა იყო საჭირო, რომელიც 1402 წელს ძლივს მიიღეს.
ჟანა მოელაპარაკა თავის ბურგუნდიელ ნათესავს და ქორწინების შემდეგ შვილები მას დაუტოვა. საბოლოოდ ვაჟები ბრეტანში დატოვა ბურგუნდიელ ნათესავთან ერთად, რომელიც მათ რეგენტად დაინიშნა და დაიფიცა, რომ პატივს სცემდა ბრეტონულ კანონებს, ხოლო ქალიშვილები თან წაიყვანა ინგლისში.
ინგლისის დედოფალი
1403 წლის 7 თებერვალს უესტმინსტერის სააბატოში ჟანა ნავარელი და ჰენრი IV ინგლისელი დაქორწინდნენ. იმავე თვის 26-ში ჟანა ინგლისის დედოფლად აკურთხეს. კორონაციის დღეს, როგორც ისტორიკოსები აღწერენ ჟანა იყო ლამაზი, დიადი და დიდებული, თუმცა ეტყობოდა საშინელი მღელვარებაც. ინგლისში მის გამოჩენას დადებითი ემოციები არ მოჰყოლია. როგორც ცნობილია მან ქორწინების შემდეგ ინგლისში ბრეტონელები ჩაიყვანა და მთლიანად ბრეტონული გარემოცვა შეიქმა, რითაც გავლენას ახდენდა მეფესა და პარლამენტზე. გარკვეული დროის შემდეგ მეფემ მისი გავლენით პარლამენტიდან რამდენიმე პარლამენტარი დაითხოვა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ჟანასა და ჰენრის საერთო შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა პირველი ქორწინებებიდან შვილები ორივეს ჰყავდათ და ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ისინი ერთმანეთის შვილებს ძალიან თბილად ეპყრობოდნენ და ასევე გერებს ერთად ზრდიდნენ, რის გამოც ჰენრისა და ჟანას შვილებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ქორწილიდან სამ წელიწადში, 1406 წელს ჟანას ქალიშვილები საფრანგეთში დაბრუნდნენ მათი ძმის ბრძანებით.
1413 წელს ჟანა ნავარელი მეორედ დაქვრივდა. მეფე მისი გერი ჰენრი V გახდა, რომელსაც დედინაცვალი დედასავით უყვარდა და როცა იგი საფრანგეთში წავიდა საომრად ჟანა თავის რეგენტადაც კი დანიშნა. როცა იგი დაბრუნდა თან ჩამოიყვანა ჟანას დაპატიმრებული ვაჟი არტური, რომელიც თავის სამშობლოს დაცვის დროს ტყვედ ჩაიგდეს. ჟანამ უშედეგოდ სცადა შვილის განთავისუფლება. ამან დედინაცვალსა და გერს შორის ურთიერთობა ძალიან გააფუჭა. 1419 წელს ჟანას ბრალი დასდეს ჯადოქრობაში (რისი სასჯელიც ცოცხლად დაწვა იყო) და საწამლავების დამზადებაში. მას მთელი ქონება ჩამოართვეს და სასექსის ციხეში დააპატიმრეს. 1422 წელს ჰენრი V-ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ვაჟმა ჰენრი VI-მ ჟანა გაანთავისუფლა.
განთავისუფლების შემდეგ იგი ჩამოსცილდა სამეფო კარის ინტრიგებით სავსე ცხოვრებას და თავის ნოტინგემის სასახლეში დაბინავდა, სადაც ჰენრი VI-ის დაფინანსებით უკანასკნელი წლები სიმდიდრეში, კომფორტსა და სიმშვიდეში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1437 წლის 10 ივნისს. დაკრძალეს კენტერბერის კათედრალში, ლონდონში.
შვილები
ჟანას ყველა შვილი პირველ ქმართან, ბრეტანის ჰერცოგ ჟან IV-თან ჰყავდა:
ჟანა (დ. 12 აგვისტო 1387 - გ. 7 დეკემბერი 1388);
ისაბელი (დ. ოქტომბერი 1388 - გ. დეკემბერი 1388);
ჟან V (დ. 24 დეკემბერი 1389 - გ. 29 აგვისტო 1442), ბრეტანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჟანა დე ვალუა;
მარი (დ. 18 თებერვალი 1391 - გ. 18 დეკემბერი 1446), ცოლად გაჰყვა ალანსონის ჰერცოგ ჟან I-ს;
მარგარიტა (დ. 1392 - გ. 13 აპრილი 1428), ცოლად გაჰყვა როანის ვიკონტ ალან IX-ს;
არტურ III (დ. 24 აგვისტო 1393 - გ. 26 დეკემბერი 1458), ბრეტანის ჰერცოგი, ჰყავდა სამი ცოლი: 1. მარგარიტა ბურგუნდიელი, 2. ჟანა დ'ალბრე და 3. კატერინა ლუქსემბურგელი;
გილესი (დ. 1394 - გ. 19 ივლისი 1412), შანტოსისა და ინგრანდის ლორდი;
რიჩარდი (დ. 1395 - გ. 2 ივნისი 1438), ბენონის, ეტამპისა და მანტის გრაფი, ცოლად შეირთო მარგარიტა ორლეანელი;
ბლანკა (დ. 1397 - გ. 1419), ცოლად გაჰყვა არმანიაკის გრაფ ჟან IV-ს;