კლიმენტი რომაელთან და ეგნატე ანტიოქიელთან ერთად პოლიკარპე მიჩნეულია მოციქულებრივ მამად. ევსები კესარიელის ცნობით, რამდენადაც ეგნატი ანტიოქიელს უშუალოდ ჰქონდა შეხება პოლიკარპესთან და იცნობდა, როგორც „მოციქულებრივ მამასა“ და ჭეშმარიტ მწყემსს, ამიტომაც ჩააბარა მას ანტიოქიის საეპისკოპოსო.
ჩვენამდე მოღწეულია პოლიკარპეს ერთადერთი წერილი: „ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე“, გადაწერილი ირინეოს ლიონელის მიერ, რომელშიც გარკვეული შეუსაბამობები შეინიშნება[4].
პოლიკარპეს შემოქმედებიდან მხოლოდ „ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეა“ შემორჩენილი. ვარაუდობენ, რომ პოლიკარპე უნდა ყოფილიყო არაერთი მსგავსი წერილის ავტორი[5]. ეპისტოლე დაწერილია 110 – 140[6] წლებს შორის, ბერძნულ ენაზე, თუმცა სრულად ლათინური თარგმანით მოაღწია ჩვენამდე[7]. ასევე, ამ ტექსტის გარკვეულ ციტირებებს ვხვდებით სირიულ ენაზე[8]. ტექსტის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ირინეოს ლიონელი[9].
ეგნატი ანტიოქიელის გარდაცვალების შემდეგ ფილიპელებმა სთხოვეს პოლიკარპეს, წაეკითხა მისი ნაწერები. როდესაც მან ეს სურვილი აასრულა, დაურთო საკუთარი წერილი ეგნატის ნაწერებს და ამ ფორმით უკან გაუგზავნა მათ. პოლიკარპეს ფილიპელებთან გაგზავნილი წერილი ძირითადად შეეხება ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების ზოგად წესს, მის მორალურ მხარეს, ვალდებულებებსა და სათნოებებს. ამასთან, ავტორი საუბრობს დოგმატურ საკითხებზეც, როგორებიცაა: ქრისტეს ხორციელი შობა, ჯვარცმა და აღდგომა.
↑ Timothy B. Sailors, "Quotations of Polycarp’s Letter to the Philippians Preserved in Syriac," The Harp: A Review of Syriac, Oriental and Ecumenical Studies 27 (2012) pp. 335-342
↑ James Stevenson, A new Eusebius (London: SPCK, 1965), p. 120