პოლონეთის კონსტიტუცია

პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია (პოლ. Konstytucja Rzeczypospolitej Polskiej ან შემოკლებით Konstytucja RP) ― პოლონეთის რესპუბლიკის უზენაესი კანონი.

ამჟამინდელი კონსტიტუცია 1997 წლის 2 აპრილს იქნა რატიფიცირებული. კონსტიტუციას 1997 წლის კონსტიტუციად მოიხსენიებენ. მან 1992 წელს მიღებული მცირე კონსტიტუცია ჩაანაცვლა, რომელიც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის 1952 წლის კონსტიტუციის რევიზიას წარმოადგენდა. კონსტიტუცია 1997 წლის 2 აპრილს პოლონეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო. იმავე წლის 25 მაისს იგი ეროვნულ რეფერენდუმზეც დამტკიცდა, 16 ივლისს პოლონეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა და ოფიციალურად, 1997 წლის 17 ოქტომბრიდანაა ძალაში.

კონსტიტუციონალიზმის ისტორია

პოლონეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორია 1791 წლიდან იწყება, როდესაც ევროპაში პირველი კონსტიტუცია, პოლონეთ-ლიტვის ერთიანი სახელმწიფოს კონსტიტუცია მიიღეს. მიუხედავად გარკვეული თანამედროვე დემოკრატიული პრიციპებისა, მასში მრავლად იყო ფორმულირებული არადემოკრატიული იდეებიც, რაც ძირითადად ადამიანის უფლებებთან მიმართებაში გამოიხატებოდა. არ იყო აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობა, მიწათმფლობელები ინარჩუნებდნენ გარკვეულ პრივილეგიებს, კათოლიკეებს უპირატესობა ენიჭებოდათ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან მიმართებით და სხვ.

1793 წლის 23 ნოემბერს სეიმმა კიდევ ერთი კონსტიტუცია მიიღო, რომლის ინიციატორად ფეოდალთა ნაწილი გამოვიდა. ამ კონსტიტუციამ უმაღლეს ორგანოდ სეიმის მუდმივი კომიტეტი განსაზღვრა და ფეოდალებს ის პრივილეგიები დაუბრუნა, რომლებიც მათ წინა კონსტიტუციამ ჩამოართვა, თუმცა 1795 წელს ქვეყანა სამად გაიყო და პოლონეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

შემდგომ კონსტიტუციად ითვლება ე.წ. მცირე კონსტიტუცია, რომლის მიღება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული. იგი დამფუძნებელმა სეიმმა 1919 წლის თებერვალში მიიღო, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა სისტემას განსაზღვრავდა. ახალი კონსტიტუცია 1921 წლის 17 მარტით თარიღდება. ეს იყო დემოკრატიული ტიპის კონსტიტუცია და ითვალისწინებდა იმ დროისთვის აღიარებულ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს და სოციალურ გარანტიებს.

ქვეყანაში მთავრობის როლის გაძლიერების შემდეგ, 1935 წლის 23 აპრილს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიმაც ფაქტობრივად ავტორიტარულ რეჟიმი დააკანონა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შედეგად თავდაპირველად აღდგა 1921 წლის კონსტიტუცია მცირე გამონაკლისებით, ხოლო 1947 წლის თებერვალში უფლებათა და თავისუფლებათა დეკლარაცია და მეორე ე.წ. მცირე კონსტიტუცია (კონსტიტუციური კანონი პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოთა სტრუქტურისა და კომპეტენციის შესახებ) მიიღეს.

1952 წლის 22 ივლისს მიიღეს კიდევ ერთი საბჭოური კონსტიტუცია, რომელიც საბჭოთა კავშირის ე.წ. სტალინური კონსტიტუციის მაგალითზე იქნა აგებული. ახალი კონსტიტუცია მიიღეს 1976 წელს, რომელშიც 1980-იან წლებში ზოგიერთი დემოკრატიული ცვლილება შევიდა. 1989 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციის ახალი რედაქცია იქნა მიღებული. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა „სახალხო“. კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს 1990 წლის მარტსა და სექტემბერში, რომელიც ადგილობრივ ორგანოთა არჩევის წესსა და პრეზიდენტის სახალხო გზით არჩევის პრინციპს შეესაბამებოდა.

1992 წლის 23 აპრილს მიიღეს კონსტიტუციური კანონი „პოლონეთისრესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების წესის შესახებ“, რის საფუძველზეც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. პოლონეთის ე.წ. მცირე კონსტიტუცია 1992-1997 წლებში ქვეყნის მართვის სამართლებრივი საფუძველი იყო.[1] პოლონეთის მოქმედი კონსტიტუცია 1997 წლის 2 აპრილს მიიღეს.

კონსტიტუციის სტრუქტურა

პოლონეთის კონსტიტუცია 13 თავისა და 243 მუხლისგან შედგება.

  • თავი I — რესპუბლიკა
  • თავი II — ადამიანთა და მოქალაქეთა თავისუფლებები, უფლებები და ვალდებულებები
  • თავი III — სამართლის წყარო
  • თავი IV — სეიმი და სენატი
  • თავი V — პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
  • თავი VI — მინისტრთა საბჭო და მთავრობის ადმინისტრაცია
  • თავი VII — ადგილობრივი თვითმმართველობა
  • თავი VIII — სასამართლოები და ტრიბუნალები
  • თავი IX — სახელმწიფო კონტროლისა და უფლებათა დაცვის ორგანოები
  • თავი X — საჯარო ფინანსები
  • თავი XI — საგანგებო ღონისძიებები
  • თავი XII — კონსტიტუციის ცვლილება
  • თავი XIII — დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • გონაშვილი, ვ. (2008). საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები: ნაწილი II. კავშირი „იურისტები სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. თბილისი. გვ. 610-683.

დამატებითი საკითხავი

რესურსები ინტერნეტში

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო