პაპუა-პეგუნუნგანიინდონ.Papua Pegunungan; ასევე ცნობილი როგორც მთიანეთის პაპუა) ― ინდონეზიის პროვინცია. მისი საზღვარი მიჰყვება ლანო-პაგოს, შემოკლებით ლა-პაგოს ტრადიციულ რეგიონს.[1] პროვინციის ფართობი 51 213.34 კმ²-ია. 2022 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 430 459 ადამიანს შეადგენს.[2]
XVII საუკუნის მეზღვაურის, იან კარსტენსზონის ჩანაწერებში კუნძულის შუა ნაწილში მაღალი, თოვლით დაფარული მთიანეთია აღნიშნული. მოგვიანებით მწვერვალს და ქედს სწორედ მისი სახელი ეწოდა.[4][5] ევროპელები ამ ტერიტორიებს ტერა ინკოგნიტა (უცნობი მიწა) უწოდებდნენ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს ტერიტორიები არ იყო გამოკვლეული და მისტიკურ ადგილებად ითვლებოდა. მთიანეთის პაპუის პროვინციის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები გარე სამყაროსთან კონტაქტზე მხოლოდ XX საუკუნეში გამოვიდნენ. პირველი კონტაქტი 1909 წელს ჰენდრიკუს ალბერტუს ლორენცის ექსპედიციის დროს შედგა. ექსპედიციის მიზანი ვილჰელმინას მწვერვალამდე (ამჟამინდელი ტრიკორის მწვერვალი) მისაღწევი გზის პოვნა იყო. მოგზაურობის დროს ექსპედიციის წევრებმა პესეჩემის ან პესეგემის ტომის სოფელში შეისვენეს. პირველ ექსპედიციას შემდეგსი პაპუის შიდა რეგიონების გამოსაკვლევად და აღსაწერად დე ბრუინის, ფრანსენ ჰენდერსხეს, კარელ დორმანისა და სხვების ექსპედიციები მოჰყვა.
1920 წელს ვან ოვერემისა და კრემერის ექსპედიციამ სვარტის ხეობა, დღევანდელი ტოლის ხეობა აღმოაჩინა ტოლიკარის სარეგენტოში, სადაც დანის ტომები ცხოვრობდნენ. ექსპედიციამ შემდეგში ჰაბემის ტბა აღმოაჩინა და ჩრდილოეთ მხრიდან ვილჰელმინას მწვერვალამდე მისასვლელი გზა აღმოაჩინა. 1938 წელს, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ექსპედიციამ, რომელსაც რიჩარდ არჩბოლდი ხელმძღვანელობდა, შემთხვევით აღმოაჩინა ბალიემის ხეობა, დანის ტომის მთავარი საცხოვრებელი ტერიტორია. ამ ექსპედიციაში ათეულობით ნიდერლანდელი ჯარისჯაცი და დაიაკები შედიოდნენ, რომელთაც ტვირთი გადაჰქონდათ. ნიდერლანდელებმა ბალიემის ხეობას დიდი ხეობა (Groote Vallei) უწოდეს.[4][6]
2011 წელს გამოცემულ წიგნში „შანგრი-ლაში დაკარგულები“ აღნიშნულია, რომ ეს რეგიონი რუკებზე მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ იყო დატანილი. რეგიონი მაღალი და ღრუბლიანი მთებით, გაუვალი ტყეებითა და მტრულად განწყობილი ტომებით გამოირჩეოდა. 1945 წლის 13 მაისს მთებში გერმანული თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამი ადამიანი გადაარჩინეს. გადარჩენილთა ისტორია მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.[7]
პოლიტიკა
მთავრობა
პროვინცია 1969 წლიდან 2002 წლის დეკემბრამდე არსებული ჯაიავიჯაიის სარეგენტოს ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვება.[8] კულტურულად, პაპუა-პეგუნუნგანი ლა-პაგოს ტრადიციულ რეგიონს მიჰყვება,[9] რომელიც ოკმეკმინის არაღიარებულ ტრადიციულ რეგიონსაც მოიცავს.[10]
ადმინისტრაციული დაყოფა
პაპუა-პეგუნუნგანი 8 სარეგენტოს (კაბუპატენი) მოიცავს. 2002 წლამდე დღევანდელი რვავე სარეგენტო უფრო დიდი ჯაიავიჯაიის სარეგენტოს შემადგენლობაში შედიოდა, რომლისგანაც 2002 წლის 11 დეკემბერს სამი სარეგენტო შეიქმნა: პეგუნუნგან-ბინტანგად (ბინტანგის მთები), ტოლიკარისა და იაჰუკიმოს. 2008 წლის 4 იანვარს ჯაიავიჯაიის სარეგენტოდან კიდევ ოთხი ახალი სარეგენტო შეიქმნა: ლანი-ჯაია, მამბერამო-ტენგაჰი (ცენტრალური მამბერამო), ნდუგა და იალიმო.