ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი (დ. 18 აპრილი, 1991, გორი, საქართველო) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით კატეგორიაში.[1] გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლიდან.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (55 კგ).
2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.
2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.
2016 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ვასილ ბალახაძის წიგნი „ვლადიმერ ხინჩეგაშვილი“.
2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა მისი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მიერ დაარსებულ გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლას.[2] ამავე წლის 30 ივლისს არაოფიციალურად დასახელდა გორის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში. შედეგად, აგვისტოში პარტიის ადგილობრივ ოფისში დაადასტურეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ხინჩეგაშვილის მიერ ჭიდაობის სკოლის მენეჯერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ.[3] 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ხმების 52,9% მიიღო და პირველივე ტურით გახდა გორის მუნიციპალიტეტის მერი.[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო