იაკი (ლათ. Bos Poephagus grunniens) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. გარეული იაკი შემორჩენილია ტიბეტის მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბლისფერია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური იაკი გარეულზე პატარაა. ხარის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, - 105-120 სმ, 270-300 კგ. იაკი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხოველთა 30% ურქოა. იაკს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში - ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით იაკი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).
ზოგიერთი ხალხი (აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და სხვა) დღესაც იყენებენ ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. შემდგომ ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.
გამრავლება
იაკებს, გამრავლების სეზონი როგორც წესი ივლისიდან სექტემბრამდე აქვთ. ორსულობა კი დაახლოებით 270 დღე გრძელდება. მაისიდან ივნისამდე იბადებიან პატარები, ძირითადად ერთი ხბო. მდედრი მშობიარობისთვის იზოლირებულ ტერიტორიას პოულობს, სადაც პატარას აჩენს. ხბო დაახლოებით 10 წუთში უკვე მყარად დგას ფეხზე და წყვილი მალევე უბრუნდება ჯოგს. გარეული და შინაური იაკებიც წელიწადში ერთხელ მშბიარობენ, კარგი გარემო პირობების და საკმაო რაოდენობის საკვების ქონის შემთხვევაში, შესაძლოა უფრო სწრაფი გამრავლებაც. ხბოები ერთი წლის ასაკში ანებებენ რძის ჭამას თავს და ხდებიან დამოუკიდებლები. ველური იაკის ნაშიერები, ყავისფერი შეფერილობისანი არიან და მხოლოდ მოზრდილ ასაკში უმუქდებათ და უგრძელდებათ ბეწვი. მდედრები როგორც წესი 3-4 წლის ასაკში აჩენენ პირველად, თუმცა 6 წელი მათი განვითარების პიკია. ტყვეობაში დაახლოებით 25 წელი შეუძლიათ სიცოცხლე, ბუნებაში ეს ასაკი რთული მისაღწევია. საინტერესოა, რომ ხანდახან გარეულები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს მოშინაურებულ იაკებს, თუმცა ადამიანის დანახვისთანავე გარბიან, ზოგადად მათთან კონტაქტს ერიდებიან.
გავრცელება
ტიბეტის პლატო — ჩინეთის, ინდოეთისა და ნეპალის ფარგლებში.
საკვები
ბალახი, ხავსი, მცენარეულობა.
კონსერვაციული სტატუსი
დღეისთვის ბუნებაში მცირე რაოდენობის გარეული იაკია დარჩენილი. შეტანილია IUCN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.
ლიტერატურა