მიქაელ ტარივერდიევი დაიბადა თბილისში, მთაწმინდაზე, სომხურ ოჯახში. მამა სახელმწიფო ბანკის დირექტორი იყო და 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა.[3]
სწავლობდა თბილისის 42-ე საშუალო სკოლაში და თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში შ. მშველიძესთან კომპოზიციის კლასში. 16 წლისამ დაწერა ორაქტიანი ოპერა, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა. დედის სურვილით შევიდა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც წელიწადნახევარი ისწავლა. ამ პერიოდში სომხური ენაც კარგად შეისწავლა. 1953-57 წლებში მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალურ–პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა არამ ხაჩატურიანის კომპოზიციის კლასში. ახალგაზრდა კომპოზიტორის დებიუტი მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც მისი რომანსები ზარა დოლუხანოვამ შეასრულა.
მიქაელ ტარივერდიევი 132 კინო-მუსიკის ავტორია. ასევე შექმნილი აქვს 100 რომანსი, 5 ოპერა, 4 ბალეტი და მუსიკა ორღანისთვის. კომპოზიტორს პოპულარობა მოუტანა მუსიკამ კინოფილმებისთვის, განსაკუთრებით, ფილმებისთვის —„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.
კინოპრემია „ნიკას“ სამგზის და ამერიკის მუსიკის აკადემიის პრემიის ლაურეატი
ხსოვნა
მოსკოვში, უსიევიჩის ქ. №9 სახლზე, სადაც კომპოზიტორი ცხოვრობდა 30 წელიწადზე მეტი, დამონტაჟდა მემორიალური დაფა სამ ენოვანი (რუსული, სომხური და ქართული) წარწერით.
კომპოზიტორის სახელს ატარებს რუსეთში ერთადერთი ორღანისტების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 1999 წლიდან იმართება კალინინგრადში ორ წელიწადში ერთხელ.
ტარივერდიევის სახელობისაა მოსკოვში, ოჩაკოვოს მიკრორაიონში საბავშვო მუსიკალური სკოლა
1998 წელს დაწესდა მიქაელ ტარივერდიევის სახელობის პრემია საუკეთესო მუსიკისათვის რუსეთის ღია კინოფესტივალის, კინოტავრის კონკურსის ფარგლებში.