ზედაზენი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საგურამოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1178 მ. აგებულია მეოტურ-პონტური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებისა და თიხების შუაშრეებით. კალთები დამრეცია, მცირედ დანაწევრებული. შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებული რცხილა-წიფლისა და წიფლის ტყეებით. ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე მდებარეობს ზედაზნის მონასტერი.[1]
ზედაზნის მთა წარმართულ ხანაში წარმოადგენდა იბერიის ერთ-ერთ მთავარს საკულტო ადგილს, სადაც აღმართული იყო ზადენის კერპი და ციხე, რომლებიც ფარნაჯომმა დადგა ძვ. წ. II საუკუნეში. მთის სახელწოდება ზადენის კერპისგან მომდინარეობს, მისი წინა სახელწოდება კი კუხეთის მთა უნდა ყოფილიყო.[2]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ ზედაზნის მონასტერი
- ↑ მერკვილაძე, დ. „ზედაზნის მონასტრის დაარსების ისტორიის და მისი სახელწოდების შესახებ“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 68-76 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008