მესიე 110, აგრეთვე ცნობილი როგორც NGC 205 — ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა, ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი.[3] შეიცავს გარკვეული ოდენობის მტვერს, აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი, რაც როგორც წესი, ჯუჯა გალაქტიკებისათვის იშვიათი მოვლენაა.[3]
ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ ეს გალაქტიკა თავის ცნობილ კატალოგში შარლ მესიეს არასოდეს შეუტანია, პირველად იგი M32-თან ერთად მან გამოსახა, ანდრომედას გალაქტიკის ნახატზე. ნახატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ მესიეს NGC 205 პირველად 1773 წლის 10 აგვისტოს შეუნიშნავს.[4] 1783 წლის 27 აგვისტოს, გალაქტიკა მესიესგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა კაროლინ ჰერშელმა. მისი აღმოჩენა 1785 წელს მისმა ძმამ, უილიამ ჰერშელმა აღწერა.[4] მესიეს ობიექტთა სიაში გალაქტიკა 1967 წელს კენეთ გლინის შეთავაზების შედეგად შევიდა.[5]
ამ გალაქტიკაში დაფიქსირებულია რამდენიმე ახალი ვარსკვლავი (ნოვა), რომელთა შორის ერთ-ერთი 1999 წელს აღმოაჩინეს,[6] მეორე კი 2002 წელს; ამ ვარსკვლავს (EQ J004015.8+414420) იმავე წელს Sloan Digital Sky Survey-მ ფოტოც გადაუღო.[7]
M32-ისგან განსხვავებით, NGC 205-ის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობა არ შეინიშნება.[8]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო