დაიბადა 1944 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში. საგზატკეცილო ველორბოლაში ვარჯიში 15 წლის ასაკში მწვრთნელ ჯონდო მეფისაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. სკოლის მოსწავლეებს შორის საგზატკეცილო ველორბოლაში საქართველოს თასის გათამაშებაში გამარჯვებით მწვრთნელ გურამ ჯოხაძის[4] ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თბილისში გადასვლა და საგზატკეცილოდან სატრეკო ველორბოლაზე გადართვა ურჩია.[2][კომ. 2]
პირველ დიდ წარმატებას ომარ ფხაკაძემ საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადაზე მიაღწია, როდესაც მოსკოვისა და ტულის სახელმოხვეჭილ სპრინტერებთან ჭიდილში გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.[2]
მომდევნო წლებში ომარ ფხაკაძემ კიდევ უფრო დიდ სარბიელზე მიაღწია წარმატებებს, — გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1965),[1][5][კომ. 3][6] ვერცხლის (1969)[7] და ბრინჯაოს პრიზიორი (1966),[8] XX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1972, მიუნხენი),[9] იყო XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო — მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო — IV ადგილი).
საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1963, 1964, 1966–1973), ორგზის მეორე (1965, 1967) და მესამე (1968) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი (1963–1965, 1969), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967).
საბჭოთა კავშირისა და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974–1993). საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986–1993).
მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია გიორგი შენგელაიას ქართულ მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის — ხარებას როლს.[2]
ომარ ფხაკაძე იყო პირველი ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ეს მოხდა 1965 წელს, სან-სებასტიანში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ.
1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ომარ ფხაკაძე საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[10]
↑სპრინტი ველოსპორტის უძველეს სახეობათაგანია. მსოფლიო პირველობა ვაჟთა შორის 1893 (ქალბატონები 1895), ოლიმპიური მედლები კი 1896 წლიდან თამაშდება (ქალბატონები 1988). ტრეკის სიგრძიდან გამომდინარე ორ ან სამ წრეზე იმართება. დიდ შეჯიბრებებზე ორი სპორტსმენი ეჯიბრება ერთმანეთს და გამარჯვებული ფინიშზე ორგზის პირველობით განისაზღვრება.
↑1965 წელს, როდესაც ომარ ფხაკაძე სატრეკო ველორბოლაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა გურამ ჯოხაძეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.
↑ომარ ფხაკაძე საბჭოთა ველოსპრინტის ისტორიაში პირველი იყო, ვინც პლანეტის უძლიერესი ველოსპრინტერის სახელი მოიპოვა, როდესაც 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს, საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელ ფრანგ დანიელ მორელონს (ფრანგ.Daniel Morelon) გადაუსწრო.