კეჩკემეტი (უნგრ. Kecskemét) — ქალაქი ცენტრალურ უნგრეთში; ქვეყნის სიდიდით მერვე ქალაქი და ბაჩ-კიშკუნის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი.
კეჩკემეტი მდებარეობს დედაქალაქ ბუდაპეშტისა და უნგრეთის მესამე უდიდეს ქალაქის — სეგედის შუა მონაკვეთში; ორივე მათგანისგან დაშორებულია 86 კილომეტრით. ასევე თითქმის თანაბარი მანძილები აშორებს ქვეყნის ორ უდიდეს მდინარეს — დუნაისა და ტისას. სეგედთან ერთად წარმოადგენს სამხრეთის დიდი ვაკის ცენტრს.
სახელი მომდინარეობს უნგრული სიტყვა kecske-დან, რაც „თხას“ ნიშნავს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად არეალში აღმოჩენილი ადამიანთა კვალი ხუთი ათასი წლის წინანდელია.
გეოგრაფია
ქალაქი გაშენებულია ზღვის დონიდან 120 მეტრზე. მის დასავლეთით არსებული ტერიტორია დაფარულია ქვიშის დიუნებით. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში არსებული საძოვრები გამოილია; მზარდმა მეცხოველეობამ გაანადგურა მცენარეული საფარი და ქვიშის გადაადგილებამ ქალაქს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ნიადაგის საფარის განახლების მიზნით რგავენ ხეხილსა და ვაზს.
ქალაქის კლიმატი კონტინენტური მშრალია, ხანდახან უკიდურესად. ყველაზე თბილი თვის, ივლისის საშუალო ტემპერატურა 20,9 °C-ია, ყველაზე ცივის, იანვრის კი −1,9 °C.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ Mától Szemereyné Pataki Klaudia Kecskemét polgármestere — 2014.
- ↑ Kecskemét települési választás eredményei — National Election Office, 2014.
- ↑ Kecskemét települési választás eredményei — National Election Office.